ენგურჰესს აკოტრებენ?

ენგურჰესს აკოტრებენ?

ქართული ენერგეტიკის ფლაგმანი – შ.პ.ს. ენგურჰესი, რომლის ხვედრითი წილი საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 60-70 %-ია, ყოველთვის მომგებიან, რენტაბელურ საწარმოდ ითვლებოდა.

ბოლო 3-4 წელია, ენგურჰესი ვალებში იხრჩობა – როგორც ამბობენ, ამის მიზეზი გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის მექანიკურად განახევრებაა. გავრცელებული ვერსიით, ახლახან საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმდა ხელშეკრულება 38,97 მილიონი ლარის გადახდაზე 2026 წლამდე, რაც სესხის პროცენტთან ერთად 50,1 მილიონ ლარზე მეტია. მას ემატება რესტრუქტურიზებული დავალიანება - 10,8 მილიონი ლარი, ჯამში კი გადასახდელი თანხა 70,3 მილიონ ლარს აჭარბებს.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, რომლითაც საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს უფლება აქვს, საბაზრო ფასებით ააფასოს გადამხდელის ქონება, რომლითაც დღეს არსებული 1,5 მილიონი ლარის ნაცვლად შეიძლება ამ საწარმოს 10 მილიონზე მეტის გადახდა დაეკისროს, რაც გაკოტრების პირამდე მიიყვანს ენგურჰესს.

მოქმედი კანონმდებლობით, სა­წარმოს დირექტორი ვალდებულია, გადახდის უუნარობის შემთხვევაში, განაცხადოს ამის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

დიდი ხანია, ენგურჰესზე თვალი უჭირავთ - სურთ მისი შესყიდვა. არც ჩვენი ხელისუფლებაა წინააღმდეგი ენგურჰესის გასხვისებისა და გაყიდვისა, მაგრამ ყოველივე ამის გაკეთება ისე უნდათ, რომ ხალხის რისხვა აიცდინონ. ამიტომ საუკეთესო გზა გაკოტრებაა, რაც ენგურჰესის გაყიდვის საშუალებას იძლევა.

აბა, როგორ შეიძლება, ამ გიგანტ საწარმოს სახელმწიფოს 70 მილიონი ლარი ემართოს.გარდა ამისა, ყოველდღე უარესდება ენგურჰესის თანამშრომელთა პირობები. ენგურჰესის ტერიტორიაზე ყოველთვის ჭირდა შესვლა-გასვლა, მაგრამ მსგავსი პრობლემები თანამშრომელთათვის არ არსებობდა. ამ ბოლო პერიოდში ჩაიკეტა ფახულანისა და მუჟავის გადასასვლელები. აფხაზური მხარე ითხოვს ჰესის თანამშრომლების გადაადგილებას მხოლოდ ერთი - ცენტრალური გზით. ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მოტივით ენგურჰესის 10-მდე თანამშრომელი იქნა დაკავებული და 1000 ლარით დაჯარიმებული. ხშირია ხელფასების დაგვიანების შემთხვევებიც.