ირინა სარიშვილი-ჭანტურია პროკურატურაში დაიბარეს

ირინა სარიშვილი-ჭანტურია პროკურატურაში დაიბარეს

სამშაბათს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ მიიღო „შეტყობინება“ გენერალური  პროკურატურიდან, რომლითაც მას პროკურატურაში იბარებენ 1 კვირის განმავლობაში.

როგორც ჩანს „ამოქმედდა“ შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის მუქარა: მას არა მხოლოდ „სარიშვილი-ჭანტურიას თვალები არ მოეწონა“ (გასაგებია რას გულისხმობდა? რას მოვესწარით!) არამედ, სარჩელი შეიტანა გენერალურ პროკურატურაში „ცილისწამების“ საბაბით.

როგორც ცნობილია, ედპ-ს თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს ელიავასთან დაკავშირებული ინციდენტის ორგანიზება -პროვოცირებაში დასდო ბრალი. ხოლო თვით სამინისტრო „კორუმპირებულობაში“ დაადანაშაულა.

ირინა სარიშვილს იმუნიტეტი აღარ იცავს და რასაკვირველია, გენერალურმა პროკურატურამ თუ მოინდომა (სარჩელი „მოანდომებინებს“), მიაღწევს ირინა სარიშვილი-ჭანტურიას მიყვანას პროკურატურაში და მისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას.

თუ ედპ-ს ლიდერი „გაჯიუტდება“, მას პარტიული შტაბ-ბინის ციხესიმაგრედ გადაქცევა მოუწევს. ასეთი ფორმით ვითარების გამწვავება კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ხელს არ უნდა აძლევდეს – დღეს ხომ სხვა დრო და სხვა საზოგადოებრივი ატმოსფეროა. მას ბევრი მოძულე ჰყავს (არა მხოლოდ „ზვიადისტებს“ შორის), რომელთაც მისი გამწარება გაუხარდებათ, ანუ „საქმეს“ მსვლელობა უეჭველად მიეცემა.

მაგრამ მეორეს მხრივ, თითქოს გაუგებარია, რას უნდა მიაღწიოს ამ პროცესით შინაგან საქმეთა მინისტრმა? სარიშვილის არც ერთი განცხადება არ შეიძლება კვალიფიცირდებოდეს როგორც „ცილისწამება“ ან „ღირსებისა და პატივის ხელყოფა“. ორივე შემთხვევაში პარტიის ლიდერი ლაპარაკობდა უფრო უწყებაზე, ვიდრე პიროვნებაზე – ამისთვის დასასჯელად კი საბჭოთა ეპოქის დროინდელი სისხლის სამართლის კოდექსის ცნობილი მუხლის ამოქმედებაა აუცილებელი:  „...გავრცელება ცრუ მონაჭორისა, რომელიც სახელს უტეხს საბჭოთა წეს-წყობილებასა და სახელმწიფო უწყებებს...“

მაშასადამე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ან, მითუმეტეს, სასამართლო აქ ძალზე საეჭვოა. შეუძლებელია კახა თარგამაძეს არ ესმოდეს, მაშასადამე, მას სხვა მიზანი აქვს: მას სურს კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ირინა სარიშვილმა, რომელმაც ათეულობით ცნობილი და გავლენიანი მოღვაწე „წააქცია“ 1992 წლიდან - დღემდე (ავთანდილ მარგიანიდან - შოთა კვირაიამდე) - მას ვერ „მოერია“, - მასთან დამარცხდა.

დიდწილად (მისდაუნებურად) სწორედ ირინა სარიშვილის წარუმატებელი შეტევის შედეგად, კახა თარგამაძე სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ფიგურის „თვისებას“.