დავით გარეჯი - პოლიტიკური ამბიციის პოლიგონი

დავით გარეჯი - პოლიტიკური ამბიციის პოლიგონი

გრძელდება სასამართლო დავა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა“ და  თავდაცვის სამინისტროს შორის დავით გარეჯის სამხედრო (საარტილერიო) პოლიგონის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჯერ ვერდიქტი არ გამოუტანია, თავდაცვის სამინისტრომ სროლები შეწყვიტა. როგორც ჩანს, ასეთი იყო უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება.

იურიდიული რეალობა პოლიტიკურ ვითარებას ყოველთვის არ განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ედუარდ შევარდნაძემ მიიჩნია, რომ მდგომარეობის გამწვავება მას სიკეთეს არ მოუტანდა და სამხედროებს წვრთნათა „დროებითი“ შეწყვეტა უბრძანა.

ვარდიკო ნადიბაიძე პოლიტიკური პროცესის ნიუანსებში ნაკლებად ერკვევა, არც ილია ჭავჭავაძის თხზულებებს იცნობს სათანადოდ, ამდენად ასეთ გადაწყვეტილებას თავად არ მიიღებდა.

სამაგიეროდ, მან არცთუ ორაზროვნად გამოხატა უკმაყოფილება სროლების შეწყვეტის გამო და ყულევში გამართული სამხედრო წვრთნის შემდეგ პირდაპირ განაცხადა: სწავლება კიდევ უფრო წარმატებული იქნებოდა, საარტილერიო სროლების ჩატარების საშუალება რომ გვქონოდაო (იგულისხმება კვლავ დავით გარეჯის პოლიგონი). სხვა ამგვარი „ასპარეზი“ საქართველოში, როგორც ჩანს, მართლაც არ არსებობს ან ყოველ შემთხვევაში, მილიონობით ლარის დანახარჯს მოითხოვს. თავდაცვის მინისტრს კი საკუთარი ხელქვეითები ხელფასების გაუცემლობისათვის ლანძღავენ.

აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების განწყობაში ამ საკითხთან მიმართებით არანაირი ცვლილება არ შეიმჩნევა. 1988-89 წლებთან შედარებით ეს ორგანიზაცია ისე ირჯება, თითქოს კვლავ „რუსის ჯარს“ ედავებოდეს. არადა, მაშინ ბევრი ხვდებოდა (ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ), რომ „დავით გარეჯი“ ეროვნული მოძრაობისათვის დიდწილად საბაბი იყო იმპერიასთან დასაპირისპირებლად.

რასაკვირველია, შოვინისტი რუსი ოფიცრების ხელში უნიკალური სამონასტრო კომპლექსის დატოვება მას უდიდეს საფრთხეს უქმნიდა. ერთი-ორჯერ „ქართველ ნაციონალისტებზე“ განაწყენებულმა „საბჭოთა“ არტილერისტებმა მართლაც შეატრიალეს ქვემეხები და ლამის დაანგრიეს დავით-გარეჯი. იმ დროს ეროვნული მოძრაობის აღშფოთება ყოველმხრივ გამართლებული იყო. მაგრამ ამჟამად „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ საქმე აქვს არა „რუსეთის ჯართან“, არამედ საქართველოს ეროვნულ არმიასთან.

მართალია, ამ არმიას „რუსეთუმე“ მინისტრი ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს მაინც ქართული ჯარია, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველებისაგან შედგება. ამას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ რაღაც მნიშვნელობა მაინც რომ აქვს - უდავოა.

რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ იმის შესახებ, გააჩნია თუ არა თავდაცვის სამინისტროს საჭირო სახსრები პოლიგონის სხვა ტერიტორიაზე გადასატანად (თვით პოლიგონის აუცილებლობას არავინ უარყოფს), მაინც უეჭველად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ედუარდ შევარდნაძეს და ვარდიკო ნადიბაიძეს წინასწარგანზრახულად სურთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის განადგურება(?).

რამდენად სამართლიანია ამგვარი დასკვნა - მკითხველმა განსაჯოს. ყოველ შემთხვევაში, ჭავჭავაძის საზოგადოების სარჩელი ლოგიკურად ამას ნიშნავს.

საქართველოში კუთხე არ მოიძებნება, ეკლესია-მონასტრები არ იყოს. საარტილერიო სროლებს კი ოცი-ოცდაათი კვადრატული კილომეტრი ნებისმიერ შემთხვევაში ესაჭიროება. მაშასადამე, სჯობს საერთოდ ვთქვათ უარი არტილერიაზე, როგორც ჯარის „მავნე“ სახეობაზე, ოღონდ ომის შემთხვევაში ქართველ არტილერისტთა უმეცრება და არაპროფესიონალიზმი ვარდიკო ნადიბაიძეს დავაბრალოთ, როგორც კრემლის აგენტსა და „ქართული ენის არმცოდნე“ „სალდაფონს“.