სომხეთში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა

სომხეთში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა

გრიგოლ ვაშაძესგან განსხვავებით, დიმიტრი შაშკინს აშკარად გაუმართლა. მასთან დაკავშირებით ანტიქართულად განწყობილ სომეხ პოლიტიკოსებს ისტერიკები არ დაუმართიათ.

სომხური მედია სიამაყით იუწყება, რომ ერევნის უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრა გაიხსნა.

ქართველოლოგიის კათედრა ჩვენმა დიმიტრი შაშკინმა და მისმა სომეხმა კოლეგამ არმენ აშოტიანმა გახსნეს. გახსნას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სანდრო კვიტაშვილიც  დაესწრო. მან ახალგახსნილ კათედრას ქართული სახელმძღვანელოები გადასცა.

გადაწყდა, რომ ეს კათედრა მჭიდროდ ითანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ შაშკინი და აშოტიანიც.

ქართველოლოგიის კათედრის გახსნის ამბავი შირაკ ტოროსიანმაც გაიგო. ანტიქართულად განწყობილი ტოროსიანი კიდევ ერთხელ აღშფოთდა. მისი თქმით, იმ დროს, როცა ერევანში ქართველოლოგიის კათედრა იხსნება, საქართველოში სომხურ სკოლებს ხურავენ.