შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.
მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრეს.
კონფერენციაში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მაღალი დონის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა და გაძლიერება. იგი უმთავრესად არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრის მართვის ხელშეწყობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული მეთოდების შემუშავებაზეა ორიენტირებული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა.