ჯაბა იოსელიანი ბრუნდება!

ჯაბა იოსელიანი ბრუნდება!

გუშინ თბილისში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: თავისუფლების მოედანზე (!!!) „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების  მცელობა როდი მაქვს მხედველობაში - თუმცა, ეს, თავისთავად, უპრეცედენტო შემთხვევაა. სულ სხვა კატეგორიის, მაგრამ არანაკლებ ნიშანდობლივი იყო ჯაბა იოსელიანისა და „ტყის ძმების“ მეთაურის - დათო შენგელიას ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც „ბებერმა მოჯაჰედინმა“ მრისხანედ გააფრთხილა „ყველა“, არაფერი შეეშალოთ და შენგელიას პროვოკაციები არ მოუწყონ.

საქმე ეხება ხუთ აფსუა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც, გალში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, ქართველმა პარტიზანებმა იგდეს ხელთ. ისინი ცდილობენ, ტყვეები გაცვალონ სამ პარტიზანში, რომლებიც სეპარატისტმა ფაშისტებმა დაატყვევეს და აწამეს სოხუმის იზოლატორში.

აფსუები სამეგრელოს რომელიღაც სოფელში ჰყავთ დამწყვდეულნი და სულაც არ არის გამორიცხული, იქიდან გაექცეთ, მაგრამ შენგელია მაინც არ თანხმდება სამართალდამცავი ორგანოებისთვის (ანუ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის) მათ გადაცემაზე, ვინაიდან არის საშიშროება, რომ აფსუა სეპარატისტები გაიცვალონ მხოლოდ მშვიდობიან ქართველ ტყვეებში, ხოლო სამი ქართველი ჯარისკაცი იმავე ჯურღმულში დარჩეს.

მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული სიმპტომი იმისა, რომ არძინბას ხროვა იმუქრება გალში ანტიქართული ტერორის გაჩაღებით, ენგურჰესიდან დასავლეთ საქართველოსა და თბილისისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ შენგელიას რაზმის მიერ დატყვევებული სეპარატისტები არ იქნებიან გათავისუფლებულნი.

დათო შენგელია, როგორც ჩანს, გრძნობს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება სცადოს მისი „დარწმუნება“, რომ არ დაუშვას გალის 1998 წლის მაისის მოვლენათა მსგავსი (ან უარესი) უბედურების დატრიალება - სეპარატისტთა ბანდას, ფაქტობრივად, მძევლებად ჰყავს აყვანილი სამურზაყანოს მთელი ქართველობა.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკაშვირებით, ვითარება იძაბება თბილისშიც: აქციებს მართავენ როგორც დატყვევებულ ქართველ მეომართა, აგრეთვე, ბაბუშერას აეროდრომზე დაღუბულების ნათესავებიც.

ჯაბა იოსელიანისა და დათო შენგელიას პრესკონფერენცია ადასტურებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს - მით უმეტეს, ერთგვარი სახელისფლებო ვაკუუმის პირობებში, რაც „ამერიკული მოდელიდან“ – „მინისტრთა კაბინეტზე“ გადასვლას უეჭველად ახლავს თან.

ვინ რას მოიმოქმედებს ამ პერიოდში, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, თუმცა ჯაბა იოსელიანი, ეტყობა, პოლიტიკიდან წასვლას სულაც არ აპირებს და, საერთოდ, „ბებერ მოჯაჰედინს“  რომ უყურებ (ეს სახელი გია ჭანტურიამ შეარქვა), სულაც არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ მან თავისი ბობოქარი ცხოვრება უკვე დაასრულა და მშვიდად პენსიონერობას აპირებს.

განცხადება: „დათო შენგელიასთან არავის არაფერი შეეშალოსო“ - ყველაზე სერიოზული პოლიტიკური დემარშია მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ვარიაციები. „ნეიტრალიტეტი“ თემაზე.

რაც ყველაზე საგულისხმოა: დათო შენგელია, პარტიზანთა სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით „ზვიადისტი“ არასდროს ყოფილა - იგი ყოველთვის გამსახურდიას მოწინააღმდეგე იყო და „მხედრიონის“ სათავეებთანაც იდგა.

ამის გათვალისწინებით, არც არის გასაკვირი, თუ ჯაბა ასე აქტიურად გამოეხმაურა, თუმცა, ის ფაქტი, რომ შენგელია უშიშრად ჩამოვიდა თბილისში, აშკარად მეტყველებს: ოფიციალური სტრუქტურები რაიმე გადამჭრელი ზომების მიღებას არ აპირებენ და, კაცმა რომ თქვას, სამისოდ საფუძველიც არ არსებობს.

ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა გადაეცეთ სეპარატისტებს მათი „ბოევიკები“ - თუ სანაცვლოდ ვერ დავიხსნით პარტიზანებს? ამ სიტუაციიდან უმტკივნეულო გამოსავალი, ფაქტობრივად, არ არსებობს: რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ლაპარაკი ზედმეტია. იალტაში „ერთობლივმა სიმღერამ“ შედეგი ვერ გამოიღო და, საერთოდ, აფხაზეთის ქართული თემის ელიტას არ უნდა დაავიწყდეს, რომ იგი შეიძლება კიდეც შერიგდეს „კოლეგებთან“, მაგრამ ეს არ ნიშნავს რიგითი ქართველებისა და აფსუების შერიგებას. კავკასიაში სისხლს ასე ადვილად არ ივიწყებენ.

ამ ფონზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იხილავს „საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსს“ და გალის რაიონში შექმნილ მდგომაროებას. რუსეთის დიდი ძალისხმევით, პირველი საკითხი, უკანასკნელი ინფორმაციით, კვლავ მიიჩქმალა და, ძირითადად, იმაზე მსჯელობენ, თუ რა თავგასულად მოქმედებენ ქართველი „ტერორისტები“ მშვიდობიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წარმომადგენელი, ფაქტობრივად, არძინბას ახმოვანებს. მაშასადამე, გაერო ამ სრულიად უმაქნისი, ბიუროკრატიული ორგანიზაციის ჩვეულებას არ ღალატობს. მისი „შუამავლობა“ ენგურს არ გასცილებია.