ბოლო დროს, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კვალობაზე, სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენელი საოცარ განცხადებებს აკეთებს ჩრდილოეთ ოსეთთან საბაჟოს გახსნის თაობაზე. იმასაც კი ამტკიცებენ, თითქოს, თბილისში ყოფნისას ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ძასოხოვმა თანხმობა განაცხადა, გახსნილიყო ასეთი საბაჟო ჩრდილოეთ ოსეთიდან შემომავალი ტვირთების გასაკონტროლებლად.
ეს იმას ნიშნავს, რომ როკის გვირაბთან შეიქმნება ნორმალური საბაჟო პუნქტი, ანუ შეწყდება ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ნგრევა დემპინგური და კონტრაბანდული ჩანჩქერით, რომელიც ჩრდილოეთიდან, ცხინვალისა და ერგნეთის გავლით, საქართველოში მოედინება. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო დუმაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ანატოლი ჩეხოევმა უმალვე უარყო ეს ინფორმაცია. მისი თქმით, ლაპარაკიც ზედმეტია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რაიმე საბაჟოს გახსნაზე, ხოლო თუ ქართველებს სურთ საბაჟოს გახსნა, შეუძლიათ გახსნან სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე, თანაც, სამშვიდობო ჯარების მოქმედების ზონის მიღმა.
გაუგებარია, რას ველოდით სხვას? რომ ოსი სეპარატისტები ნებაყოფლობით დაგვთანხმდებიან თავიანთი „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ საზღვრის დაცვაზე. კი მაგრამ, რატომ, რა აიძულებთ ამის გაკეთებას?
ძასოხოვის განცხადებას რაც შეეხება, აშკარაა, რომ ეს დიპლომატიური ნაბიჯი იყო. მე შენ გეტყვი და, ძველი გაიძვერა ვერ იტყვის: „მე კი თანახმა ვარ, მაგრამ ჯერ სამხრეთ ოსებს მოველაპარაკოთო?“
ერთი სიტყვით, არავითარი ქართული საბაჟო როკის გვირაბთან არ გაიხსნება მანამ, ვიდრე ამ ტერიტორიაზე სრულად არ აღდგება თბილისის იურისდიქცია. ამის განხორციელება კი მხოლოდ ომით არის შესაძლებელი, რისთვისაც არც ვითარებაა მზად და არც თვით საქართველო – არც ერთი თვალსაზრისით.
ზემოხსენებულმა ანტიქართველმა ჩეხოევმა რამდენიმე თვის წინ მეტად ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იცავს რუსეთის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ სამხრეთ ოსეთზე ტრანზიტად გამავალი „იგივე კონტრაბანდული“ საქონელი ასუსტებს საქართველოს ეკონომიკას და არ აძლევს საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ბიუჯეტი და მთლიანობაში ძაბავს ვითარებას თბილისში“.
ჩვენ კი როკის გვირაბთან „ქართულ-ოსურ“ საბაჟოზე ვსაუბრობთ! შარშან თბილისში ჩრდილოეთ ოსეთის მებაჟეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსულ საბაჟოზე (ქვემო ზარამაგსა და ზემო ლარსში) მსახურობენ.
ჩვენს კითხვაზე: „როკის გვირაბთან ერთობლივი საბაჟოს გახსნაზე რას იტყვითო“, რესპონდენტმა მხრები აიჩეჩა: „როკის გვირაბს ორივე მხრიდან ჩვენ (ოსები) ვაკონტროლებთ და თქვენ (ქართველები), საერთოდ, რა შუაში ხართო“.
ზემოთქმულიდან სულაც არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ „ხელები უნდა ჩამოვუშვათ“. ომისა და უბედურების გარდა, ზემოქმედების სხვა ხერხებიც არსებობს, რათა ვაიძულოთ მეორე მხრივ, დაეთანხმოს „ერთობლივი საბაჟოს“ გახსნას, მაგრამ საამისოდ ძალზე სარისკო და მტკივნეული ნაბიჯებია გადასადგმელი. უპირველესად, უნდა შეფერხდეს „სამხრეთ ოსეთის“ გავლით კონტრაბანდული ტვირთის მოძრაობა, დაიხუროს, ეგრეთ წოდებული, „ერგნეთის ბაზრობა“, ხოლო ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოტანილი ნებისმიერი ტვირთი ჩაითვალოს კონტრაბანდად. ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, ვინაიდან კონტრაბანდის გადამზიდი ქართველი მძღოლები დემაგოგიურად განაცხადებენ (ახლაც აცხადებენ), „სამხრეთ ოსეთი“ ხომ საქართველოს ტერიტორიაა და საქონელი საზღვარგარეთიდან არ შემოგვიტანიაო. თითქოს არ იციან, რომ როკის გვირაბს, ანუ რუსეთთან საზღვრის მონაკვეთს საქართველო ვერ აკონტროლებს. ამიტომ, შეიძლება, კანონით შეიქმნას „მოძრავი საბაჟო“ და პარალელურად, ბევრად გამკაცრდეს სასჯელი ნებისმიერი ოდენობის კონტრაბანდისთვის. ისე, რომ ერგნეთიდან საქონლის წამოღება წამგებიანი და საშიში გახდეს. აუცილებელია ყველა შემოვლითი გზის გაკონტროლება, - თუნდაც, გზების გადახვნა, მათი დანაღმვა, საფარების მოწყობა და ასე შემდეგ.
რასაკვირველია, ოსები დაინტერესებულნი არიან, რომ ჩრდილოეთიდან (ცხინვალის გავლით) საქონელი საქართველოში მოედინებოდეს, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების შედეგად ეს ნაკადი შეწყდება ან მნიშვნელოვნად შემცირდება, ოსური მხარე თავად შემოგვთავაზებს როკთან ქართველი მეთვალყურეების განთავსებას იმ პირობით, რომ შემოსავლის ნახევარი ცხინვალში დარჩეს, რაც სავსებით მისაღებია.