გიორგი სანაიას მკვლელობა ჯერ კიდევ გაუხსნელია

გიორგი სანაიას მკვლელობა ჯერ კიდევ გაუხსნელია

საქართველოში ყველაზე საყვარელი ტელეჟურნალისტის, გიორგი სანაიას ბურუსით მოცული მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. 2001 წლის 26 ივლისს გიორგი თავის ბინაში მოკლული იპოვეს. დანაშაული ძალოვნებმა გახსნილად მალე გამოაცხადეს და მკვლელობაში ბრალდებულიც პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ წლების შემდეგაც საზოგადოებას ისევ ის კითხვა აწუხებს, რომელიც მკვლელობის დღეებში დაისვა – ვინ და რატომ მოკლა გიორგი სანაია. არავის სჯერა იმ ვერსიის, რომელიც სამართალდამცველებმა ოფიციალურად გაავრცელეს. ხალხის უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტი პოლიტიკური "შავი" საქმეების მსხვერპლია.

წელსაც, 26 ივლისს, გიორგის საფლავთან ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. მშობლებს, ნაზი და ვახტანგ სანაიებს, შვილზე წარსულში საუბარი დღესაც უმძიმთ.

- ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით ჩემი მშობლებისთვის ამ დღის მოახლოება. ისინი სხვანაირები ხდებიან. ჩვენ, ყველას, ისევ ძველებურად გვტკივა გიორგი, შეიძლება უფრო მეტადაც. არაფერი შეცვლილა. ის სულ ჩვენს გულშია, – გვითხრა გიორგის მომდევნო ძმამ, გელა სანაიამ.

გიორგისა და გელას ნაბოლარა ძმა, ვახო სანაია, დღეს ასევე პოპულარული ტელეჟურნალისტია, რომელიც პოლიტიკის სფეროში მუშაობს. ოჯახისა და საზოგადოების აზრს გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ იგი ახმოვანებს:

- ადრეც ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვამბობ, ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. ამაში დარწმუნებული არიან ჩემი ოჯახის წევრები და საზოგადოების უმრავლესობა. სამწუხაროდ, მკვლელობა დღესაც გაუხსნელია. გახსნას ვერ ვუწოდებ იმას, რაც მაშინ გამოძიებამ ოფიციალურად გამოაცხადა. მკვლელობის შემკვეთი და ძალიან ბევრი დეტალი ამ საქმეში დამახინჯებულია, აბსოლუტურად დადგმული სპექტაკლია. საქმის გამოძიება თავიდანვე ისეთი მიმართულებით წაიყვანეს, რომ შეუძლებელი იყო, სხვა შედეგი დამდგარიყო. ყველაფერი დამახინჯებული იყო. პირველივე დღეებიდან ვიცოდით, როგორ შედეგს მივიღებდით ასეთი გამოძიებით, ამიტომ ამ საქმეში თითქმის ყველაფერი თავიდან გამოსაძიებელია, ბევრი დეტალი დასაზუსტებელი და გასასწორებელია. სწორედ მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები გამოჩნდება, რისთვისაც ჩვენ მოვემზადებით ადვოკატთან ერთად, შემდეგ ყველაფერი თავიდან გამოსაძიებელი იქნება და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, ამას სჭირდება ახალი გარემოებების აღმოჩენა, დამახინჯებულის გასწორება და მტკიცებულებების მოპოვება დამკვეთის მიმართ, ეს საქმე ჩემი ყოველდღიური ზრუნვის საგანია.

ვახო სკოლის მოსწავლე იყო, როცა მას უფროსი ძმა მოუკლეს. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ისიც ძმის საქმეს გაჰყოლოდა, მაგრამ ვახოს თავისი არჩევანი – ჟურნალისტი გამხდარიყო, არ შეუცვლია.

- შიშის მომენტი ჰქონდათ ჩემს მშობლებს და ეს ალბათ არც არის გასაკვირი. როცა პროფესიას ვირჩევდი, აქ იყო ორი მომენტი – პირველი, საქმე, რომელიც გიორგიმ დაიწყო, უნდა გაგრძელებულიყო და მეორე, ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა, ძმის მკვლელობის ფაქტმა კი გაამყარა ჩემი პოზიცია და მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მშობლები, განსაკუთრებით დედა, ნერვიულობს. რჩევებს ყველასგან ვიღებ, მათ შორის, ოჯახის წევრებისგან, მაგრამ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. გიორგის მომენტი მოქმედებს რაღაც დონეზე, მაგრამ ეს არ აისახება ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე. მე ვარ ჟურნალისტი და ვაკეთებ ჩემს საქმეს, – გვითხრა ვახო სანაიამ.

გიორგის ერთი შვილი დარჩა, სანდრო, რომელიც უკვე 14 წლისაა. მისი ბიძა, გელა, ამბობს, რომ ბიჭი მამის ტრაგედიის ყველა წვრილმანით ინტერესდება.

- რომ იზრდება, უფრო მეტად ფიქრობს იმაზე, თუ რატომ მოუკლეს მამა. ოჯახში ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე. იზრდება და ყველაფერს აანალიზებს, განიცდის. იცის, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და რომ მამამისი სიმართლეს შეეწირა. გიორგის ბავშვობით ინტერესდება. გვეკითხება, როგორ სწავლობდა, რას აკეთებდა, ყველა წვრილმანი აინტერესებს მისი ცხოვრებიდან და ჩვენც ვუყვებით. როცა პატარა იყო, შაბათ–კვირას ბებიასთან და ბაბუასთან მომყავდა, ახლა დიდი ბიჭია და თვითონ მოდის, – აღნიშნა "სარკესთან" გელამ.

მან გიორგის ბავშვობა, მისი დარიგება და ძმასთან ბოლო შეხვედრაც გაიხსენა:

- საოცარი ძმობა გვქონდა. ხშირად მეუბნებოდა, რაც შეიძლება ბევრი იკითხეო. ჩვენს ოჯახში ყველას უყვარს კითხვა, მათ შორის, მეც, მაგრამ ეს რჩევა ყოველთვის მახსენდება. გული ერთ რამეზე მწყდება, ბოლოს რომ დიდი ხნით ვერ ვნახე. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შევხვდი გიორგის. ჩავეხუტეთ, მოვეფერეთ ერთმანეთს, რაღაც სხვანაირად შევხვდით. მთხოვა, დარჩიო. ეს რაღაცნაირად ტრიალებს ჩემს გულში. საოცარი ადამიანი იყო. 17 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში სასწავლებლად იყო წამოსული, აფხაზეთის ომში ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. წარმოიდგინეთ, როცა ჩვენ, მის ოჯახის წევრებს სახლ–კარი დაგვატოვებინეს, გზაზე ტანკზე მჯდარი შეგვხვდა. ვაჟკაცი უნდა იყო, 17 წლის ბიჭმა ამდენი შეძლო. რისკიანი იყო, არასდროს არაფერზე იხევდა უკან. დარწმუნებული ვარ, რომ სცოდნოდა, რა მოელოდა, მაინც იმავეს გააკეთებდა.

გელა, გიორგის მკვლელობაში ბრალი დასდეს და გაასამართლეს კონკრეტული ადამიანი, გრიგოლ ხურცილავა, მეტსახელად გრიცკო, რომელიც აცხადებდა, რომ გიორგი პირადი მოტივით მოკლა. რა აზრის ხართ ამ პიროვნებაზე და მთლიანად საქმის ამგვარად წარმართვაზე?

- ადრეც მითქვამს და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ გიორგის მკვლელი გრიცკო არ არის. როცა ვეუბნებოდით, შენ არა ხარ მკვლელიო, ის ამბობდა, მკვლელი ვარ და ჩავჯდებიო. თავის თავზე აიღო ყველაფერი. ეს ადამიანი არც მკვლელად მიმაჩნია და არც შემსრულებლად, არც დამკვეთად, როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ. ის ზის თავისთვის და არანაირი შეხება არ აქვს გიორგის მკვლელობასთან. აქედან გამომდინარე, არც მაინტერესებს, როგორ იხდის სასჯელს. ამით არასოდეს დავინტერესებულვარ. ყველამ იცის, რომ გიორგის მკვლელობა გაუხსნელია. არ ვიცი, როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიხსნება. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს საქმე ძიებაში დაბრუნდა. ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობები, რომ ხელახლა გადაეხედათ. საქმე დღემდე არ არის დახურული, მაგრამ დამკვეთი არ არის ნაპოვნი, არც არაფერი გარკვეულა.

ბოლო დროს გიორგი სანაიას საქმე კიდევ ერთხელ დაუკავშირეს მაშინდელ მინისტრ კახა თარგამაძეს. რას ფიქრობთ ამაზე?

- კახა თარგამაძე იმხელა თანამდებობაზე იყო და იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ, ჩემი აზრით, პირადად მისი ხელიც ურევია ამ საქმეში. პირდაპირ ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ასე ვფიქრობ. იყო ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არ აწყობდა გიორგი სანაია, ეს დაკავშირებული იყო პანკისთან, კორუფციასთან, ნარკოტიკებთან. არა მგონია, კახა თარგამაძე სუფთა იყოს ამ საქმეში.

გიორგის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ამდენი ხნის შემდეგ როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნებისადმი?

- გიორგი ახსოვთ და ეს სულაც არ მიკვირს. ხანდახან დეტალებში იხსენებენ მის გადაცემებს. პირველი შეკითხვა უცნობ ადამიანებთან შეხვედრისას ან მათთან, ვინც დიდი ხანი არ მინახავს, ასეთია: "რა ხდება შენი ძმის საქმეზე, არის სიახლე გამოძიებაში?". მიხარია, რომ ის სიბინძურეები, რაც მაშინ გიორგის მისამართით გაავრცელეს, არავის სჯერა. მე დაინტერესებული ვარ და დარწმუნებული, რომ ის, რაც მოხდა 26 ივლისს, აუცილებლად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და, რაც მთავარია, შემკვეთიც და შემსრულებელიც აუცილებლად დაისჯებიან.