Soft Machine-მა ყურადღება ფლეიტაზეც გაამახვილა და საყოველთაო აღიარებით ალბომი Third ჯგუფის ყველაზე „გაფრენილ“ ალბომად იქცა, სადაც ვირტუოზობა და ფსიქოდელიური ფონი მელოდიურობასთან საკვირველად ლამაზად იყო შეზავებული.
რობერტ ვაიატის ვოკალი ერთადერთ კომპოზიციაში იყო წარმოდგენილი. სამაგიეროდ დრამერი ჰამონდ ორგანითაც ხშირად სარგებლობდა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა ჯგუფის კლავიშურ ჟღერადობას.
ორდისკიანი ალბომი სულ ოთხი კომპოზიციისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეულს დისკის მთლიანი გვერდი ეკავა. სცენაზე კი თითოეული მათგანი ზოგჯერ 30 წუთზე მეტ ხანსაც კი გრძელდებოდა.
2007 წელს გამოსული საკონცერტო ბონუს CD საუკეთესო ამსახველია ამ პერიოდის Soft Machine-სა, მაიკ რეტლიჯის თქმით მზად რომ იყო დღე და ღამე დაეკრა შესვენების გარეშე: „თანამედროვე ჯგუფების შემყურე, რომლებმაც ლამისაა სცენაზე დაიძინონ, მიკვირს რა ენერგია გაგვაჩნდა ჩვენ, მზად რომ ვიყავით სცენიდან საერთოდ არ გავსულიყავით“.
შესაძლოა ამას მომავალში კეთილი სამსახური არ გაუწევია ჯგუფისათვის, რადგან სცენური ფსიქოდელია მუსიკოსებს ცხოვრებაშიც გადაჰქონდათ, რაც აისახებოდა მათ ქცევასა და ჯანმრთელობაზე.
1973 წლის 1 ივნისს, დევიდ ალენის მეუღლის - „Mothergong“ ჯილაი სმიტის დაბადების დღეზე დრამერი რობერტ ვაიატი მეოთხე სართულიდან გადავარდა, წელს ქვემოთ მგრძნობიარობა დაკარგა და დღემდე ინვალიდის ეტლით გამოდის ხოლმე სცენაზე, თანაც ბუნებრივია, რომ უკვე არა დრამერის ფუნქციით...
რობერტ ვაიატს ამ ტრაგიკულ ამბამდე ჰქონდა მიტოვებული Soft Machine, ხოლო მის ადგილზე კი ჯონ მარშალი უკრავდა.
ალბომ Third -ის შემადგენლობიდან ელტონ დინი და ჰიუ ჰოპერი ამქვეყნად აღარ არიან. მათ რიცხვს კი შარშან თებერვალში კევინ აიერსიც შეემატა.
მაიკ რეტლიჯი თავდაპირველ Soft Machine -ს ყველაზე დიდხანს - 1976 წლამდე გაჰყვა. შემდეგ მან თითქოს სოლო მოღვაწეობას მიჰყო ხელი, საიდანაც საინტერესო ბევრი არაფერი გამოსვლია.
რამდენიმე კინოფილმის გახმოვანების შემდეგ, 1995 წლიდან მოყოლებული, Soft Machine -ის წარსულში ულევი ენერგიით აღსავსე განუმეორებელი პიანისტი, პრაქტიკულად „პენსიაზე“ იმყოფება.
მეშვიდე ალბომის ჩათვლით, ყოველ შემდგომ ნამუშევარში, Soft Machine -ს თავდაპირველი „ველური“ ჟღერადობა თანდათანობით აკლდებოდა და ჯგუფიც ჰკარგავდა პირვანდელ განუმეორებელ ელფერს. რა თქმა უნდა ამას 1960-ების ფსიქოდელიური ხანისაგან დაშორებაც განაპირობებდა, რაც გაცილებით უმტკივნეულოდ, მაგალითად Pink Floyd -მა დაძლია Saucerful Of Secrets-ის საყოველთაო ფსიქოდელიური ეპოქიდან Dark Side Of The Moon-ის „საკუთარ ფსიქოდელიაში“ გადასვლით.
1973 წლის მეექვსე ალბომის შემდეგ, ჰიუ ჰოპერი როი ბაბინგტონმა შეცვალა, რომელიც ერთი წლით ადრე მოსულ კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელ კარლ ჯენკინსთან ერთად, ექსპერიმენტული Nucleus-ის კიდევ ერთ წარმმართველ ძალად იქცა Soft Machine-ში.
1975 წლის ალბომი Bundles, კოლექტივში უმნიშვნელოვანესი მოვლენით - ელექტრო გიტარის გამოჩენით აღინიშნა. არჩევანი დიდებული იყო, რადგან იმ პერიოდში ალან ჰოლდსუორთს ფიუჟენ გიტარაში პოპულარობით სტივ ჰილიჯი თუ გაეჯიბრებოდა.
ჰოლდსუორთმა, როგორც გიტარისტმა გაამართლა, მაგრამ Soft Machine ჯონ მაკლაფლინის Mahavishnu Orchestra-ს დიდი ხნით ადრე გაკვალულ გზას დაადგა და თვითმყოფადობა დაკარგა. მეტიც, სულ მალე, გიტარისტ ჯონ ეტრიჯის გამოჩენის შემდეგ, Soft Machine მომენტებში ჟან მიშელ ჟარეს რეპერტუარსაც კი მოგვაგონებდა, რაც კენტერბერული სცენის ტრადიციების დავიწყებას მოასწავებდა.
1981 წელს Land of Cockayne-ში, ალბომ Softs-ის გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ, ჯგუფს მხოლოდ 2 მუსიკოსი კარლ ჯენკინსი და ჯონ მარშალი განასახიერებდა. მოწვეულ მუსიკოსთა შორის კი ჯეკ ბრიუსი და ალან ჰოლდსუორთი იყვნენ. ალბომი სასიამოვნო მოსასმენი გამოდგა, მაგრამ რა შუაში იყო Soft Machine, რომლის პირვანდელ წევრთაგან არვინ იმყოფებოდა შემადგენლობაში?
კოლექტივი ახალი სახელწოდებით Soft Machine Legacy 2004 წლიდან კვლავ შეუდგა აქტიურ მოღვაწეობას, გააცოცხლა რა კენტერბერული ფსიქოდელიური ჯაზ როკი ბრიტანულ მუსიკალურ სცენაზე.
საწყისი პერიოდის მუსიკოსებმა ელტონ დინმა და ჰიუ ჰოპერმა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე დაჰყვეს კოლექტივში. ჰიუ ჰოპერი გარდაცვალების შემდეგ, კვლავ როი ბაბინგტონმა შეცვალა, ელტონ დინის ადგილი კი მესამე თაობის დიდებულმა საქსოფონისტმა - დევიდ ალენის Gong-სა და Tangent-ში გამობრძმედილმა ტეო ტრევისმა დაიკავა.
დანარჩენი მუსიკოსები დრამერი ჯონ მარშალი და ელექტროგიტარისტი ჯონ ეტრიჯი არიან. 2013 წლის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Burden Of Proof საკმაოდ დახვეწილი გამოდგა და ჯაზ როკის მოყვარულებმაც ფსიქოდელიის საკმაო დოზებით განზავებული შესანიშნავი კენტერბერული საჩუქარი მიიღეს.
რაც მთავარია, მუსიკოსებმა შეძლეს იმ უხილავი ძაფის პოვნა, რამაც კენტერბერული ჯაზ როკი როგორც ჟღერადობით, ასევე იდეურად, ძველთან კავშირში სუპერთანამედროვე ფენომენად წარმოაჩინა.
ჯგუფის ხელწერისათვის დამახასიათებელ არაჩვეულებრივ სიმძაფრეს, დღევანდელი აპარატურის სიმძლავრე, სიმძიმეს მატებს. ეს კი ჯაზისთვის ფაქტობრივად „მეტალის“ ტოლფასია.
ამასთან ერთად, შენარჩუნებულია კომპოზიციური სიმწიფე, რის დეფიციტსაც დღესდღეობით წარსულის არაერთი გამოჩენილი როკ შემსრულებელი განიცდის.
კომპოზიციური სიმწიფე არც ჩვენს მიერ ზემოთნახსენები კიდევ ერთ კენტერბერულ გრანდ Caravan-ს აკლდა, რომელმაც ალბომი Paradise Filter 2013 წელს, ათწლიანი სტუდიური პაუზის შემდეგ გამოსცა.
როგორც აქამდე აღვნიშნეთ, Caravan, Soft Machine-თან ერთად, The Wilde Flowers-ის ნიადაგზე აეწყო, კენტერბერული სცენის პიონერად იქცა და სადებიუტო ალბომი 1968 წელს ჩაწერა.
ალბომის არქაული ჟღერადობა, რომლის მონო ვერსიაც უკეთ ისმინება, ხასიათით ალბათ უფრო Pink Floyd-ისა და Deep Purple-ს სადებიუტო ალბომებს მოგვაგონებს, თუმც იკვეთება ჯგუფისთვის მომავალში დამახასიათებელი „ფარული ჯაზ როკის“ ტენდენციები, უმსუბუქესი და შემპარავი ფსიქოდელიის ფონზე, რაც ბოლომდე გაყვა Caravan-ს და ვერც 2013 წელს ჯგუფის უცვლელ წევრ რიჩარდ კოლანის გარდაცვალებამ შეაჩერა, რადგან Paradise Filter ჯგუფმა უკვე ახალ დრამერთან ერთად ჩაწერა...
(გარძელება იქნება)