იანვრის ერთ მშვენიერ, მზიან დილას "ფორდის" მარკის ჯიპმა ჭორვილაში ჩამიყვანა - ეს საქართველოს ცენტრიდან მოშორებული მთიანი სოფელია, სადაც ბიძინა ივანიშვილი დაიბადა. იმ დროს, როდესაც ირგვლივ საყოველთაო სიღატაკე და ტალახია, ჭორვილის სუფთა ქუჩებში ჩამწკრივებულია შელესილი ორსართულიანი სახლები, კაშკაშა წითელი სახურავებით. აქაურებს, განსაკუთრებით კი ავადმყოფებს, ინვალიდებს, ობლებსა და მრავალშვილიან ოჯახებს ყოველთვიურად ბარაქიანი ფულადი დახმარება ეძლევათ. აქვთ უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 17000 იღბლიანი ადამიანი თავისუფალია გაზის გადასახადისგან.
ამ ყველაფრის ხარჯს - სახლების მშენებლობას, ფულად დახმარებას, სამედიცინო მომსახურებას, ტელევიზორებს, გაზქურებს, 40 აღდგენილ სკოლას და განახლებულ საავადმყოფოს - ივანიშვილი ფარავს. ის ამ რაიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ჩემი მძღოლიც ივანიშვილთან მუშაობს. ყველაფერს, რასაც კი ჩავუარეთ, იმ ქალის სახლის ჩათვლით, რომლის სალონშიც ივანიშვილის მეუღლე მანიკიურს იკეთებს, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა გიდმა ამაყად გვითხრა: "ბიძინამ ააშენა". ჭორვილის შუაგულში დგას ივანიშვილის ძველ საცხოვრებელ ადგილას აშენებული თანამედროვე სასახლე, რომელიც კლდეშია შეჭრილი, მისი მასიური ფანჯრები კი რაჭის მთებს გაჰყურებს. აქ უზარმაზარი სპორტული კომპლექსი და ზოოპარკია, სადაც ბინადრობენ ლემურები, ირმები, ფლამინგოები, პინგვინები და კენგურუც კი, რომელიც ზოოპარკის მეთვალყურემ სიცივეში გარეთ გამოიყვანა, ჩემთვის მისი არსებობა რომ დაემტკიცებინა.
56 წლის ივანიშვილმა ქვეყნის ცენტრში ჭორვილა ერთგვარ ალპურ ფეოდალურ მამულად აქცია. თითქმის ყველა, ვისაც კი შევხვდი, თითქოს საგანგებოდ გაეფრთხილებინოთ, ამერიკელი ჟურნალისტი უნდა გეწვიოთო, პოლიტიკური კამპანიის მაისურში იყო გამოწყობილი ან კაშნე ჰქონდა მოხვეული, რომელზეც ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის -„"ქართული ოცნების" სიმბოლო შვიდქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
"ეს ფეოდალური ქალაქია", - ტრაბახობს ვაჩე გავაშელი, ივანიშვილის სამშენებლო კომპანიის დაცვის სპეციალისტი. რომ გავიგოთ, რა გავლენა აქვს და როგორ ზემოქმედებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილ საბჭოთა საქართველოზე, უნდა წარმოვიდგინოთ, მაგალითად, დასავლეთვირჯინიელი ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 8 ტრილიონი დოლარია (ივანიშვილის 6 მილიარდი დოლარი საქართველოს მშპ-ის ნახევარია), მთელი შტატის მასშტაბით ფილანთროპიული პატრონაჟის სისტემა შექმნა და ყველა ემორჩილება. ივანიშვილმა დააფინანსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია და განაახლა დიდი თეატრები. მის სახელს უკავშირდება ეროვნული პარკები, სათხილამურო კურორტები და სამედიცინო კლინიკები.
მისი გადაწყვეტილება, გახდეს პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერ მოქმედ პრეზიდენტს შეაშინებდა, რომ არაფერი ვთქვათ, არაპროგნოზირებად, ეჭვიან, ძალაუფლებას დახარბებულ მიხეილ სააკაშვილზე.
ხუთი თვის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ჩამოყალიბებას გეგმავს, საიდანაც შეარჩევს კანდიდატებს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. თავის ღია წერილში მან დასავლეთის ნებიერა სააკაშვილი დაადანაშაულა - 2003 წელს მშვიდობიანი "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსვლისა და რვაწლიანი მმართველობის პერიოდში პოლიტიკური ძალაუფლების "ტოტალური მონოპოლიზება" მოახდინაო. ივანიშვილი ადრე სააკაშვილის ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური და ფინანსური მხარდამჭერი იყო. სამი წლის წინ ქვეყნის ორმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა ურთიერთობა გაწყვიტა. ივანიშვილი ამბობს, რომ მას და მის ხალხს მთავრობა დღემდე დევნის. პოლიტიკაში მოსვლის და საჯარო მოქალაქედ გადაქცევის გადაწყვეტილება, შესაძლოა, საკუთარი თავდაცვის საშუალებაც იყო, მაგრამ ივანიშვილის პრეტენზია სააკაშვილის მიმართ უფრო ფუნდამენტური ხასიათისაა და მას აშკარად ქართული ელფერი დაჰკრავს. "მან არ იცის, რა არის სიყვარული, - გულწრფელად ამბობს
ის, - როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ქვეყანას მართავდეს?".“
ივანიშვილის განცხადებამ თბილისი გააოგნა. ქართველებს იმედი გაუჩნდათ, - მის ხელში ქვეყანა უფრო თავისუფალი და უზრუნველი გახდებაო. საყოველთაოდაა გავრცელებული აზრი, რომ მმართველობის პირველ ხუთ წელიწადში სააკაშვილმა ქვეყანას კეთილდღეობა და სიმშვიდე მოუტანა, თუმცა შემცირდა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ დონისთვის, რომელიც 2008 წელს რუსეთთან შეტაკებამდე არსებობდა, დიდწილად კი იმის გამო, რომ მას აღარ აქვს დიპლომატიური კავშირები თავის უახლოეს და ყველაზე ლოგიკურ სავაჭრო პარტნიორთან. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, უმუშევრობა 16%-ს აღწევს. "ეს რამდენიმე წელია, იგრძნობა, რომ უკან-უკან მივდივართ. ფონდები ილევა; ეკონომიკის აღსადგენად საკმარისი ძალისხმევა არ იხარჯება", - ამბობს ამერიკის სავაჭრო პალატის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ესბენ ემბორგი.
ვიდრე საკუთარ გადაწყვეტილებას საჯაროდ განაცხადებდა, საქართველოში ის სულ რამდენიმე კაცს ჰყავდა ნანახი. არსებობდა მასთან ჩაწერილი რამდენიმე ინტერვიუ და ფოტო. ამბობდნენ, - ალბინოსი შვილები ჰყავს, ყველგან შვეულმფრენით გადაადგილდება, დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს სახლის კართან ახალი ავტომანქანის გასაღებს უტოვებსო. ქალაქის ინტელიგენციის უმრავლესობას და, შესაძლოა, თვით პოლიციასაც კი უხდიდა ხელფასს. ასევე ამბობდნენ, ფული რუსეთში იშოვა, საცხოვრებლადაც იქ გადავიდა, ბორის ივანოვი დაირქვა და თურქებთან ბალიშისპირების მიყიდვით იყო დაკავებული - თუ კომპიუტერების? თუ ოქროს საბადოების ბიზნესში იყო? ჰქონდა უზარმაზარი სახლი, თუ ბიზნესცენტრი? - რომელიც ფერდობიდან თბილისს გადმოჰყურებს, მაგრამ რა ხდებოდა ამ შენობაში? სააკაშვილმა მას ერთხელ "გრაფი მონტე-კრისტო" უწოდა.
რადგან წლების განმავლობაში ყურადღებას გაურბოდა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური დებიუტისთვის ცუდად იყო მომზადებული. სამი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი "ქართული ოცნების" შესახებ განაცხადა, მას და მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოართვეს (სააკაშვილის წარმომადგენელმა ივანიშვილის შესახებ ყველანაირ კომენტარზე უარი თქვა). სამ კვირაში ივანიშვილის ბანკში მთავრობამ რეიდი მოაწყო. სააკაშვილს და მის მოკავშირეებს ივანიშვილის, როგორც კრემლის პროექტის, დისკრედიტაციის საკმაოდ სუსტი მცდელობაც ჰქონდათ. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ინტერესთა რამენაირი კონფლიქტის გამოსარიცხად, მილიარდერმა განაცხადა, რომ გაყიდის თავის აქტივებს რუსეთის საბანკო, სამშენებლო და აგრარულ ბიზნესში. მისი ქონების დიდი ნაწილი დღეს ხელოვნებაში, ოქროსა და რუსულ და ამერიკულ ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. ამბობს, რუსეთში ათი წელია, არ ვყოფილვარო. ახლახან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. "პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მე ბარგის ჩალაგება დავიწყე", - მითხრა და უცბად შეცბა, რადგან ეს რეპორტიორს უთხრა. თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება, თვითონვე თქვა, - მომიწევს პუტინთან მუშაობაო.
დღეს მისი დღეები გამარჯვების პერსპექტივითაა სავსე. "გარანტიას გაძლევთ (არავისთვის ასეთი გარანტიები აქამდე არ მიმიცია), რომ ერთ წელიწადში აქ ნამდვილ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს ავაშენებ", - ამბობს ის, ცოტა გაზვიადებულად, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ. ვკითხე, როგორ აპირებს მიზნის მიღწევას ასეთ მოკლე დროში. "ძალიან ადვილად, - ამბობს იგი და ავლენს მეორე ნაციონალურ თვისებას - სიხისტეს, - უნდა დაიჭირო ერთი მინისტრი ან ორი, მაქსიმუმ, იმისთვის, რომ ანახო ყველას, არავის არაფერი ეპატიება. როდესაც გამოჩნდება, რომ ზევით პოლიტიკური ნება არსებობს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩვენ ორი-სამი წელი გვჭირდება ევროპული ტიპის სისტემის შესაქმნელად, - და იქვე დასძენს, - თუმცა, ეკონომიკის შენებას უფრო დიდი დრო დასჭირდება".
ივანიშვილს ერთხელ სადილზე შევხვდი, არაოფიციალურად, მეორედ - ოთხსაათიანი ინტერვიუს დროს; მესამედ მის მეუღლესთან, ეკატერინასთან ჩაიზე დამპატიჟეს, სადაც თავადაც იყო და მათი უმცროსი ვაჟი ცოტნეც, რომელიც ალბინოსია. "ჩემი ორი ვაჟი ალბინოსია, - ამაყად მითხრა ივანიშვილმა, - ეს მართლაც იშვიათობაა, მე კი ოთხი შვილიდან ორი ასეთი მყავს" (მეორე ვაჟი, ბერა, რეპერია).
ეკატერინასთან ჩაიზე სტუმრობის დროს, ივანიშვილმა გაიგო, რომ მათთან სახლში ვიყავი, შემოგვიერთდა და გადაწყვიტა, გაეზიარებინა თავისი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავდა საკუთარ პორტრეტს. "მე ძალიან წარმატებული ვიყავი ბიზნესში, უკეთესი არ არსებობს", - ამბობს იგი.
ივანიშვილი 56 წლისაა, ის ტანმორჩილი და მხნეა, მშვიდი და კეთილი სახის. დროის დიდ ნაწილს თავის ფერდობზე წამოჭიმულ 40-მილიონდოლარიან სასახლეში ატარებს, რომელიც შინ ტაკამაცუს პროექტით აშენდა და თბილისს ზევიდან გადმოჰყურებს. კომპლექსის ტერიტორია 108000 კვადრატული ფუტია და მინის ცილინდრებისა და ლითონის კონსტრუქციის ნაზავია. აქ სახლიცაა და ბიზნესცენტრიც. მათი ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია.
მის ოფისში წითელი ტყავის სკამები, მინის საკონფერენციო მაგიდა და ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშებია. 40-მილიონდოლარიანი ეგონ შილის ნამუშევარი მისი მაგიდის თავზე კიდია, იქვეა ლუსიენ ფრეიდისა და მონეს ნამუშევრები. "ეს ჩემი საყვარელი ნახატია, - ამბობს იგი და დე კუნინგის ვეება წითელწრეებიან ტილოზე მიმანიშნებს. ყველა ასლია. პოლიტიკური კამპანიის დაწყებისას ორიგინალები ლონდონში გადაიტანა - ასე უფრო უსაფრთხოა. საქართველოში ხელოვნების ნიმუშთა დაცვა ძვირი ჯდება, თანაც ჩვენი მთავრობა არაპროგნოზირებადია".
ივანიშვილმა რუსეთი 2002 წელს დატოვა და ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა, მაგრამ იქაც არ ისვენებდა. აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს, ბევრი ახლა იმ კოლექციის ნაწილია, რომელიც, სულ ცოტა, 1 მილიარდი დოლარი ღირს. მერე თბილისში სახლი აიშენა და 2003 წელს, ზუსტად სააკაშვილის "ვარდების რევოლუციისათვის", საქართველოში დაბრუნდა. ხელისუფლების მშვიდობიანმა ცვლილებამ დაასრულა მრავალი წლის ეკონომიკური უძრაობა, სამოქალაქო ომი და კორუფცია. ახალ ლიდერს ქარიზმა ჰქონდა, თავისუფალ ბაზარს უჭერდა მხარს და უცხოური ინვესტიციების ტალღაც მოიზიდა. "ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში", - ამბობს ივანიშვილი. კარგა ხანს მილიარდერი გაუხმაურებლად ეხმარებოდა სააკაშვილის მთავრობას. 100 მილიონი დოლარი გაიღო პოლიციის ახალი მანქანების საყიდლად, ჯარისთვის ახალი ყაზარმების ასაშენებლად და იმ ქართველი ჯარისკაცების შესამოსად, რომლებიც მანამდე ჯინსებითა და "შლოპანცებით" დასეირნობდნენ. როგორც ამბობს, მთავრობას მინისტრების ხელფასის გაზრდის დაფინანსებაც კი შესთავაზა, რათა კორუფცია აღარ ყოფილიყო მიმზიდველი.
ივანიშვილმა სააკაშვილის სისტემისადმი ნდობა 2008 წლის შემდეგ დაკარგა, როდესაც სააკაშვილმა არჩევნებში გამარჯვებისთვის საეჭვო ტაქტიკას მიმართა. "დავურეკე და მკაცრად ვუთხარი, აღარასდროს გაგცემ ხმას-მეთქი", - ამბობს ივანიშვილი. მილიარდერის თქმით, აქედან დაიწყო მისი დევნა. "დროდადრო თავს ამჟღავნებდნენ, ბლოკავდნენ გარიგებებს, ბრჭყალები გამოაჩინეს. ისინი მეუბნებოდნენ, - დააზუსტე, ჩვენთან ხარ თუ ჩვენს წინააღმდეგო. მე ვიყავი ბოლო თავისუფალი ადამიანი და ეს დიდ უხერხულობას უქმნიდა მათ". მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა ეკატერინა მიყვებოდა, რომ რამდენიმე ნათესავი დაუპატიმრეს და უთხრეს, გამოსასყიდისთვის ივანიშვილთან დარეკეთო.
ივანიშვილი საფრანგეთში გადასახლებას გეგმავდა. ზეწოლა მეტისმეტად მძიმე გახდა. თუმცა ოჯახს წასვლა არ უნდოდა. ამ ფიქრით ნატანჯმა გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი ორჯერ შეაჩერა. ბოლოს კი სააკაშვილთან საჯაროდ ბრძოლა გადაწყვიტა.
კამპანია ხუთი თვის წინ დაიწყო. ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს დეტალური პლატფორმა. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება უნდა და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება სურს. ამ ორი მიზნის შეთავსება ძალიან რთულია. ზოგიერთებს, ვინც მიესალმა მის გამოჩენას პოლიტიკაში, იმის გამო, რომ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა აკლია, იმედგაცრუება დაეწყო. "ვფიქრობ, რომ ვერ აფასებს პოლიტიკის მნიშვნელოვნებას, - ამბობს ემბორგი, - აშკარად ძალიან გამოუცდელია. არ მესმის, როდესაც ამდენი ფული გაქვს, რატომ არ ქირაობ საუკეთესო კონსულტანტებს და პიარსპეციალისტებს ამ საქმისათვის".
მაგრამ მილიონობით ადამიანს საქართველოში ივანიშვილი ქველმოქმედების გამო უყვარს. მისი მოქალაქეობის გაუქმებიდან მალევე, საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიება დაიწყო და ივანიშვილის ბანკის 2 მილიონი დოლარისა და მილიონი ევროს კონფისკაცია მოახდინა. ათასობით ქართველმა მოიყარა თავი მის ბანკთან და, მხარდაჭერის ნიშნად, იქ ანგარიშები გახსნა. "ქართუ ბანკს" ფული დაუბრუნეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.
"ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, თავისთვის აკეთებს, - მითხრა ივანიშვილმა საკუთარ ოფისში, - მოდი, ნუ მოვიტყუებთ თავს, ეს ჩემი სამშობლოა. აქ კარგად ვარ, უფრო კომფორტულად, აქ მყავს მეგობრები, მშობლები, ნათესავები. ასე რომ, გამოდის - ამ ყველაფერს ისევ ჩემთვის ვაკეთებ, - პოლიტიკაში ყოფნა კარგი თავდაცვაა".