"არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ!"

რედაქციაში სამეგრელოში დაღუპული ჟურნალისტის, დათო ბოლქვაძის დედა გვეწვია და გვთხოვა მისთვის მოგვესმინა.

"რაც დრო გადის, უფრო მეტად ვფიქრობ საკუთარ თავზე, ვინ ვიქნები თუნდაც 5 წლის შემდეგ და საერთოდ რას გავაკეთებ. ან, თუ გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ძალიან მეყვარება და მის გარეშე ცხოვრებას ფასი არ ექნება. ყველაზე საშინელია ის, რომ ამდენი წელია ჩემში დასადგურებული ბურუსი და ცივი, ნელი, ჩუმი, წვიმიანი განწყობაა და არ ვიცი, როგორ შევცვალო იგი. ხშირად თავი სულ მარტო მგონია და ალბათ, ასეც არის, რაც ყველაზე მთავარია, ვერ დავდგი მყარად ფეხი და ვერ ვისწავლე დაჯერებული სიარული. ამდენი ხანია (21 წლის ვარ) სულ ცაში დავფრინავ..."

დათო ბოლქვაძის დღიურებიდან

"სიცოცხლეში არ დამავიწყდება იმ ბიჭის გამწარებული ხმა: "ჟურნალისტი ვარ, არ მესროლოთ!.."”

გელა ქაცარავა

"ამერიკული სააგენტო - მსოფლიოს სატელევიზიო ახალი ამბების ხელმძღვანელობა ნახულობდა ყველა იმ მასალას, რომელსაც საქართველოს ტელევიზია ცხელ წერტილებში იღებდა, როდესაც დათოს აფხაზეთის ომში (1993 წლის ივნისი-ივლისი) გადაღებული ვიდეომასალები ნახეს, სააგენტოს ხელმძღვანელობამ ის ყველაზე გამორჩეულად ჩათვალა - აი, ეს არის საველე ჟურნალისტიკაო, - უთქვამს კიდეც ერთ-ერთს. მალე დათოს დაურეკეს და  ჭთN ს ამიერკავკასიის ბიუროში თანამშრომლობა შესთავაზეს. 1993 წლის 28 ოქტომბერს ამიერკავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა ნიკა კვიჟინაძემ და მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა გლენ ბრიანსკიმ დათო დასავლეთ საქართველოში წაიყვანეს. მისი პირველი დავალება სამოქალაქო ომის გაშუქება იყო, რეპორტაჟების მომზადების ნებართვა აღებული ჰქონდათ როგორც ედუარდ შევარდნაძისგან, ისე ზვიად გამსახურდიასგან, რომელიც იმ დროისთვის ზუგდიდში იმყოფებოდა. ქალაქ ხობის შესასვლელთან მათ შემთხვევით შეხვდათ "როიტერის" ჟურნალისტი დათო ჩხიკვიშვილი. არ გირჩევთ ქალაქში შესვლას, ლოთი ქობალიას ნაწილები იერიშზე გადმოდიანო, - გააფრთხილა კოლეგები, თუმცა ჭთN -ის ჟურნალისტები 28 ოქტომბერს, 10 საათზე, ხობში მაინც შევიდნენ. მოგვიანებით ბრიანსკი და კვიჟინაძე სენაკისკენ წამოვიდნენ მანქანით, რათა მასალები "გადმოეგორებინათ". დათო კი მოედანზე დარჩა. სწორედ ამ დროს გადაიღო ტანკები წარწერით "აფსნი" და იქვე მდგარი ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკები...

თამარ ბოლქვაძე, დათო ბოლქვაძის და

"ჩემს კორპუსთან ორი ნაძვი დგას,  ფანჯრიდან ნაძვებს შორის ვიყურებოდი. გზაზე უამრავი ხალხი ირეოდა, დავინახე, თეთრი, გრძელი უცხოური მანქანა გაჩერდა. იქიდან წვეროსანი, მაღალი, სამხედროფორმიანი კაცი კოჭლობით გადმოვიდა. იქ მოყვანილ სამ ტყვეს მიუახლოვდა და ვიდეოკამერიანს უთხრა, - ორჯერ გაგიშვი და მესამედ აღარ მოგითმენ, კიდევ საქურდავად მოხვედიო? - კამერიანმა პასუხად საბუთი ამოიღო - საერთაშორისო ჟურნალისტი ვარო, - იძახდა (ის ბიჭი იმ დილით მეც მყავდა ნანახი, რაიკავშირის ბინებთან ვიდეოკამერით რაღაცას იღებდა). დავინახე, როგორ  ცდილობდნენ კამერის წართმევას.  ქობალიამ მას მუცლის არეში ესროლა, შემდეგ რამდენჯერმე გულმკერდის არეში, ის ბიჭი გულაღმა დავარდა და აღარც განძრეულა.

როდესაც ქობალია ჟურნალისტს ხვრეტდა, დანარჩენი ორი ტყვე (ონანაშვილი და ბალალაშვილი) საშინლად ბღაოდნენ, ქობალიამ შემდეგ ის ორიც დახოცა, როდესაც ლოთი მანქანაში ჯდებოდა, მეგრულად დაიყვირა, - ხელი არ ახლოთ, ღორებმა შეჭამონო... ქობალიას წასვლის შემდეგ ხალხი ამბობდა, - კინორეჟისორი ბოჭორიშვილი მოკლესო. სინამდვილეში ის ბიჭი დათო ბოლქვაძე ყოფილა. თვალები მე თვითონ დავუხუჭე. ის ორი ბიჭიც იქვე იწვა სისხლიან გუბეში.

თვითმხილველ ეთერ ბიწაძის ჩვენებიდან

"გრიგალისებური სროლების გამო ქალაქში შესვლა ვეღარ შევძელით. ხობის გარეუბანში ველოდით დათო ბოლქვაძეს. ვფიქრობდი, - აუ, რა ექსკლუზიურ მასალას გაინაღდებს დათო, ნეტა, მე შემეღწია ხობში-მეთქი. გლებ ბრიანსკი ქალაქში შექმნილი სიტუაციის გამო დათოზე ძალიან ნერვიულობდა. ამ დროს უცხოური მანქანით მოგვადგნენ ლოთი ქობალია და მისი მეომრები, რამდენიმე ჩეჩენსაც მოვკარი თვალი. გადმოცვივდნენ მანქანებიდან, უშვერი სიტყვებით გვეცნენ და ხელები შეგვიკრეს. როდესაც გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, - აყვირდნენ, - ესენიც დავხოცოთ. ხუნტის ტელევიზიის იმ ჟურნალისტის დამქაშები იქნებიანო. სიტყვები, "ესენიც დავხოცოთ!" - ავად მენიშნა. ცივმა ოფლმა დამასხა. მივხვდი, რომ დათო მოკლეს. არადა, მეც მეორე არხის მოწმობა მედო ჯიბეში. ქობალიას ერთი წითური დაბალი კაცი ახლდა, რომელიც სისასტიკით გამოირჩეოდა.

მას ჩემს საფეთქელზე ჰქონდა რევოლვერის ლულა მობჯენილი და ლოთის  ეკითხებოდა, - "მოვკლა, ლოთი, მოვკლა?" მივხვდი, თუ ტელევიზიის მოწმობას ვაჩვენებდი, დათოსავით მომკლავდნენ და გლენს ინგლისურად დავუწყე ლაპარაკი. იმ კაცს კი ვუთხარი, - მოსკოველი ჟურნალისტი ვარ, ეს უცხოელი ზვიად გამსახურდიასთან ინტერვიუსთვის ჩამოვიყვანე, ზუგდიდში მივდიოდით-მეთქი, თან გლენს ინგლისურად ვუთხარი, რუსულად დაელაპარაკე, ამასობაში მოწმობას შარვალში ჩავიცურებ-მეთქი. ღმერთს ვევედრებოდი, მოწმობა მიწაზე არ დამვარდნოდა, ბედად - ფეხსაცმელში ჩამიცურდა და მეც შვებით ამოვისუნთქე. გლენის მანქანის საჭესთან ვიღაც დასვეს და ზუგდიდში წაგვიყვანეს. იქ უკვე მათი ჯარისკაცებისგან შევიტყვეთ, რომ ხობში ხუნტის ჟურნალისტი მოკლეს.

ზუგდიდში ზვიად გამსახურდია დაგვპირდა, მანქანას დაგიბრუნებენო, მაგრამ არ დაუბრუნებიათ. მანქანას აღარ ვჩიოდით - სასწრაფოდ ჩამოვედით ხობში, მივედით საავადმყოფოში, რომლის ეზოშიც ხობელებმა დახვრეტილი ბიჭები დამარხეს. ექიმმა დათოს სახელდახელო საფლავი მაჩვენა, ძალიან შეძრწუნებული იყო მომხდარით".

დათო ჩხიკვიშვილი", „როიტერის" ჟურნალისტი

"დათოს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ტელეარხმა გაავრცელა. 2 ნოემბერს მეორე არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბიჭი ბიწაძე და ჩვენი ნათესავი ხობში ჩავიდნენ. თუმცა ისინი ქალაქში არ შეუშვეს, იქ გაჩაღებული ბრძოლების გამო. მეორე დღეს სამთავრობო ჯარებს შეჰყვნენ ქალაქში, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს იმ ადგილს, სადაც დათო იყო დასაფლავებული (საფლავი მოსწორებული იყო, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ეშინოდა, - ლოთი ქობალიას არ გაეგო, რომ ისინი დამარხეს). როგორც ხობიდან დაბრუნებულები იხსენებდნენ, - მათ ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდათ, რომ დახვრეტილი ბიჭი დათო არ იქნებოდა. საფლავში დათო ფეხშიშველი იწვა. გარდაცვლილისთვის ვიღაცას ბათინკები გაეხადა...

ჩემი ძმა 9 ნოემბერს სიონის ეკლესიიდან გამოვასვენეთ. პანაშვიდი თავად პატრიარქმა გადაუხადა.

12 ნოემბერს მამა და ბიძები ხობში ჩავიდნენ მკვლელის ვინაობის დასაზუსტებლად. მამაჩემი დადიოდა ხობში და ყველას ეკითხებოდა, - ხომ არ იცით რამე, ან ხომ არ შესწრებიხართ ამ ამბავსო. დაახლოებით 50-მდე მცხოვრები ადასტურებდა, რომ ეს ლოთი ქობალიას ჩადენილი იყო. მამას სთხოვდნენ, - არ გაემჟღავნებინა ისინი - "ლოთის ხალხი ტყეშია გასული და დაწიოკება არ აგვცდებაო".

თამარ ბოლქვაძე

ლოთი ქობალია 1994 წელს დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

მისი საქმის გამოძიება ორი წელი გრძელდებოდა. სასამართლო პროცესი 1996 წლის 13 თებერვალს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გრძელდებოდა.

"გამოძიების დასრულებისას გენერალური პროკურატურის მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ელდარ თოფჩიევმა დამიბარა და  როგორც დაზარალებულს, საქმის მასალები გამაცნო. მაშინ ვნახე ის ექვსი ტყვია, რომელიც დათოს სხეულიდან იყო ამოღებული. სულ 12 ტყვია ჰქონდა ჩემს შვილს ნასროლი. საქმეში დართული იყო სურათიც, ჩემს დათოს ღვიძლი და ფილტვი გაგლეჯილი ჰქონდა. სულ დაცხრილული იყო ჩემი ბიჭი. რა დააშავა ასეთი უიარაღო ჟურნალისტმა... სასამართლო პროცესზე ჩვენს საქმეზე უამრავი მოწმე დაიკითხა. მახსოვს, დიდი იკარუსით ჩამოიყვანეს (ქობალიამ დათო სახალხოდ დახვრიტა და ამ ამბავს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა). მოგვდიოდა ხმები, რომ ქობალიას მეგობრები თუ ოჯახის წევრები მოწმეებს საშინლად ატერორებდნენ და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების შეცვლას სთხოვდნენ. მახსოვს, ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, ნატო შენგელია (ლოთი ქობალიას გვარდიის მედდა) გადატანილი სტრესის გამო სასამართლოზე ხმას ვერ იღებდა და ამიტომაც მუნჯი მოწმე შეარქვეს. ბოლოს, მოსამართლეს  ფურცელი მიაწოდა, სადაც ეწერა: "აქ არიან და მომკლავენო". როგორც მერე გავიგე, ნატო შენგელიას დარბაზში შესვლისას უთხრეს, - თუ ჩვენებას შეცვლი, ხომ კარგი, თუ იმავეს იტყვი, ქუჩაშივე გაგათავებთო.

დათოს მკვლელობაში ლოთი ქობალიას ხელს მისი გვარდიის წევრი გელა ქაცარავაც ადებდა, რომელიც ამ ამბის თვითმხილველი იყო. Mმისი ოჯახი ისეთ ტერორში ჰყავდათ, რომ დედამისი იძულებული გახდა, შვილი სვანეთში გაეხიზნა; ამიტომ მის სასამართლო პროცესზე გამოჩენას არავინ ელოდა. ჩვენების მიცემის დროს ქაცარავა პირზე დაადგა ლოთის, - შენ არ ესროლე პირველი ტყვია?!.. შენ არ ესროლე?! მახსოვს, ამ სიტყვებით გამწარებულმა ქობალიამ მაჯიდან საათი მოიხსნა, მოწმეს ესროლა და მეგრულად დაამატა: -”სი ხოლო, თი ღეჯებცალო დორყვილუნქ, ქუმაცალი მა (იმ ღორებივით დაგკლავ!.. მაცალე!). მეგრელები მიყვარს და  ენაც ვიცი, წამოვხტი და მოსამართლეს ლოთის ნათქვამი ვუთარგმნე. ქობალიას ეს სიტყვები, ფაქტობრივად, მკვლელობის აღიარებას ნიშნავდა. მოსამართლემ იგივე უთხრა ლოთის. სასამართლო პროცესს ზვიადის ხელისუფლების მხარდამჭერი ქალები ესწრებოდნენ, ერთ-ერთმა "კარვის”ქალმა" წამოიყვირა: - უჯინ თე ოსურს, მარგალურ ხოლო ქონოჩქვენია”- უყურეთ ამ ქალს, მეგრულიც სცოდნიაო.

დათოზე ცილისმწამებლური კამპანია მაშინ აგორდა, როდესაც ლოთი ქობალიას უთხრეს, რომ უიარაღო ჟურნალისტის დახვრეტა სიკვდილით დასჯას უქადდა. მას შემდეგ ლოთი ქობალიას ახლობლები ცდილობდნენ, შეეთხზათ დათო ბოლქვაძის მკვლელობის გამამართლებელი ბრალდებები, ასეთად სვეტლანა ბუსკანძის საქმე აღმოჩნდა. 1993 წლის 29 ოქტომბერს მის საცხოვრებელ სახლს ხობში თავს დაესხა სამი შეიარაღებული პიროვნება, წაიღეს ყველაფერი, რაც ოჯახს გააჩნდა და თან გაიყოლეს ავტომანქანა "ჟიგული". სვეტლანა ბუსკანძემ ყაჩაღობის შესახებ პოლიციაში 24 ნოემბერს განაცხადა. ამბობდა, თავდამსხმელთაგან ორი 16-17 წლისანი იყვნენ, ერთი კი დაახლოებით 35 წლის, მაღალი, შავი, სომეხი ეროვნების, ოღონდ ქართულად ლაპარაკობდნენო. სვეტლანა ბუსკანძემ უზენაეს სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ამბობდა, - 1993 წლის 27 ოქტომბერს ჩემი სახლი ბოლქვაძემ და მისმა მეგობრებმა გაძარცვესო. ბოლოს, დადგინდა, რომ ბუსკანძის სახლში ყაჩაღობა მოხდა 29 ოქტომბერს, როდესაც ჩემი შვილი უკვე დახვრეტილი იყო, დათოს მორიგი "ბრალდება" მაროდიორობა იყო, რაც ასევე არ დადასტურდა.

როდესაც მოსამართლე ლოთი ქობალიას  სასიკვდილო განაჩენს კითხულობდა, დარბაზში ვერ გავჩერდი და გარეთ გამოვედი, მე არ მახარებდა ქობალიას სიკვდილით დასჯა. ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო და... როდესაც პროკურორმა ზვიად ძიძიგურსა და ბოკუჩავაზე (მათ ლოთისთან ერთად ასამართლებდნენ) სიკვდილით დასჯა მოითხოვა, წამოვდექი და ვუთხარი, - ესენი ძალიან ახალგაზრდები არიან და მათ მაინც ნუ დასჯით, შვილმკვდარი დედა გეუბნებით ამას-მეთქი..."

ლია ისიანი-ბოლქვაძე, დათოს დედა

ლოთი ქობალია 2004 წელს შეიწყალეს. მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დათოზე კვლავ აგორდა ცილისმწამებლური  ტალღა. ასე გრძელდება დროდადრო. 2009 წელს ჟურნალისტთა კორპუსმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა და მოითხოვა, შეწყვეტილიყო ცილისმწამებლური კამპანია დათო ბოლქვაძის მიმართ. მაშინ ამ წერილს ასობით ჟურნალისტი აწერდა ხელს...”

"ლოთი ქობალია ციხეში რომ იჯდა, იქიდანაც ახერხებდა მოწმეების დატერორებას და გარეთ გამოსული რას იზამს... ჩემი შვილის მკვლელობის თვითმხილველები ჯერ მაშინ იყვნენ შავ დღეში... დათოს დახვრეტიდან 18 წელია გასული. ახლა შეიძლება ლოთიმ არარსებული მოწმეებიც მოიყვანოს. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მოწმემ, რომლებიც თავის დროზე დათოს მკვლელობაში ლოთის სდებდნენ ბრალს, ახლა ჩვენებები გადათქვა".

ლია ისიანი-ბოლქვაძე

ლოთი ქობალია ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობას დღემდე არ აღიარებს (თუმცა ერთ-ერთ თავის ჩვენებაში აღნიშნავს, - ჟურნალისტი მე არ დამიხვრეტია, კი ვნახე ერთი ქერათმიანი ბიჭი, წართმეულ ვიდეოკამერას მთხოვდა, მაგრამ ხელი არ მიხლია. მეორე დღეს ზუგდიდში შემხვდა) და ამ საქმეზე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახი ამის წინააღმდეგია.