,,ვერ გეტყვით, რომ სააკაშვილის მიმართ პირადი სიყვარული გამაჩნია!' - რატომ დაარქვეს სევდია და როდის გახდება ,,ქოცი' თბილისის ყოფილი ვიცე-მერი
სევდია უგრეხელიძე სად ვნახო-მეთქი, ვკითხე გარემონტებული საკრებულოს მესამე სართულზე პირველსავე შემხვედრს. დიაცმა გამჭოლად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე, მხრებზე მოსხმული მანტო შეათამაშა და თვალით მანიშნა, იქითო. მადლობის ნიშნად, თავი დავუკარი და დერეფნის სიღრმისკენ წავედი. სევდიასთან მიდის, ვაჟბატონიიი, - მომაძახა უცნობმა. ამ ,,ქოცს' აშკარად ,,ნაცი' ვგონივარ-მეთქი, გამეცინა... საკრებულოს ნაცმოძრაობის ფრაქციის თავქალის კაბინეტში ძველი ნაცნობი დამხვდა, მომიკითხა, ყავა შემომთავაზა... არ დამიწყოთ, ნაციონალური ყავა როგორ დალიეო. როგორ და, კარგად! ისე, ,,ქოცური' ყავაც დამილევია... ჰოდა, ახლა, სმენა იყოს და გაგონება _ მე და ,,ვერსია' თბილისის ყოფილი ვიცე-მერის, სევდია უგრეხელიძის არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
- ქალბატონო სევდია, როგორ ხარ, 21 მარტისთვის ემზადებით?
- ეს ჩვეულებრივი მუშაობა და ერთ-ერთი რიგითი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენს ოპოზიციურ ნიშასთანაა დაკავშირებული.
- რა ვიცი, თუკი რიგითი ღონისძიებაა, დიდი აჟიოტაჟი, რატომღა ატყდა? ისე, რაც ხელისუფლება დაკარგეთ, უკვე მესამე მიტინგისთვის ემზადებით, თუმცა წინა ორის სამზადისი ასეთი ხმაურიანი არ ყოფილა...
- მაშინ ხელისუფლება ახალი მოსული იყო და ხალხს, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი იმედი ჰქონდა; თვითონაც ეგონა, რომ საარჩევნო დაპირებების შესრულება შეეძლო, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ ,,ოცნებას' სიტუაცია ვერ უჭირავს - ლარი, ეკონომიკა გაექცა, უკმაყოფილებაა. ერთმანეთის მიმართ დაძაბულობა შიგნითაც არსებობს - ისინი, ვინც ადრე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტები იყვნენ, აღარ არიან.
- ეს საიდან იცით?
- სიტუაციიდან ჩანს, ამიტომ შიშის განცდა აქვთ.
- საბურავები მართლა მოიმარაგეთ?
- ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ!.. ადრე პარტიაში ნომინალურად ვიყავი: არც მანდატი მქონდა, არც - ურთიერთობა და არც პარტიის საქმიანობაში ვიყავი ჩახედული, არც მაინტერესებდა და, როგორც პარტიული მუშაკი, არც მათ ვჭირდებოდი. ახლა კი იმ მაღალ ეშელონებთან, ვინც ვართ დარჩენილი, დაახლოებული ვარ და, როცა ლაპარაკი პარტიის შიდადემოკრატიაზეა, მიკვირს, ნუთუ, სხვა დროს სხვანაირად იყო-მეთქი?
- ესე იგი, ნაცმოძრაობაში შიდადემოკრატიაა?
- მოგეხსენებათ, აბსოლუტური დემოკრატია არ არსებობს, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, თუმცა ავტორიტეტს, ვისაც პარტიაში ბევრი უკეთებია, პატივს ვცემ.
- ნაცმოძრაობის მთავარი იდეოლოგი ისევ სააკაშვილია?
- პარტიაში მთავარი იდეოლოგები აღარ არსებობენ. მიხეილ სააკაშვილი შორსაა და პულტი არ არის, რომ მართო.
- სამაგიეროდ, არის სოციალური ქსელი - 21-ე საუკუნეა!..
- იმას კი არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, მაგრამ ყველას აქვს იმდენი ეთიკურობის შეგრძნება, რომ, როცა აქ ჩვენ ვიხარშებით, ის შორიდან ვერ მიგვითითებს, როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. მის მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ, მაგრამ ის დრო, ეს უნდა გაკეთდეს და მორჩაო, დამთავრდა... ჩვენი მიდგომა ასეთია: ხელისუფლების ვადამდე, მით უმეტეს, არაკონსტიტუციური გზით შეცვლა, არავის აწყობს, რადგან ეს დემოკრატიულ განვითარებაში წყვეტა იქნება: ზვიადმა, 1990 წლის 28 ოქტომბერს, ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვალა, თუმცა მისი დამხობა სისხლითა და ტყვიით მოხდა, რის შემდეგაც შევარდნაძემ აფხაზეთი ომით ჩააბარა...
- მომიტევეთ და, კოდორთან დაკავშირებით სააკაშვილსაც ანალოგიურ ბრალდებას უყენებენ...
- ის ახალი პროცესი იყო, ეს კი - დაწყებულის გაგრძელება, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა: ზვიადის დამხობა იარაღით მოხდა და, მასთან შედარებით, ,,ვარდების რევოლუცია' წინგადადგმული ნაბიჯი იყო - კონსტიტუციის საზღვრებიდან არ გასულა.
- რევოლუციონერები პარლამენტში შეიჭრნენ...
- ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან ის მოვალეობა, რაც კონსტიტუციურად ევალებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ შეასრულა, ბატონი შევარდნაძეც, რასაც ვერ დავუკარგავთ, თვითონ გადადგა - შუბლზე იარაღი არავის დაუდია... სააკაშვილმა ბევრჯერ თქვა, ცვლილება ბუნებრივია - ადამიანს ერთი და იგივე ხელისუფლება ბეზრდება და, მის მიმართ პრეტენზიებიც რომ არ ჰქონდეს, მაინც უკეთესი უნდაო. ამიტომ, ხელისუფლების არაკონსტიტუციურად შეცვლა საქართველოსთვის დამღუპველია. მომხრე ვართ, ხელისუფლებისთვის კონსტიტუციურ ვადაში, არჩევნებით ვიბრძოლოთ!
- კეთილი და პატიოსანი, თუმცა ტელევიზიით, პრაქტიკულად, თქვენი საარჩევნო კლიპი გადის.
- იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მზადება რიგგარეშე არჩევნებისთვის დაიწყო.
- ,,ოცნებას' მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია...
- ივანიშვილმა დაშვება გააკეთა.
- ივანიშვილი ხელისუფლება არ არის!
- ივანიშვილი, სწორედაც, ხელისუფლებაა. ქართველი ხალხი ვერ ეგუება და, ჩვენთან ერთად, იმას ებრძვის, რომ არაუფლებამოსილი პირი რეალური ხელისუფლებაა - ის კეთდება, რასაც იტყვის. მისი რეალური ძალა მილიარდებია... გუნდის შიგნით ავტორიტეტი ჯერ კიდევ აქვს...
- ავტორიტეტი მოსახლეობაშიც აქვს.
- ვერ დაგეთანხმებით... მოსახლეობის ნაწილმა იწამა, რომ ივანიშვილი, თავისი მილიარდებით, კეთილდღეობას ისევე მოუტანდა, როგორც მანამდე ,,ქველმოქმედებას' ეწეოდა, მაგრამ ის, რაც ნამდვილი ქველმოქმედება გვეგონა, თურმე, მოსყიდვა ყოფილა... ქვეყანა დაღმა მიდის.
- ქალბატონო სევდია, უნდა შეგეკამათოთ...
- რა თქმა უნდა...
- ნაცმოძრაობამ 2012 წლის არჩევნებში 40 პროცენტზე მეტი მიიღო, რაც ქართველი ხალხის სინონიმი არაა, მაგრამ პოლიტიკოსებს ხალხის სახელით ლაპარაკი გჩვევიათ...
- რაც გინდათ, ის დავარქვათ - ამომრჩევლის ნაწილი...
- ნაცმოძრაობა რომ შეიქმნა, გაჩნდა მოსაზრება, გამსახურდიას მიმდევრები მიხეილ სააკაშვილს ზვიადს ადარებენო... მიშასთან როგორ აღმოჩნდით?
- ეს სასაცილო შედარებაა, რომელიც მხოლოდ სააკაშვილისა და გამსახურდიას მტრებისგან მომისმენია. მტრებისთვის, სიძულვილის ობიექტად, გამსახურდია და სააკაშვილი ერთი და იგივე იყო. ესენი რეტროგრადები არიან, საბჭოთა მენტალობის ხალხი, რომელსაც ეშინია, ჰგონია, რუსული ენა იცის, მაგრამ ამ დროს, ორი სიტყვა არ იცის და იდეოლოგიურ მტრად დასავლეთს მიიჩნევს. ვინაიდან ზვიადი დასავლეთისკენ იყო, სააკაშვილიც მათთვის მტერი ამიტომაა. კიდევ ერთი თვისება: სათქმელს ორივე პირდაპირ ამბობდა...
- თავს ზვიადისტად თვლით?
- რა თქმა უნდა.
- მიშისტადაც?
- ასეთი არ არსებობს. შევარდნაძისტი, მიშისტი, ვიღაცისტი - ასეთი ცნებაც ვერ ჩამოყალიბდა. ჩემს სტუდენტებს შეიძლება, სევდიისტები დავარქვათ, მაგრამ ეს ხომ სწორი არ იქნება. იმ ადამიანებს ზვიადისტები მტრულად დაარქვეს. არადა, ეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და დასავლურობისკენ მიმართული იდეოლოგია იყო. ზვიადისტობა დღესაც ამას ჰქვია. ტყუილად ჰგონიათ, ზვიადი ვინმეს ფოჩიან კანფეტებს ჰპირდებოდა. ის ყოველთვის წერდა, რომ ეს ეკლიანი და ძნელი, გოლგოთისა და ჯვარცმის, მაგრამ გარდაუვალი აღდგომის გზაა. გამგები ამას იგებდა. სააკაშვილი, რომელსაც ზვიადი არ უყვარდა და მისი ფანი არ იყო, უნებლიედ ამ იდეის მხარდამჭერი გახდა...
- ზვიადის ფანი როგორ იქნებოდა, როცა კომკავშირელი იყო და კაგებე- ს ჯარში მსახურობდა...
- კი ბატონო... აქედან გამომდინარე, როგორ შემიძლია, სააკაშვილი გამსახურდიას შევადარო. ჩვენი ხელისუფლების სისუსტედ სწორედ ის მიმაჩნია, რომ არავინ გვყავდა, ვინც ამ იდეას აიღებდა და გაშლიდა...
- სააკაშვილს არ ურჩევდით, რომ ასე მოქცეულიყო?
- ჩემო ბატონო ვანო, ეს უნარია. სააკაშვილი იმ პრაგმატულ მონაპოვარს ხატავდა, რასაც საქართველო დასავლეთისგან მიიღებდა და ეს ხალხმა დაინახა - საზღვარგარეთ გავიდა, ის ცხოვრება ნახა, თუნდაც ერთი ფანჯრის პრინციპი და შადრევანი...
- ყველაფერი ეს ფასადი იყოო, ამბობენ...
- ეს ფასადი ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა და ხალხს ენატრება. აბა, გამორთული შადრევანი სჯობს? გუშინ რუსთაველზე გავიარე და ჩაბნელებული იყო. ესაა კარგი? შეხედეთ სატელევიზიო ანძას, რა მდგომარეობაშია. შიხიშვილმა კინაღამ დამაპატიმრა, რატომ გამორთეო. მთავრობის სხდომა ჩავატარეთ და გამორთვის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ გვეჩვენებინა, ჩამქრალი ანძა, რომელიც შეიძლება, ეიფელის კოშკი არაა, მაგრამ თბილისის სიმბოლოა, ცუდია. სააკაშვილმა ყველაფერი ამ გზით წაიყვანა, მაგრამ ზვიადის ის შემართება დაგვაკლდა, რომელიც პრინციპიდან - ,,სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი' - მოდიოდა. ყველაფერი ფასადი კი არა, ის იყო, რომ ინვესტიცია მოდიოდა.
- ქალბატონო სევდია, ხალხი განათებულ ანძასა და მოწესრიგებულ გზებს კი არა, იმას გედავებოდათ, რომ ვთქვათ, ბიზნესმენებს არეკეტებდით, ქუჩაში ადამიანებს ხოცავდით, პატიმრებს აუპატიურებდით...
- გაუპატიურებით დავიწყებ - ბედუკაძის მიერ დადგმულ სცენებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ბედუკაძე და მისი პატრონები ისე უნდა დაეჯილდოებინათ, როგორც დიდი რეჟისორები, მაგრამ ცალსახად ვამბობ: ეს დანაშაულია და დამნაშავეები უნდა დასჯილიყვნენ. ბედუკაძესა და სხვა 6 ადამიანთან საპროცესო გარიგების გაფორმება შეუძლებელია. ამ საქმის სპეციალისტი ვარ - სტრასბურგის სასამართლოს ადვოკატი ვიყავი და გეუბნებით: კბილაშვილმა საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა, რადგან ევროპული კონვენციით, ადამიანი აბსოლუტურად დაცული წამებისგანაა და არ შეიძლება, მწამებელს რამე ეპატიოს. მწამებელთან საპროცესო გარიგების დადება გამორიცხულია!
- გირგვლიანის წამება- მკვლელობისთვის გასამართლებულები მიშამაც შეიწყალა, გახსოვთ?
- მათ სასჯელი მოიხადეს, ესენი კი, ერთი დღეც არ მსხდარან.
- სასჯელი კი არ მოიხადეს, შეიწყალა!
- ფეხი სწორედ ამიტომაც წაიტეხა. სხვათა შორის, არავის უთქვამს, რომ ისინი კარგად მოიქცნენ - საქმე ქუჩურად გაარჩიეს და აწამეს. გირგვლიანის საქმე მკვლელობა კი არა, წამება იყო, რაც უარესია! სასჯელიც მკვლელობის მცდელობისა და წამებისთვის განესაზღვრათ, თუმცა შეიძლება, ზოგს უნდოდა, მათთვის სახალხოდ თვალები დაგვეთხარა.
- მოკლედ, ამ ხალხის შეწყალებით სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა?
- შეცდომა თავისი თავისთვის დაუშვა, თორემ კანონი არ დაურღვევია. საერთოდ, დამწყვდეული ადამიანის წამება სხვაა, თავისუფალის კი - სხვა.
- როცა ხელისუფლებაში იყავით, ამ შეცდომებზე სააკაშვილთან გილაპარაკიათ?
- მაშინ სხვა სფეროში ვმუშაობდი.
- გარედან ისე ჩანდა, მიშა პატივს გცემდათ და გემეგობრებოდათ.
- პატივს, შეიძლება, ბევრს სცემდა, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მქონია... ყოველთვის პატიმრის მხარეს ვიყავი და ვიქნები. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ასე იყო და ვინმეს დაჭერისას ხელისუფლებას არასოდეს ვენდობი!
- დაჭერების ასპექტში არც თქვენს ხელისუფლებას ენდობოდით?
- დიახ, არც ჩვენსას ვენდობოდი, რადგან ხელისუფლების სენია - შეუძლია, თავის უფლებამოსილებას ყოველთვის გადაამეტოს. ადვოკატის შვილი ვარ - მამაჩემი ძალიან ცნობილი ადვოკატი, დისიდენტური აზროვნების ადამიანი იყო და დახვრეტის წინააღმდეგ გამოდიოდა - მოსკოვში ხუთ საქმეს წაიღებდა და აქედან ოთხს მაინც გააუქმებდა.
- ქალბატონო სევდია, თუკი ნაცმოძრაობას, როგორც ხელისუფლებას, დაჭერების ასპექტში არ ენდობოდით...
- (სიტყვას მაწყვეტინებს) ზვიადის ხელისუფლება რომ გაგრძელებულიყო, შეიძლება...
- ოპოზიციაში წასულიყავით?
- ოპოზიციაში წასვლა სხვა რამეა - იქიდან, სადაც ვარ, ოპოზიციაში მანამ არ წავალ, ვიდრე კარდინალური მიმართულებიდან გადახვევას არ დავინახავ. ჩემთვის მთავარი დასავლეთისკენ სვლაა. აბსოლუტურად კეთილი სახელმწიფო არ არსებობს - ყოველთვის ვიღაცის უფლებას დაარღვევს.
- ეს ვიცი, მაგრამ წამების წინააღმდეგ უამრავი მიტინგი ტარდებოდა და ერთხელ რატომ არ შეუერთდით?
- მაშინ უნდა წამოვსულიყავი და ჩემი საქმე არ მეკეთებინა.
- შიგნიდან გაგეპროტესტებინათ!
- ხომ გითხარით, რომ პარტიასთან ახლოს არ ვიყავი, თან მიშა 2006 წლის მერე ნანახი არ მყავდა - მისი ახლობელი და მეგობარი კი არ ვარ. მიშა მაშინ გავიცანი, როცა მოქკავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო - ჩემ პატიმრებთან დაკავშირებით დავდიოდი, ვეჩხუბებოდი. პატიმრების გამოშვებაში დამეხმარა და ეს საქმე მერე ზურაბ ჟვანიამ გააგრძელა, რომლის მიმართაც სიმპათია არ მქონდა, მაგრამ ჭკუა იხმარა და მიხვდა, რომ ზვიადისტებისა და ფაშისტების ძახილით ქვეყანა ვერ ვითარდებოდა. თანხმობის კომისია გააკეთა და 66 პატიმარი, მათ შორის, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე და სხვები გამოვიყვანეთ, თუმცა ბევრი დარჩა.
- ძიძიგურიც და გუჯაბიძეც, თქვენი არ იყოს, მიშასთან წავიდნენ...
- წავიდნენ და მერე წამოვიდნენ, ეს მათი ნებაა. როგორ შემიძლია, ვინმე დავზრახო?! ოფისი ვაკის პარკში ჰქონდათ, იქ შემთხვევით მოვხვდი და ნაცმოძრაობის დამფუძნებელთა შორის აღმოვჩნდი - მგონი, 47-ე ვიყავი.
- იმის თქმა გინდათ, რომ პოლიტიკაში შემთხვევით ჩაერთეთ?
- ეს პოლიტიკა კი არა, მხარდაჭერა იყო. ახლა ვხვდები, პოლიტიკაში 1992 წელს მოვედი, როცა ზვიადი დაამხეს და უფლებადაცვითი საქმიანობა დავიწყე - უფლებადამცველობა, თავისთავად, გზაა პოლიტიკაში, რადგან ეს ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. როცა ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცას აკეთებ, ისეთ ოპოზიციაში აღმოჩნდები, რომელსაც პოლიტიკური ნიშა უჭირავს. ეს მსოფლიოში ცნობილი პრაქტიკაა...
- ის, რომ პოლიტიკოსი ხართ, მას შემდეგ გააცნობიერეთ, რაც ნაციონალები ხელისუფლებიდან წახვედით?
- არა, ალბათ, ცოტა უფრო ადრე. არადა, თავიდან პოლიტიკად საკრებულოში ყოფნასაც არ ვთვლიდი - პროექტ ,,თბილისელების ადვოკატს' ვხელმძღვანელობდი, რომელიც გიგიმ იმიტომ გააკეთა, იმ ხალხს დავხმარებოდი, რომლის უფლებებსაც მერია არღვევდა.
- თავის დროზე, ითქვა, რომ ამ პროექტით ფული ,,თეთრდებოდა'...
- ვაიმე, რა სასაცილოა! უნდა ჩაიხედოთ და ნახოთ, ბიუჯეტი რამდენი გვქონდა.
- რამდენი?
- თავიდან 300 ათასით დაიწყო, მერე, სამეწარმეო სფერო დაემატა - ადვოკატები ბაზრობებზე ისხდნენ და მუშაობდნენ. მხოლოდ ხელფასი და ტელეფონის ფული იყო და რა უნდა გათეთრებულიყო?
- ,,თბილისელების ადვოკატი', პრაქტიკულად, პიარნაბიჯი იყო, არა?
- არა... ისე გამოვიდა, რომ თავი პიარამბებში ამოვყავი და ამის საჭიროება არის, მაგრამ ძალიან არ მიყვარს იმიტომ, რომ, როცა ადვოკატი ვიყავი, გურამ აბსანძის დროს, კომენტარს დღეში სამჯერ ვაკეთებდი, ჩემი თავი ისე მომბეზრდა და მემახინჯებოდა, რომ სარკეში ვეღარ ვიხედებოდი...
- პიარი შეიძლება, არ გიყვართ, მაგრამ ბოლო დღეებია, რიმა ბერიძე გედებატებათ. მაგას უპატრონო ხომ არ ჰგონიხართ? ისე, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიეთ, ქალური ქალი რას ნიშნავს?
- (გულინად იცინის) ძალიან სასაცილო ამბავია: ქალბატონი რიმა სხვა სამყაროდან მოსული ადამიანია - პარტიული მუშაკი იყო. ქალბატონ რიმას ერთი რამ ვერ გავაგებინე, რომ პოლიტიკაში გაგების ქალობისა და კაცობის კრიტერიუმებს არ ვცნობ.
- ისე, ქალური ქალური ხართ? ვთქვათ, კერძების მომზადება გეხერხებათ?
- რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ - გადასარევ ხაჭაპურსა და საცივს.
- ესე იგი, ქალური ქალი ყოფილხართ...
- არ ვიცი... კრიტერიუმი ესაა თუ ის, რომ ბრენდების ტანსაცმელი მიყვარდეს? - არ მიყვარს, ტანსაცმელი რომ დაიხევა, უნდა გადააგდო.
- ,,სექენდ ჰენდში' რამე გიყიდიათ?
- გაჭირვების დროს, რა თქმა უნდა, მიყიდია, მაგრამ ახლა აღარ ვყიდულობ. აი, მაგალითად, დღეს 11 წლის პერანგი მაცვია...
- ქალბატონო სევდია, ნაცმოძრაობის ,,ბროშკა' რატომ არ გიკეთიათ?
- ნაცმოძრაობის გულსაბნევი რომელია?
- საქართველოსა და ევროკავშირის გადაჯვარედინებული დროშები...
- თბილისის საკრებულოს გულსაბნევი მიკეთია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროსაბჭოს კონგრესზე მივდივარ - წევრი ვარ. საერთოდ, ძალიან საპატიოა, რომ მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ, თუმცა თავიდან, როცა ძიძიგურმა დამირეკა და მითხრა, მოდი, ახლა, სევდია, მიშამ თქვა, კაი ხალხი მეიყვანეო...
- ზვიადმა ასე თქვა, მეიყვანეო?
- ნუ, ახლა, ხომ იცით, ზვიადი მაინც ჩვენია.
- არ გამაგიჟოთ, მაინც თქვენი როგორაა?
- მოსაკლავად კი არ მემეტება! ჩვენი ზვიადია... ფული არჩია სამშობლოს, მაგრამ რა გავაკეთო? - ეს მისი არჩევანია.
- შეიძლება, ზვიადმაც თქვას, სევდიამ ფული არჩიაო...
- კი, ბატონო, თქვას... ფული ვარჩიე, მე? ამას იტყვის? ასეთი ნამუსგარეცხილი არაა!
- სამკაულებსა და მაკიაჟს არ ატარებთ. რატომ?
- ცოტა მაკიაჟი მაქვს - ტელევიზიებშიც მიკეთებენ. ყურის გახვრეტა და ადრე გათხოვება, სირცხვილად ითვლებოდა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც უბრალოება და სიღარიბე საამაყო იყო - ბებია და ბაბუა მათემატიკოსები იყვნენ, დედა ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალი გახლდათ, მამა - ადვოკატი, სახელმწიფო სამსახურში არასოდეს უმუშავია და ჩვენთვის მატერიალური სიკეთის სურვილიც კი სირცხვილი იყო.
- საბჭოთა დროს სახელიც კი ერთგვარ ცენზურას, ასე ვთქვათ, ექვემდებარებოდა. სევდია რატომ დაგარქვეს ან ამის გამო თანატოლები ხომ არ დაგცინოდნენ? ისე, დედმამიშვილებს უცნაური სახელები გქვიათ...
- შეგიძლიათ, მარტვილის ღვთისმშობლის მონასტერში მიბრძანდეთ, სადაც ქტიტორების კედელზე აწერია, თავად დადიანის ასული მიქელაძის ქალი სევდია, რომელიც ტაძრის ერთ-ერთი ქტიტორი ანუ ამშენებელია. სევდია ძველქართული სახელია, თუმცა სახელი სევდა თურქულენოვან ხალხებსაც აქვთ. სევდა თურქულად, როგორც ვიცი, სიყვარულს ნიშნავს, ოღონდ - ინტიმურს და დედაშვილურს კი არა, არამედ, უფრო ღრმასა და ამაღლებულს, როგორიც სამშობლოსა და ღმერთისადმი სიყვარულია!
- ისე, სევდიანი ხართ?
- სახელი ადამიანს თავის დამღას ასვამს და ბავშვობაში ეს ჩემზე მოქმედებდა - ცოტა მელანქოლიური სტილი მქონდა. რაც შეეხება დაცინვას, არასოდეს არავისგან მიგრძნია, კარგად ვსწავლობდი, მეგობრული ვიყავი... შეიძლება, ზურგსუკან ვიღაც დამცინის, მაგრამ არ მაინტერესებს. მას დასცინიან, ვისაც დაცინვის ეშინია. მამაჩემი ასეთი პიროვნება იყო - ყველგან და ყოველთვის არაადეკვატურად იქცეოდა, მაგალითად, შეეძლო, ვინმესთვის ხელი არ ჩამოერთმია და ეთქვა, გაწიე შენი სისხლიანი ხელიო. ქელეხს ვერ იტანდა და არ დადიოდა... მიჩვეული ვიყავი: მამა უცნაურად იქცეოდა, მაგრამ ყველა პატივს სცემდა და ამიტომ, უცნაურობის არასოდეს მშინებია!
- მაგიდაზე თვალი ინგლისური ენის წიგნებს მოვკარი. სწავლობთ?
- დიახ, ვმეცადინეობ - კონგრესის წევრი ვარ და მჭირდება.
- არც ხალხის რისხვის გეშინიათ?
- უიმე, უკაცრავად, - ,,ბეტეერით' დამდევდნენ... გელა ლანჩავას იარაღი ამოვაცალე - უკან ჰქონდა ,,გაკვეხებული' და ვუთხარი, გვესროლე- მეთქი.
- როცა შეიარაღებული ფორმირება დაგდევთ, სხვაა, მაგრამ აქ ხალხის რისხვაზეა ლაპარაკი - სხვა თუ არაფერი, ქვეყანაში, როგორც ამბობენ, 300 ათასი პრობაციონერი იყო...
- 300 ათასი პრობაციონერი არ ყოფილა და ეს დათვლილია: ნარმანიას წინადადებით, ჯერ თქვეს, პოლიტპატიმრებსო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი კატეგორია არ არსებობს და პრობაციონერებს უფასო მგზავრობა მისცეს. პრობაციონერებისთვის პრობაცია არ მოუხსნიათ და პატარა რაოდენობა აღმოჩნდა, 700-ის ფარგლებში. ასე რომ, ეს ცრუ ციფრებია, რომლის ღაღადითაც ,,ქართული ოცნება' ხელისუფლებაში მოვიდა. ისე, არ ვთვლი, რომ დიდი გარდატეხა ცოცხებმა მოახდინა. ეს, ვფიქრობ, წესიერ ადამიანებში დაგროვილი ცვლილების სურვილი იყო. ორი წლის შვილიშვილი მყავს, წარმოიდგინეთ, როგორ მიყვარს, მაგრამ მისი ტიტინიც მბეზრდება და სხვა ოთახში გავდივარ ხოლმე. როცა ერთსა და იმავეს გეჩიჩინება, მით უმეტეს, ორი წლის საყვარელი ბავშვი კი არა, მიხეილ სააკაშვილი, თავში აღარც შედის და აღარც გჯერა.
- ქალბატონო სევდია, ის კადრები გაქვთ ნანახი, აგვისტოს ომის დროს, თუ არ ვცდები, გორში, დაბომბვისას, მიხეილ სააკაშვილი რომ იმალება? სხვათა შორის, ამის გამო ოპოზიცია კურდღელს ეძახდა...
- ამაში ვერაფერს ვხედავ... დაცვის ფუნქციაა, დაახტეს და დააწვინოს. ისედაც, არავინ რომ დახტომოდა, როცა დიდი ხმაური და აფეთქებაა, ყურზე ხელის აფარება, თავის ჩაწევა და ა.შ. ადამიანის ჩვეულებრივი რეაქციაა. თუ ასეთი მხდალი და კურდღელი იყო, მაშინ დაუწვებოდა პუტინს, როგორც ახლა უწვებიან.
- ახლა ვინ უწვება?
- საქართველოს ხელისუფლება - კარასინის ფორმატით, მწვანილით, ამით, იმით, ნელ-ნელა რუსეთისკენ გვაჩოჩებს. ამას ქართველი ხედავს, მაგრამ ასეთი მცოცავი რაღაცის გაკეთება ძნელია.
- არ დაგავიწყდეთ, რომ ნაციონალების დროს საქართველოში, როგორც ინვესტორი, 400-ზე მეტი რუსული კომპანია შემოვიდა.
- დიახ, მაგრამ მაშინ საშიშები იმდენად არ იყვნენ, რამდენადაც პოლიტიკურად, სხვა კურსი გვქონდა. ამ საფრთხეს წერტილი, საბოლოოდ, ნატო- მ უნდა დაუსვას. თოფაძესავით მეტყვით, ეს არასოდეს მოხდებაო.
- რატომ გგონიათ, რომ თოფაძესავით გეტყვით? საქართველოს ევროატლანტიკური მიზნები ნაციონალების მოგონილი არაა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ნატო!
- თქვენ კი არა, ვიღაც მეტყვის, მაგრამ სამშობლოს სიყვარული ისეა, როგორც ღვთისადმი რწმენა: რაც უნდა მორწმუნე ვიყოთ და ეკლესიურად ვიცხოვროთ, ის, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს, ვერასოდეს გავხდებით. ასევეა სამშობლოს სიყვარული - მთავარია, საით მივდივართ. ბავშვიც ასეა: რაღაცას დააშავებს, მაგრამ მთავარი სურვილია, საით ილტვის - შპიონი და დამსმენი ბავშვი იყოს და კანფეტი ასე მოიპოვოს თუ...
- მიშაზე გამიგია, ბავშვობაში ,,ჩამშვები' იყოო...
- მიშას ბავშვობაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ნამდვილად არ მაინტერესებს. ის იმ საქმეს აკეთებდა, რაც მაინტერესებდა...
- რაც პატიმრობაშია, გიგი ნახეთ?
- მხოლოდ სასამართლოზე.
- რაც წავიდა, სააკაშვილს შეხვდით?
- არა, არა...
- რომელი უფრო გენატრებათ?
- ადამიანურად, სიახლოვე არავისთან მქონია. ვიდრე ვიცე- მერად დამნიშნავდა, გიგის მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით ვხვდებოდი. თავიდან მიშასთან, რევოლუციამდე უფრო მეტი კონტაქტი მქონდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი სიყვარული გამაჩნია! ეს დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ სწორად აზროვნებს, ძალიან სწრაფი და კრეატიულია. კი ბატონო, თუ გინდათ, გიჟი ეძახეთ, თავისებურად, რა თქმა უნდა, ნორმაში არ ზის მისი სისწრაფე, კრეატიულობა და იმ პრობლემების წვდომა, რაც დღეს მსოფლიოშია.
- ესე იგი, მიშა შერეკილია?
- ეს ლანძღვაა!
- როგორ გეკადრებათ - ელდარ შენგელაიამ ფილმს ,,შერეკილები' იმიტომ დაარქვა, რომ გმირები განსხვავებულად აზროვნებდნენ!
- ამით სწორედ იმის დამტკიცება მოისურვა, რომ შერეკილი ლანძღვა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვა შერეკილი ლანძღვა არაა. ის განსხვავებული ადამიანია! ჩემი მაზლი, ვაჟა ჩაჩავა 30 წელი მოსკოვის კონსერვატორიაში კათედრის გამგე იყო, 2008 წლის აგვისტოს მერე ჩამოვიდა, უყურა, უყურა და იკითხა, ამას ეძახიან გიჟსო? კი-მეთქი, გიჟს ეძახიან, მათ შორის, სიყვარულით, ჩვენი გიჟიო - კოორდინატორები რომ არიან...
- ანუ, ნაცკოორდინატორები მიშას გიჟს ეძახდნენ?
- კი, სიყვარულით, რა თქმა უნდა...
- სააკაშვილისთვის თქვენც გითქვამთ, ჩემო გიჟო?
- არა, ასეთი ლირიკა არ მახასიათებს, ისინი სხვანაირი ქალები არიან, მე - სხვანაირი. ჰოდა, ვაჟა ჩაჩავამ თქვა, ამას ეძახიან გიჟსო? აბა, ნორმალური შევარდნაძე იყო და საქართველო გაღმა რომ გაიყვანოს, ცოტა გიჟი უნდა იყოსო. თვითონ ხელოვანი ადამიანი იყო და ეს გაიგო. რაც შეეხება გიგის, თუ საქმე შედარებაზე მიდგება, გიგი ცოტა უფრო გულუბრყვილო, ჰუმანური, რბილი და მოსიყვარულეა, რომელსაც ადამიანების სიცუდის არ სჯერა.
- გიგი ასეთი კეთილშობილი თქვენი გადასახედიდანაა, ქალბატონო სევდია, მაგრამ მოდი, აბა, სხვასაც ვკითხოთ...
- გიგის არც პატიმარი ეხებოდა და არც - არაფერი...
- ნაციონალების ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდა...
- ეს ჭორებია. იმაში ხომ არ ურევთ, ომის დროს იქ იყო, აქ იყოო?..
- არაფერში ვურევ!
- სხვათა შორის, გიგი ძალიან ზრდადი ახალგაზრდა აღმოჩნდა - რომ მოვიდა, ცოტა ,,რეზკი' იყო, მკვახე და ამბობენ, რაღაცები ეშლებოდაო, მაგრამ რაც მერიაში მოვიდა, ჩემს თვალწინ შეიცვალა...
- მოკლედ, ქალბატონო სევდია, აღიარებთ, რომ თქვენი ხელისუფლება შეცდომებს უშვებდა!
- უშეცდომო არავინაა და თვით ქალბატონმა რიმა ბერიძემაც თქვა, ვინც საქმეს აკეთებს, შეცდომებიც მოსდისო...
- რა ამის პასუხია და, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, სამართლიანობის აღდგენა სახელმწიფოსთვის ცირკისა და სხვა ქონების დაბრუნებით უნდა დაიწყოსო. მაშინაც, როცა ამ ობიექტების გასხვისება ხდებოდა, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებში იყო - ჯერ მოქკავშირის ფრაქციას ხელმძღვანელობდა, მერე კი იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა...
- ეს რა შუაშია?
- იმის თქმა მინდა, რომ თუკი პრივატიზაცია უკანონოდ ხდებოდა, სააკაშვილი რატომ არ აპროტესტებდა?
- სააკაშვილს პირველად რომ შევხვდი, ამაზე ვეჩხუბე, შევარდნაძე ჩვენ კი არა, სხვას უსმენსო. აბა, ამ ხელისუფლებაში რატომ ხარ-მეთქი. ის სხვა რამისთვის ემზადებოდა - იქ იმიტომ იყო, რომ ის გამხდარიყო, მერე რაც გახდა... რაც შეეხება ქონების დათმობას, ეს, მინიმუმ, ორ კატეგორიად უნდა დაიყოს: ქონება, ვისაც სწორი გზითა და არანეპოტიზმით აქვს მოპოვებული და მილიონობით ღირებული ქონება, 10 ათასად რომ აქვს ნაყიდი, აქ გამოძიებული უნდა იყოს, ვინმეს ზედმეტად გადაუხადა თუ შევარდნაძის გარემოცვის წევრი იყო და ქონება ნეპოტიზმით მიიღო.
- ნეპოტიზმი მიშასაც ახასიათებდა - მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს აგარაკი ერთ ლარად აჩუქა...
- ჰოდა, ძალიან ცუდი. მერე ჩამოართვა, მაგრამ არც უნდა მიეცა. მიშას ყველაფერში კი არ ვეთანხმები, მაგრამ, ვიდრე მიშა არ იტყვის, რუსეთი კარგია და ბაბაია უნდა დავუძახოთო, მისი შეხედულებების მომხრე ვარ. ეს ხელისუფლება ქონებას ,,უპრაგუნოდ' ანუ შერჩევით დააბრუნებს, რათა ხალხს აჩვენოს, სამართლიანობა აღდგა. ადამიანს ქონება შეიძლება, უკანონოდ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ზეწოლისა და წამების უფლება არავის აქვს და ის ხალხი, ვინც ეს გააკეთა, უნდა დაისაჯოს. თუ წამება არ დაჭირვებია, თვითონ დათმო და საპროცესოს ხელი მოაწერა, სამართლებრივად, როგორ უნდა დაიბრუნოს?
- ქონების მფლობელები ნოტარიუსთან ღამღამობით მიჰყავდათ...
- ეს, თავისთავად, არაფერზე მეტყველებს - თუ მომაკვდავი ვარ და ანდერძის დატოვება მინდა, ღამე ნოტარიუსის გამოძახება მეც შემიძლია. იმის გამო, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა! სამართლიანობის აღდგენა ის იქნება, თუ წინა პერიოდშიც გადავლენ, ქონება როგორ და რანაირად აქვთ მიღებული, ასევე, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, ვინც ზემოქმედება მოახდინეს...
- ქალბატონო სევდია, რასაც ახლა გკითხავთ, შეიძლება, არ გესიამოვნოთ: როგორც მითხარით, გვიან მიხვდით, რომ პოლიტიკაში ჩაერთეთ. დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ნანობთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა დაიწყეთ? ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ეს პიროვნულ ტრაგედიად გექცათ - ძმასთან ურთიერთობა გაწყვიტეთ...
- თვითონ ავრცელებს ხმას, რომ თითქოს პოლიტიკასთანაა კავშირში, მაგრამ ეს ზოგად ზნეობრივ შეხედულებებთანაა კავშირში. თუ გახსოვთ, ადრე ამბობდნენ, პარტმუშაკებს გადასხმული სისხლი აქვთო. ჩვენ დისიდენტი ოჯახი ვიყავით - პარტიული არავინ იყო. სადღაც 40 წლის ასაკში, შევარდნაძის ხელისუფლებამ გადაიბირა. შევარდნაძე, დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ მამაჩემის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა... ის პარტიაში მაშინ შეიყვანეს, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და იმ დღიდან მოხდა ჩვენი დაცილება... მერე, ზვიადმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა და ის უკანონო პროცესები - დევნა და დახვრეტის განაჩენები, რომლებიც მან გამოიტანა, ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი ზნეობრივი ლაქაა, რასაც მამა განიცდიდა. ჩემი ქმარი ზვიადის დროს უზენაესი საბჭოს წევრი იყო, ძმაც წევრი იყო, ოღონდ - კომუნისტური პარტიიდან.
- ზვიადმა შეცდომა დაუშვა, როცა კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა?
- დიახ, როცა გროზნოში ვიყავი, ზვიადმა მითხრა, ისეთი მამის შვილი იყო, მეგონა, მასში ქართველობა მეტი იქნებოდაო...
- ყველაფრის მიუხედავად, ქალბატონო სევდია, ძმა გიყვართ?
- რა სასაცილო კითხვაა! კიდეც მიყვარს და კიდეც მებრალება.
- არ გინდათ, შეხვდეთ და შერიგდეთ?
- ამისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ მზად ის არაა!
- ბოლოს, ქალბატონო სევდია, ხომ არ ნანობთ, რომ შემხვდით?
- არა, არა... არაპროფესიონალს, წერა- კითხვა და ქართული რომ არ იცის, ვერ შევხვდები - ვერ იგებს, რას ვეუბნები და გადაატრიალებს. ამიტომ, გუშინვე არ ვნანობდი, რომ შეხვედრაზე დაგთანხმდით... ძალიან ძნელია, როცა რაღაცას თავიდანვე არ სწავლობ, მერე პროფესიონალი იყო. სულ ვამბობდი, ღმერთმა ქნას, საქართველოს ის დრო დაუდგეს, როცა კატებს არ აყეფებენ - ახლა მე ვასრულებ ძაღლის მოვალეობას - როგორც ადვოკატი და იურისტი და კატა ვარ-მეთქი.
- პოლიტიკაშიც კატა ხართ და ძაღლის მოვალეობას ასრულებთ?
- პოლიტიკაშიც ისეთი სულელი არ ვარ, ვფიქრობდე, სწორი მხოლოდ ისაა, როგორც მე ვსაზღვრავ- მეთქი. საქართველოში, ხომ იცით, რა პოლიტიკური მოსაზრებები გვაქვს და არჩევანიც მათ შორის კეთდება, მთვარიდან არავინ მოვა. პოლიტიკაში ჩემს თავთან ორი კითხვა მაქვს: ზვიადი რომ ადგეს, რას იზამდა და მამაჩემი და ჩემი და რომ დამისვან, რას მეტყვიან. აქედან გამომდინარე, მესმის, ჩემი მოსაზრებები, გლობალური პოლიტიკის ასპექტში, შეიძლება, ფასეული არ იყოს და ვცდილობ, ამ მოცემულობაში სწორი არჩევანი გავაკეთო. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი მაქვს გაკეთებული. სხვათა შორის, ღალატი და გადასვლა არაფრად მიმაჩნია - ადამიანი პარტიას გამოიცვლის. უკეთესი რომ გამოჩნდეს, რა თქმა უნდა, გამოვიცვლი. მთავარია, ადამიანი პარტიას ანგარების მიზნით არ იცვლიდეს!
- შეიძლება, ოდესმე ის დრო დადგეს, როცა სევდია უგრეხელიძე ,,ქოცი' გახდება?
- თუ ,,საქოცეთი' საგარეო მიმართებაში თავის შეხედულებებს რადიკალურად შეიცვლის და შურისმაძიებელ პოლიტიკას დატოვებს, რა თქმა უნდა, შეიძლება! მთავარი, სახელი კი არა, მოქმედება და გუნდია! მეკითხებით, პროტესტი რატომ არ გამოაცხადეთო, ადეიშვილი მესიჯებზეც აღარ მპასუხობდა და რა უნდა მექნა, ტყვია მესროლა? სასჯელთა შეკრებისა თუ დაზარალებული სტატუსის გაუქმების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ამ ცვლილებებზე ხელი არ მიმიწვდებოდა და რომ დამეტოვებინა და გავქცეულიყავი, ვფიქრობ, ეს სიმხდალე იქნებოდა. ან ძალიან მაინტერესებს, სად უნდა წავსულიყავი - გაჩეჩილაძესთან?