ისევე როგორც ბლუზისა და როკ’ნ’როლის, ფსიქოდელიის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია; თუმცა ამას მხოლოდ მაშინ ვაღიარებთ, თუკი როკის ფარგლებს გავცდებით და ერთ ჯაზურ შედევრს გავიხსენებთ.
დიდი ჯაზ დრამერი - არტ ბლეიკი 1990 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისშიცაა ნამყოფი და მონაწილეობა აქვს მიღებული ჯაზ ფესტივალზე. იქამდე გაცილებით ადრე - 1957 წელს, კი მან ორდისკიანი ალბომი - Orgy In Rhythm ჩაწერა.
ალბომში შესული რვავე კომპოზიციის ავტორი არტ ბლეიკია, თუმც ნაწარმოებს ნადვილად ბევრი რამ მოაკლდებოდა, რომ არა მასში ფლეიტისტ ჰერბი მენის მონაწილეობა.
აქვე ვხვდებით პიანისტ რეი ბრაიანტსა და ბასისტ ვენდელ მარშალს; მაგრამ მთავარი ნაწარმოებში არტ ბლეიკის თანმხლები რვა (!) პერკუსიონისტია, რომელთაც დრამ სექცია ფაქტობრივად ვოკალისტის ფუნქციამდე მიყავთ. ხმის ჩამწერ ლეიბლ The Blue Note-ის ინჟინრების დიდი დამსახურებით კი ვინილის ფირფიტის ჟღერადობა მომაჯადოვებელ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე, ითრევს რა მას აფრო-ამერიკული რიტმების წიაღში ფლეიტისა და ადამიანების ტყიური ამოძახილების ფონზე.
Orgy In Rhythm ბუნებრივია, რომ იმ პერიოდის ერთადერთი ჯაზ-ფსიქოდელიური ალბომი არაა და ამ არარსებული ჟანრის კიდევ არაერთ შედევრს ინახავს მუსიკალური წარსული.
ადრეც გვისაუბრია, რომ აშკარაა მუსიკალურ კრიტიკაში ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული სიცარიელეები და ისინი ეტყობა მომავალში აღარც შეივსება, მაგრამ ამა თუ იმ რეპერტუართან სიღრმისეული მიდგომა, შეფასებისას ყოველთვის ახლის ძიებისკენ, მისი მაქსიმალურად სწორად გააზრებისკენ და ფუნქციის გარკვევისკენ გვიბიძგებს.
ასეთი შესავლის შემდეგ, უცნაურია, რომ ვთქვათ, მაგრამ ტერმინი - ფსიქოდელიური ჯაზი, არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ ეს უბრალოდ იმდროინდელ კრიტიკოსებს გამოეპარათ, ან შემთხვევით ჩვენ ხომ არ ვაფასებთ ზოგადად არასწორად „ფსიქოდელიას“ - საფეხურს, რომელიც მეორეს მხრივ, აუცილებლად გაივლიდა ჯაზურ ჭრილში, როკ მუსიკაში აღმოცენებამდე, როგორც ეს მოხდა ბლუზთან დაკავშირებით...
ფსიქოდელია ხომ განწყობაა, როდესაც მსმენელს ტანთ ჟრუანტელი უვლის (თუკი გემოვნება აქვს) გარკვეული რეპერტუარის მოსმენისას და ეს რეპერტუარი არ მიეკუთვნება, მაგალითად... მაიკლ ჯექსონს.
ჯაზისა და როკის დანიშნულებაში კი ეჭვი არავის ეპარება და ფსიქოდელია ჯაზში ისევე დასაშვებია, როგორც როკში, სადაც ეს ტერმინი უკვე გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში დამკვიდრდა.
როკ მუსიკის განხრით, The Beatles-მა, The Rolling Stones -მა და The Animals-მა ჰიპებს სულ რაღაც თვეებით დაასწრეს, ტიმოტი ლირის ექსპერიმენტმა ამერიკულ ახალგაზრდებში დიდი გამოხმაურება და რაც მთავარია გამოყენება ჰპოვა და მალე დასავლური სამყარო ახალ - ჰიპურ ენაზე ალაპარაკდა.
პროფესიონალი ჯაზური სამყაროსგან განსხვავებით, ახლად წამოჩიტულ ჰიპურ როკში, ზნე და გარეგნული სახე გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ. ამგვარად, ამერიკაში დაიწყო დაკვრა ყველამ, ვისაც კი გრძელი თმა ჰქონდა და ვინც ნარკოტიკებით ნებივრობდა.
ახალგაზრდები თვითდამკვიდრებას ახალი ხერხებით ცდილობდნენ და ვიეტნამის უზნეო კამპანიასა თუ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას, მათთვის არაფრისმთქმელ მამების თაობას მიაწერდნენ.
პროტესტის ფორმამ შეაღწია სიმღერათა ტექსტებში, რაც შეძლებისდაგვარად მალავდა დილეტანტურ დაკვრას და მსმენელის ყურს აჩვევდა ახალი ჟანრის სიხალასეს.
ჰიპურმა ფსიქოდელიამ ამერიკაში ფაქტობრივად 1965-1970 წლებში იარსება და მწვერვალს 1967-1968 წლებში მიაღწია, როდესაც დამწყები მუსიკოსები შედარებით დაიხვეწნენ და ჯგუფებმა ერთ ან ორწლიანი გაუთავებელი რეპეტიციებისა და კონცერტების შემდეგ, თავ-თავიანთი სადებიუტო ალბომები ჩაწერეს.
სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის The Doors-ის, Jefferson Airplane-ის, Quicksilver Messenger Service-ის, Steppenwolf-ის, Big Brother And The Holding Company-ისა თუ Crosby, Stills & Nash-ის პირველი ჩანაწერები.
გაივლის წლები და დამკვიდრდება საყოველთაო აზრი, რომ თითქოს ამ ჯგუფების საწყისი პერიოდის ნამუშევრები, მომდევნოებზე უფრო ძლიერია.
ძნელია არ დაეთანხმო ამ აზრს. მიზეზს კი ჰიპიზმის თანდათანობით გადავარდნასთან ერთად, მისი თანმდევი ფსიქოდელიური ელფერის მოკლებაში უნდა ვეძიოთ.
მართლაც, თუკი ერთმანეთს შევადარებთ The Doors-ისა და Steppenwolf-ის სადებიუტო ალბომებს ამ ჯგუფების ოთხი წლის შემდგომ ნამუშევრებს (შესაბამისად L.A. Woman და For Ladies Only), დავინახავთ, რომ ამ უკანასკნელთ „რაღაც“ აკლია, ხოლო ეს „რაღაცა“ კი სწორედ, რომ ფსიქოდელიის დეფიციტში უნდა ვეძიოთ, რადგან სურნელი გაცილებით მეტი მოაქვს The End-ს, ვიდრე L.A. Woman-ს.
თუკი The Doors 1971 წელს დაიშალა და მორისონის გარდაცვალებამ ცოტათი ადრე გადაწყვიტა ჯგუფის ისედაც გარდუვალი დაშლის პროცესი, Jefferson Airplane-მა სახელიც იცვალა, სახეც და საბოლოოდ სრული სიცარიელე დატოვა 70-იანების მეორე ნახევრის შემოქმედებით.
თუკი კომერციულად გამართლებულ ჯგუფებზე ასე მტკივნეულად იმოქმედა ეპოქის მოთხოვნებმა და ქარტეხილებმა, აბა წარმოვიდგინოთ, რა დაემართებოდათ ჯგუფებს, რომლებიც კრიტიკამ თავიდან ჯეროვნად ვერ დააფასა, დისკების გაყიდვა ჩაუვარდათ და... მხოლოდ კომპაქტ დისკების ეპოქაში გაახსენდათ მათი არსებობის შესახებ.
არსებობს უამრავი ამერიკული „ჩრდილოვანი“ ბენდი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ზემოთხსენებულ „ბობოლა“ ჰიპებს, მაგრამ მათი კომპაქტ დისკების გარეკანზე ზოგჯერ ამა თუ იმ მუსიკოსის გვარი, საერთოდ არაა მოხსენიებული და ისიც არაა ცნობილი - ცოცხალია თუ არა იგი.
ამერიკული ფსიქოდელიური კოლექტივებისათვის სულაც არაა დამახასიათებელი ვირტუოზული დაკვრა. მეტიც, წარმოუდგენელია მაგალითად რობერტ კრიგერისგან ფილიგრანული დაკვრის ტექნიკა, რაც სულაც არაა უცხო მისთვის, მაგალითად, 1977 წლის ფიუჟენ ალბომში.
ბრიტანელი „ფსიქოდელიკებისგან“ განსხვავებით, ამერიკელებისთვის სულაც არ ყოფილა საჭირო ჯგუფგში ვირტუოზი დრამერები და გიტარისტები. ინგლისში კი, სადაც „ტანთ ჟრუანტელი“ ძირითადად პროგრესივ განხრით ვრცელდებოდა, დაკვრის ტექნიკა არასოდეს ყოფილა მეორეხარისხოვანი…
(გაგრძელება იქნება)