ოთხშაბათს, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა თბილისში ორი აქცია მოაწყვეს. პირველის ორგანიზატორი „მრგვალი მაგიდა“ იყო. მეორესი კი „ზვიად განმათავისუფლებელი“. „მრგვალი მაგიდის“ სპიკერის, თენგიზ კიკაჩეიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი აქციის მთავარი მიზანია საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ცნობილი დეკემბერ-იანვრის მოვლენებისადმი. კიკაჩეიშვილი მოითხოვს ამ მოვლენათა შეფასებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ „მრგვალი მაგიდა“ ამჟამინდელი პარლამენტისაგან სამხედრო გადატრიალების დაგმობას მოითხოვს, ძალზე მრავლისმეტყველია.
წმინდა პოლიტიკური ლოგიკით, დღევანდელ პარლამენტს ნამდვილად არ აქვს უფლება, შეაფასოს (მით უმეტეს დაგმოს) სამხედრო გადატრიალება, ვინაიდან თავად არის იმ ხელისუფლების მემკვიდრე, რომელიც ზვიად გამსახურდიას გაძევების შემდეგ დამყარდა საქართველოში. როგორც ჩანს, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ამ გზით, ქარაგმულად ადასტურებს გადასვლას „შეურიგებელი ოპოზიციიდან“ - არსებულ პოლიტიკურ სპექტრში. იგი სწორედ ამით განსხვავდება იმავე ლეილა ცომაიასაგან, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა „მართლმორწმუნეობა“.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეთა მოძრაობას ერთი უცნაურობა ახასიათებს - თითქოსდა. ამ მოძრაობას კარგა ხნის წინათ უნდა დაეკარგა ყოველგვარი გავლენა, თითქოს ისეთივე ადგილი უნდა დაეკავებინა პოლიტიკურ სპექტრში, როგორც (ვთქვათ) რუსეთში ბარკაშოვს უკავია, ანუ უკიდურესი მარჯვენა სეგმენტი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივაც უცნაური აღმოჩნდა და თამამად შეიძლება ითქვას, საკაცობრიო მნიშვნელობის პრეცედენტს ქმნის: სამოქალაქო ომში დამარცხებული პარტია, რომლის ლიდერი დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა, რომელსაც ახალი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს (თენგიზ კიკაჩეიშვილი, მანანა არჩვაძე ან ლეილა ცომაია სათვალავში ჩასაგდებნი არ არიან) და რომელიც დაშლილ-დაქუცმაცებულია რამოდენიმე მოქიშპე პარტიად - მაინც ინარჩუნებს ისეთ გავლენას საზოგადოებრივ ცნობიერებასა და პროცესებზეც, რომ ხელისუფლება, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს.
მაგალითად, ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილება სიკვდილმისჯილი „ზვიადისტების“ შეწყალების შესახებ სწორედ ამ უცნაურობასთან არის დაკავშირებული. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, თითქოს პრეზიდენტს თვით კიკაჩეიშვილი ან ცომაია მიაჩნია ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად, მაგრამ მას ნამდვილად მიაჩნია ანგარიშგასაწევად ის იდეა, რომლის მატარებლებიც „ზვიადისტები“ არიან. ვგულისხმობ, ამ იდეის ზეგავლენას საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.
თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ეს ტენდენცია შევარდნაძის საგარეო პოლიტიკაშიც ამჟღავნებს თავს: „ჩეჩნეთთან დამეგობრებით“ და ასლან მასხადოვის საქართველოში მოწვევით იგი კვლავ და კვლავ „ხარკს“ უხდის საზოგადოებაში არსებულ განწყობას, რომელიც პირველი პრეზიდენტის პოლიტიკას უკავშირდება. რა თქმა უნდა, შევარდნაძე მასხადოვს არ მოიწვევდა, ეს რომ რაიმე თვალსაზრისით საზიანო ყოფილიყო (ანუ სასარგებლო არ იყოს) მისი პოლიტიკისათვის, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილის განწყობას, რომელიც დღევანდელ პრეზიდენტს „ჩეჩნეთთან დაახლოებას“ არ უწონებს, შევარდნაძე „აწონასწორებს“ საპირისპირო განწყობითა და საპირისპირო სტერეოტიპებით, რომელთა პროპაგანდასაც ე.წ. „ზვიადისტები“ ეწევიან დღემდე.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, ერთი მიმართულებაა ამჟამინდელ საზოგადოებრივ ვითარებაზე მათი ზემოქმედებისა. თუ ედუარდ შევარდნაძე ახერხებს „მხედრიონის“ (როგორც საზოგადოებრივი მოვლენისა და ფენომენის) დისკრედიტაციას, ამაში დიდწილად ის სტერეოტიპები ეხმარება, რომელთაც 1992 წლის 7 იანვრის შემდეგ მოსულ ხელისუფლებასთან საერთო არაფერი აქვთ და ბოლო დრომდე მხოლოდ წარსულში მოიაზრებოდნენ.
კიდევ ერთი მაგალითი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდებოდა ისეთი კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც „ცენტრს“ საშუალებას მისცემდა, მტკიცედ გაეკონტროლებინა პროცესები „ადგილებზე“. პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობისას საინტერესო დისკუსია გაიმართა გამგებლის „არჩევითობისა“ და „დანიშვნითობის“ მომხრეებს შორის. პირველნი მეორეთ ბრალად სდებდნენ და ახსენებდნენ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს დაკავებულ პოზიციას, როდესაც ამჟამინდელი „მოწინააღმდეგენი“ უკლებლივ არჩევითობის „მომხრენი“ იყვნენ და რაიონის ხელმძღვანელის დანიშვნას პრეზიდენტის მიერ - „დიქტატურის“ გამოვლინებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ოპოზიცია დღეს უკვე ვეღარ აცნობიერებს. რომ ამ არგუმენტით („შენ ხომ მაშინ არჩევას უჭერდი მხარს“) იგი კი არ ასუსტებს ხელისუფლების პოზიციას, პირიქით აძლიერებს, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში იგი იძენს იმ არგუმენტაციას, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრენი დღემდე სამართლიანად მიიჩნევენ.
ნებისმიერი აქცია, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელდება „საპარლამენტო“ თუ „გარესაპარლამენტო“ ოპოზიციის მხრიდან, უმალვე იქნება დისკრედიტირებული „ზვიადისტების“ მიერ. საქართველოში ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. თანაც, ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის ერთ-ერთი თავისებურება ისიც არის, რომ პოლიტიკოსი პოზიციას ადვილად ვერ შეიცვლის თუ ადრე სხვა პოზიციას უჭერდა მხარს. შევარდნაძის ბევრ დღევანდელ მოწინააღმდეგეთ ყოველთვის შეახსენებენ: „თქვენ არ იყავით, მაშინ რომ მხარს უჭერდით. თქვენ არ ჩამოიყვანეთ?“ მათი გაოპოზიციონერება პირად განაწყენებას დაუკავშირდება და არა პოლიტიკურ მრწამსს ან შეხედულებათა შეცვლას. ეს კიდევ (ასე ვთქვათ) „ზვიადისტური სტერეოტიპია“, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ხელისუფლების პოზიციებს. ამიტომ იმ მოღვაწეებმა, რომლებიც 1992-95 წლებში აქტიურად უჭერდნენ მხარს შევარდნაძეს, ხოლო დღეს ოპოზიციაში ჩაუდგნენ მმართველ ძალას - უნდა გაიგონ, რომ ამით ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ პერსპექტივას კარგავენ.
ქართული მენტალიტეტი მაქსიმალისტური და უკომპრომისოა, სამოქალაქო ომი ქართულ ცნობიერებაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სამოქალაქო ომი კი არ სცნობს საშუალო პოზიციას, ამიტომ გუშინდელი თავგადაკლული „მომხრენი“, რომლებიც დღეს „ოპოზიციონერები“ გახდნენ, ამით ღამურის მსგავსად ორივე მხრიდან საძულველნი გახდებიან.
ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი ამ უცნაურობას კარგად ამჩნევს. ამიტომაც ცდილობენ „ზვიადისტებთან“ დაახლოებას, მათ მიმხრობას, ერთიანი ბლოკის შექმნას, დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასებაში მათთან კონსენსუსის მიღწევას და ა.შ. მაგრამ ეს შეუძლებელია.
ზემოთქმულიდან ორი ძირითადი დასკვნა გამომდინარეობს: უპირველეს ყოვლისა, დღევანდელ ხელისუფლებას „ზვიადისტური სტერეოტიპები“ და ზოგადად „ზვიადიზმი“ არათუ ასუსტებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ეხმარება და აძლიერებს. მეორე: სრულიად შემთხვევით, პოლიტიკის კანონებიდან და ტექნოლოგიიდან გამმომდინარე, თენგიზ კიკაჩეიშვილისა და „ზვიადისტური“ მოძრაობის სხვა ლიდერებს ისეთი ფართო შესაძლებლობა მიეცათ, რომ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში ძალიან ბევრს შეიძლება მიაღწიონ. რამდენად შეძლებენ ამას (მათი ჭკუისა და უნარის გათვალისწინებით), სხვა საკითხია.