1956 წლის 9 მარტი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 55 წლის წინ, მოსკოვში გამართულ XX პარტყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ, რესპუბლიკაში მღელვარებამ იფეთქა. სწორედ ამ მღელვარებისა და უკმაყოფილების ჩახშობამ შინაგანი ჯარების ძალებით ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.
ყველაფერი 5 მარტს, იოსებ სტალინის გარდაცვალების მორიგ წლისთავზე დაიწყო. ასობით თბილისელმა მოიყარა თავი მტკვრის სანაპიროზე, პარკში, მშრალ ხიდთან, სადაც "ხალხთა მამის" ძეგლი იყო აღმართული. ისინი გვირგვინებით ამკობდნენ ძეგლს, კითხულობდნენ საყვარელი ბელადისადმი მიძღვნილ ლექსებს და აკრიტიკებდნენ ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელმაც ორი კვირით ადრე სკკპ XX ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტი დაგმო.
იმავე დღეს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმპროვიზებული მიტინგი გამართეს. სწორედ ამ მიტინგზე გაისმა პირველად საკრამენტული მოწოდება: "არ დავუშვათ სტალინის კრიტიკა!" მიუხედავად იმისა, რომ მიტინგი სტიქიური და არასანქცირებული იყო და ხელისუფლების გამოწვევად აღიქმებოდა, იმ დღეს არც მიტინგი დაუშლიათ და არც მონაწილეები დაუპატიმრებიათ. გულმოცემულმა სტუდენტებმა მეორე დღესაც გააგრძელეს საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც ქალაქის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი არც იმ დღეს დაურბევიათ. მესამე დღეს, 7 მარტს, სტუდენტების კოლონა სტალინის პორტრეტებით რუსთაველის პროსპექტის გავლით ლენინის მოედნისკენ დაიძრა.”მოგვიანებით სტუდენტებს მუშები, მოსამსახურეები და ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილიც შეუერთდა.
დედემონსტრაციების ტალღა აგორდა გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. ეს კი რესპუბლიკაში მოარული იმ ხმებით იყო გამოწვეული, რომელთა თანახმად ხრუშჩოვის გამოსვლა ყრილობაზე მხოლოდ სტალინისა და ლავრენტი ბერიას კი არა, არამედ მთელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული.
8 მარტს ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. თუ თავიდან ლოზუნგების შინაარსი ასეთი გახლდათ: "სტალინი ჩვენი დროშაა!" "გაუმარჯოს პარტიას, ლენინსა და სტალინს!", მოგვიანებით ცკ-ის პოლიტბიუროს გადადგომის მოთხოვნებიც გაისმა და ისეთი ლოზუნგიც, რომელიც ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებდა.
9 მარტამდე ოფიციალური ხელისუფლება და მილიცია პარალიზებულებივით იყვნენ. უფრო მეტიც, შსს-ს ზოგიერთი თანამშრომელი თავად გამოდიოდა ქუჩებში პლაკატებით ხელში და გაიძახოდა: "ლენინი! სტალინი!" ცხრაში დილით კი ლენინის მოედანზე გამართულ მიტინგზე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე გამოვიდა. მან სიტყვა რუსულად დაიწყო, მაგრამ მომიტინგეთა მოთხოვნით ქართულ ენაზე გააგრძელა, რომელსაც ცუდად ფლობდა. იქ მყოფთ ძირითადად დაშლისკენ მოუწოდებდა, მერე რაღაც-რაღაცებს შეჰპირდა და ცკ-ის შენობას მიაშურა. იმავე დღეს ადგილობრივი გაზეთები სტალინის შესახებ დადებითი სტატიებით გამოვიდა - ასეთი იყო მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა, მაგრამ ახლა ხალხი ამით აღარ კმაყოფილდებოდა...
"ცხრა მარტს, საღამოს მიტინგზე წამოაყენეს წინადადება ცენტრალურ ტელეგრაფში, რომელსაც ხალხი "კავშირგაბმულობის სახლს" ეძახდა, რამდენიმე ადამიანი გაგვეგზავნა, რათა მათ მოსკოვში პროტესტისა და სტალინის ერთგული მეგობრის, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვის დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამები გაეგზავნათ. ტელეგრამების სხვა ადრესატებიც იყვნენ, თვით გაეროც კი... ამ დროისთვის ქალაქის ყველა სტრატეგიული ობიექტი შინაგან ჯარებს ჰქონდათ დაკავებული. რა თქმა უნდა, ბიჭებს ტელეგრამას ვინ გააგზავნინებდა. ისინი დააკავეს. ეს ამბავი რომ გავიგეთ, მეგობრების გასათავისუფლებლად მომიტინგეთა ნაწილი რუსთაველის პროსპექტისკენ წავედით, ჩემს ორ თანაკლასელთან ერთად წინა რიგებში მივაბიჯებდი.
კავშირგაბმულობის სახლის წინ ჯარისკაცები რომ არ იდგნენ, გული მოგვეცა და შენობაში შევედით. მაგრამ მთავარი შესასვლელის კარს უკან ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები დაგვხვდნენ.
"...პირველი ტაშისცემის მსგავსი ხმები რომ გაისმა, თავიდან ვერ მივხვდით, რომ ისროდნენ. ალექსანდრეს ბაღის ღობესთან ვიდექი, კავშირგაბმულობის სახლიდან 50 მეტრში. ვიღაცამ დაიძახა, ნუ გეშინიათ, ფუჭ ტყვიებს ისვრიანო, მაგრამ უეცრად დავინახეთ, რომ პროსპექტის სავალ ნაწილზე ერთი ადამიანი დაეცა, მერე მეორე და გაისმა ყვირილი: "დაწექით, თორემ ყველას ამოგვხოცავენ!" სროლა, 8-10 წუთს გაგრძელდა. გაისმა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. საიდანღაც სატვირთო მანქანები გაჩნდა. ამ მანქანებში ჩაყარეს მოკლულები და დაჭრილები" - იხსენებს მოვლენათა მონაწილე ოთარ ურუშაძე.
საუბედუროდ, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ჯარის ნაწილები სანაპიროს პარკისკენ დაეშვნენ, სადაც მიტინგი მიმდინარეობდა და იქ ნამდვილი სასაკლაო გამართეს. ცხედრებს პირდაპირ მტკვარში ყრიდნენ. ქალაქის მორგები გადავსებული იყო, ბევრი იმავე ღამით დამარხეს საერთო საფლავში. მოგვიანებით ნათესავებმა რის ვაი-ვაგლახით მოიპოვეს ცხედრების გადასვენების უფლება.
ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს. ტელეგრაფთან განვითარებული ამბების ეპიზოდის საექსპერტო კომისიის წევრის, ვინმე მათიაშვილის აღიარებით, რუსთაველის პროსპექტზე 27 კაცი დაიღუპა, ძირითადად, სტუდენტები და უფროსკლასელები, ხოლო პარკში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყდა ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულიყო. ისტორიკოს ვახტანგ გურულის აზრით, სანაპიროზე მსხვერპლთა რიცხვი 80-მდე კაცს შეადგენს.
ტრაგიკული დასასრულის მომდევნო დღესვე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ორგანო, გაზეთი "ზარია ვოსტოკა" გამოვიდა სარედაქციო სტატიით ხალხის მასობრივი გამოსვლების ანტი-ბოლშევიკური და ნაციონალისტური ხასიათის შესახებ. უფრო მეტიც, სტატიაში ირწმუნებოდ-ნენ, რომ ეს იყო "კარგად დაგეგმილი და მომზადებული ბუნტი თურქული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით. საბედნიეროდ, ეს ვერსია საპნის ბუშტივით გასკდა... და მაინც, საბჭოთა სარეპრესიო მანქანას რეაგირება უნდა მოეხდინა მომხდარზე - მომდევნო დღეებში 300 კაცი დააკავეს, მათგან 39-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მალევე გაუშვეს სახლებში და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიუსაჯეს მცირევადიანი პატიმრობა.
56 წლის სისხლიანი მარტი მრავალი ადამიანის მეხსიერებაში მოუშუშებელ ჭრილობად რჩება.