უკრაინაში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული სკანდალი პიკს აღწევს - დონეცკის პროკურატურამ მათ მიმართ, დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, სს საქმე აღძრა. დონეცკის მერის ცნობით, 500-მდე პირი ჯერ ისევ უკრაინაში რჩება და თან, ზოგიერთი ადგილობრივი და რუსული მედია-გამოცემის ცნობით, ამ ყველაფრის გამო პარტია "რეგიონები" საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა დროებით.
არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორი ლევან თარხნიშვილი ამ ინფორმაციებს არ ადასტურებენ.
აღსანიშნავია ის, რომ რუსული მედია ქართველების მიმართ სს საქმის აღძვრის ფაქტს უკრაინული წყარო "პროუა.კომ"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ საიტზე წერია ისიც, რომ ქალაქის მერმა, ალექსანდრ ლუკიანჩენკომ წერილი გაუგზავნა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გრიგოლ ქათამაძესაც, სადაც სამართალდარღვევებზე შეშფოთება გამოთქვა და ქართველ დიპლომატს სთხოვა "ცესკო-ს რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების ჩასვლა არ დაუშვას".
საქართველოს საგარეო უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და რუსული საიტების საეჭვოობაზე აკეთებს აქცენტს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბაკურ კვარაცხელია "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, მინისტრი საქართველოში არ არის, არც მოადგილეები არიან სამინისტროში, მათ დეპარტამენტს კი არანაირი ცნობა არ მოსვლია. თანაც, რუსული საიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასწორია და ამიტომაც სამინისტრო კომენტარს ვერ გააკეთებს.
ბაკურ კვარაცხელია: "ეს ინფორმაცია რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ არის გავრცელებული, სადაც ასეთი უამრავი რამე იწერება. ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც კი. ჩვენი ოფიციალური წყაროებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება".
"ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორი ლევან თარხნიშვილი დონეცკში სს საქმის აღძვრაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
რაც შეეხება კიდევ 400-500 ქართველი დამკვირვებელის უკრაინაში ყოფნას, თარხნიშვილის განცხადებით, ქართველმა დამკვირვებლებმა უკრაინა არჩევნების მეორე დღესვე დატოვეს.
"ორი თვითმფრინავი უკრაინიდან არჩევნების პირველი ტურის მეორე დღესვე გამოფრინდა, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, საიდან ვრცელდება ეს ინფორმაცია," - აღნიშნავს თარხნიშვილი.
ამ სკანდალზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძეც.
"ამ სს საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს წააგავს იმის მცდელობას ბრალდებებით, დროის გაწელვით, თუ სხვა რაიმე ფორმით ხელი შეუშალონ ჩვენს დამკვირვებლებს მეორე ტურში თავიანთი სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში. დამკვირვებლები არანაირ კრიმინალურ ფაქტთან არ არიან დაკავშირებულები. რაც შეეხება 400 დამკვირვებლის დონეცკში ამჟამად ყოფნას, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის სიმართლე. ყველა დამკვირვებელმა არჩევნების მეორე დღესვე დატოვა უკრაინა", - ამბობს ქავთარაძე.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის შემოღების საფრთხეს, როგორც ქავთარაძე ამბობს, "ვიღაც მესამე ძალა დაინტერესებულია, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაში ბზარი შეიტანოს, თუმცა არ ვიცი კონკრეტულად, ვინ. მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებები, რა სახისაც არ უნდა იყოს, ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობას“.
ცნობისათვის, უკრაინულ და რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის რაიონის პროკურატურამ ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ გაყალბებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლით საქართველოს მოქალაქეებზე სს საქმე აღძრა.
როგორც ქალაქის თავმა ალექსანდრ ლუკიანჩენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე უკრაინის სს კოდექსის 358-ე მუხლის 1 და 2-ე ნაწილებით აღიძრა. საქმეების შესწავლის შემდეგ პროკურატურა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქეების ქმედება არაკანონიერი იყო. მათი ნაწილი ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.
"ჩამოსული 2011 საქართველოს მოქალაქიდან 500-მდე პირს დოკუმენტში ეწერა, რომ უმუშევარია, ზოგს კი საერთოდ არაინარი პროფესია არ გააჩნდა", - განმარტავს ლუკიანჩენკო.
მისივე თქმით, "ამ დროისთვის საქართველოს 400-500 მოქალაქე დონეცკში იმყოფება და ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციას ძაბავენ. თანაც, ქართველების ჩამოყვანა დამატებითაც იგეგმება“.
დონეცკის მერის განცხადებით, "მეორე ტურის მოლოდინში ქართველებმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს, ცდილობენ კერძო ბინებში ჩასახლებას და სასტუმროებში ნომრების მასობრივად დაჯავშნას. საქართველოს ელჩს უკრაინაში გრიგოლ ქათამაძეს წერილი გავუგზავნე, სადაც ამ ფაქტის გამო შეშფოთება გამოვთქვი და ვთხოვე ცესკოს რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების ჩასვლა არ დაუშვას".
გარდა ამისა, პრესკონფერენციისას ლუკიაჩენკომ აღნიშნა ისიც, რომ სასტუმროებს მითითება მისცა ქართველი დამკვირვებლებისათვის ნომრები არ გაეცათ.
ამავე დროს, უკრაინულ ცესკოს ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაცია მეორე ტურისათვის ჯერ კიდევ არ დაუკმაყოფილებია.
დონეცკის მერის პრესკონფერენციის შემდეგ "რეგიონების პარტია" საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდის.
პარტიის წარმომადგენელი ლეონიდ კუჟარა აღნიშნულის საბაბად ქვეყანაში ქართველი დამკვირვებლების ჩასვლას ასახელებს და განმარტავს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება მხოლოდ "ურთიერთობის გარკვევამდე" უნდა მოხდეს.
"ჩვენ პრეზიდენტისგან მოვითხოვთ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესებას იქამდე, ვიდრე ქართული მხარისგან დამკვირვებლების თაობაზე განმარტებებს არ მივიღებთ," - განაცხადა კუჟერომ. მისივე მტკიცებით, ქართველი დამკვირვებლების დიდ ნაწილს არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უკრაინა არ დაუტოვებია.