სამაჩაბლო დამცველს ელის

სამაჩაბლო დამცველს ელის

ოთხშაბათს გორში გაიმართა ქართულ –ოსური შერეული კომისიის სხდომა, რომელიც ქართული მხარის სამართლიანი პრესინგის  პირობებში მიმდინარეობდა. უპირველეს ყოვლისა, თბილისის დელეგაცია არ დაეთანხმა შეხვედრაზე ჩრდილო ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოწვევას (სამშვიდობო ძალთა შტაბის გარდა).

ამასთანავე, ოსური მხარის ყოველგვარი მცდელობა, როგორმე თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა ბოლო დროს გახშირებული კრიმინალური თავხედობებისა და ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დაწიოკების გამო, აგრეთვე, საკმაოდ მკვახე რეაქციას აწყდებოდა.

ცოტა არ იყოს, უცნაურია ოსი სეპარატისტების სურვილი, ყოველივე „ჩვეულებრივი კრიმინალით“ გაამართლოს და საქართველოსაც კი დააკისროს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც თავად აპროტესტებს მცირერიცხოვანი საპოლიციო პოსტების დაწესებას ქართულ სოფლებთან. თანაც, დიდი ოსტატობითაც დემაგოგობს, რომ ისინი, თურმე, „ფულს იღებენ“. იღებენ თუ არ იღებენ – ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ მოსახლეობას რომ დაცვა სჭირდება – ფაქტია. სხვაგვარი ჯარი და სხვაგვარი პოლიცია კი ქვეყანას არა ჰყავს. არა მგონია, თვითონ ოსი პოლიციელები სრული უმწიკვლობით გამოირჩეოდნენ.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხინვალელი კრიმინალები, რომლებიც ოფიციალურ სტრუქტურათაგან დიდად არ განსხვავდებიან (და პირიქით), რეგულარულად ესხმიან თავს ქართველ მოსახლეობას, იტაცებენ ადამიანებს, საქონელს, ავტომანქანებს, ძარცვავენ სოფლებს. თანაც, არა მხოლოდ საკუთრივ ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე, არამედ შიდა ქართლის სხვა (მოსაზღვრე) რაიონებში.

ოსური ხელისუფლება თავს იმით იმართლებდა, რომ „ეს ჩვეულებრივი კრიმინალია და თბილისი ნუ ცდილობს, მას სპოლიტიკური ელფერი შესძინოს“. არადა, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი საერთაშორისო ვალდებულება და მრავალი პრობლემა რომ არა, ამ არგუმენტით პასუხისმგებლობას ოსი სეპარატისტები ვერ დაუძვრებოდნენ.

მაგალითად, ზუსტად ამ არგუმენტით იმართლებდა თავს ჩეჩნეთის ხელისუფლება, რომელიც ომის შემდეგ ვერ აკონტროლებდა ვითარებას თავის ტერიტორიაზე და არ შეეძლო, აღეკვეთა ასეულობით ათასი შეიარაღებული პირის თარეში. რუსეთმა ეს საბაბად გამოიყენა და ჩეჩნეთში მეორე ომი გააჩაღა. საბედნიეროდ, საქართველო იმავეს არ აპირებს, მაგრამ ოსურ მხარეს აგრძნობინებს, რომ თავისუფალი მოქმედების სივრცე შეზღუდული ექნება.

გუშინდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო სამშვიდობო ძალთა სარდლის კანდიდატურის დამტკიცება. ეს რეგულარულად ხდებოდა 11 წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ქართული მხარის თანხმობით. ამ პოსტზე პრეტენზია აქვს გენერალ სვიატესლავ ნაბდზოროვს (ეროვნებით ნახევრად ოსს), რომელიც მოსკოვმა თავისი რეალური პრიორიტეტის დასადასტურებლად გამოაგზავნა რეგიონში.

მისი რამდენიმე წინამორბედი ქართული დელეგაციის მოთხოვნით გაიწვიეს საქართველოდან. გენერალ ნაბდზოროვს ბრალად ედება სამშვიდობოთათვის დაკისრებული მისიის არასაკმარისად და უგერგილოდ შესრულება. მართლაც, სოფელ თამარაშენში ქართული ოჯახის ამოწყვეტამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსი, ეგრეთ წოდებული, მშვიდობისმყოფელები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ და ადგილობრივ მოსახლეობას არ იცავენ.

აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსხვავებით აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო ოპერაციისაგან, ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ოპერაცია იმთავითვე გულისხმობდა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას ყოველგვარი ძალადობისგან, ანუ გენერალი ნაბდზოროვი ვერ იტყვის, რომ „ეს მისი საქმე არ არის“ - როგორც ენგურის აუზში მყოფი რუსული კონტინგენტის სარდლობა აცხადებს.

1992 წლის ივნისში დაგომისში ხელი მოეწერა რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას, რომელსაც შეუერთდნენ სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები. იგი ითვალისწინებდა სამმხრივი სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანას რეგიონში.

იგულისხმებოდა რუსეთის სადესანტო ბატალიონი (ბუნებრივია, ყველა თვალსაზრისით, სამშვიდობო ჯართა ბირთვი), ქართული გვარდიის ქვედანაყოფი და ჩრდილო ოსეთის „შინაგან ჯართა“ ასეული, რომელსაც შეუერთდნენ, აგრეთვე, ადგილობრივი ოსური შენაერთები (იგივე სეპარატისტები).

საბედნიეროდ, კონფლიქტის დროს სეპარატისტებმა ვერ შეძლეს (როგორც სოხუმსა და მთელ აფხაზეთში), თავიანთი მიწიდან აეყარათ ქართველი მოსახლეობა, ანუ ქართულ სოფლებში „ოსური იურისდიქცია“ ვერ ვრცელდება.

ქართული შენაერთის ყოფნა რეგიონში საქართველოს ინტერესთა დაცვის საშუალებას ქმნის და, ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ყველაზე უკეთ მომზადებული შენაერთი სწორედ ამ რეგიონში გაგზავნილიყო.

ამგვარი საშიშროება ცხინვალის მთავრობამ უმალვე იგრძნო და შარშანვე ატეხა ისტერიკა – საქართველოს ხელისუფლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით მომზადებული ბატალიონის „ირისტონში“ შემოყვანას აპირებსო.

თუმცა, ეს არც დღეს არის გვიან – რაკი „სამშვიდობოები“ ქართველ მოსახლეობას არ იცავენ – ქართულ არმიაში სხვა ბატალიონებიც მოიძევება – ამერიკელთა დახმარებით შექმნილის გარდა.