ლეგენდარულმა ბრიჟიტ ბარდომ თბილისის მერს ღია წერილი გამოუგზავნა, - B.B. უგულავას უპასუხისმგებლობასა და ქუჩის ძაღლების მიმართ გულგრილობაში სდებს ბრალს. ამასთან, ურჩევს, რომ საქმე, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები ვერ ართმევენ თავს, არასამთავრობო სექტორს გადაულოცოს. მოკლედ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ძაღლს მეძაღლემ მიხედოსო, შეახსენა ფრანგული კინოს ლეგენდამ ჩვენს ქალაქისთავს, გიგი უგულავას.
"მსურს გამოვხატო ღრმა შეშფოთება თბილისში მოხეტიალე ცხოველების თაობაზე. დედაქალაქში ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება. მათი მასობრივი ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა ზედმეტი პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება ისე, რომ მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ასე რომ, უშედეგოა და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ცხოველთა პოპულაციის მართვის საშუალებას, როგორც ეს დადასტურდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში...
მტკიცედ ვგმობ ამ სასტიკ და ამავე დროს არაეფექტურ პრაქტიკას და მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ დიალოგი პროფესიონალებთან, რათა განისაზღვროს თბილისში მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილიზებული და მდგრადი პროგრამა", - ნათქვამია წერილში.
ფრანგი ცხოველთა დამცველი უგულავას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს მოხეტიალე ცხოველების ხოცვა; გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი; დაინერგოს ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა.
ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ბარდოს ამ წერილსაც ისევე უყურადღებოდ დატოვებს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველების რეკომენდაციებსა თუ მოთხოვნებს. საზოგადოებას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ძაღლის კი არა, ადამიანის უფლებებიც არაფრად უღირს.
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე თბილისის მერიას ბარბაროსობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისის მერიამ 70000-ზე მეტი ცხოველის ლიკვიდირებისთვის 2.800.000 ლარი გამოყო. ოპოზიციური პარტიები კი მერიას ამ თანხის არამიზნობრივ გამოყენებასა და განიავებაში ადანაშაულებენ.
ბრიჟიტ ბარდოს წერილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილსაც გადაეგზავნა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს(?!). არადა, გვაინტერესებს, ექნება თუ არა საკრებულოს რეაგირება ლეგენდარული ბარდოს წერილზე.
თბილისის საკრებულოს კულუარებში ხუმრობენ, ხელისუფლება, ალბათ, უკრაინული "ფემინას" აქტივისტების რჩევებს უფრო გაითვალისწინებდა, თუ "შიშველ" საპროტესტო აქციას ცხოველთა დასაცავად თბილისის მერიის ან ავლაბრის რეზიდენციის წინ მოაწყობდნენო. ხუმრობა იქით იყოს და, პოპულარული კინომსახიობის "ბრიჟიტ ბარდოს ფონდის" სახელს უკავშირდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცხოველთა კეთილდღეობისთვის განხორციელებული ჰუმანური პროგრამები.
წერილს ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი მოქალაქე ასე გამოეხმაურა: "მახსოვს, ერთხელ ღამით ჩემს ქალბატონს (ძაღლს ვგულისხმობ, თუმცა ასე არასდროს მოვიხსენიებ, მეხამუშება) ვასეირნებდი. შორიახლოს გერმანული "ავჩარკა" დავინახე, ზრდასრული, საკმაოდ დიდი ხვადი, თუმცა მოუვლელობა აშკარად ეტყობოდა, როგორც ჩანს, ვიღაც არაკაცმა გამოაგდო სახლიდან. არასდროს დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები. ვიგრძენი, რომ პატრონი, სახლი და სითბო ენატრებოდა. საშინელებაა, როგორ უნდა გაიმეტო ქუჩისთვის?! ეს იგივეა, ოჯახის წევრი გააგდო სახლიდან! ძალიან შემეცოდა,”უნდა გენახათ, როგორი თვალებით გვიყურებდა მე და ჩემს "გოგოს". წარმოიდგინეთ, ჯერ არაადამიანმა სახლიდან გამოაგდო და შემდეგ ვიღაც ულმობელი ძაღლების დამჭერ მანქანას გამოიძახებს, დაიჭერენ რკინის მაშებით, წაიყვანენ და წამებით მოკლავენ. ნახეთ, ინტერნეტი სავსეა ასეთი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალით. ნახეთ, როგორ იჭერენ და ხოცავენ უპატრონო ძაღლებს თბილისში. უგულავას კი ძაღლები კი არა, ადამიანებიც არ უყვარს.სამწუხაროდ, ის ძაღლი მეორე
დღეს ვეღარ ვიპოვე. არადა, ვიპოვე ადამიანი, ვინც სიამოვნებით აიყვანდა".