ჯაბა ჯავახიშვილი - რუსი ნეონაცისტების ქართველი

ჯაბა ჯავახიშვილი - რუსი ნეონაცისტების ქართველი "ატამანი"

2010 წლის 25 თებერვალს მოსკოვში ბოლო წლებში ყველაზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი დამთავრდა, რუსეთში ყველაზე სასტიკი სკინჰედთა ჯგუფი "თეთრი მგლები" გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მოზარდ სკინჰედთა ჯგუფს (მათი თვით ვეტერან სკინჰედებსაც ეშინოდათ) 18 წლის ქართველი ალექსანდრე ჯავახიშვილი - იგივე ჯაბა, ხელმძღვანელობდა. ჯგუფში სულ 12  წევრი იყო, აქედან ერთი - არასრულწლოვანი.

სკინ ჰეად-ი (მელოტი თავი) - გასული საუკუნის 60-იან წლებში ინგლისის ახალგაზრდა მუშათა ინტერნაციონალური გაერთიანება იყო, რომლის წევრები იამაიკელი მუშებიც იყვნენ . როდესაც ინგლისში ე.წ. ფეხბურთის ხულიგნების (საფეხბურთო კლუბების ფანები) ბანდები შეიქმნა და  ტრიბუნებზე მუშტი-კრივი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, სკინჰედებმა თავის გადაპარსვა დაიწყეს, რათა მოქიშპეებს მათი თმით დაჭერა ვერ მოეხერხებინათ.

80-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა თანამემამულეებს შესთავაზა, სამუშაოდ უცხოელი იაფფასიანი მუშახელი აეყვანათ. სწორედ ამ დროიდან მუშათა გაერთიანება "სკინჰედები" ინტერნაციონალურ, მოგვიანებით კი ნაციონალისტურ გაერთიანებად იქცა.

რუსეთში სკინჰედები 1991 წელს გამოჩნდნენ. პირველი თაობის ნეონაცისტები მოსკოვის და პეტერბურგის ტექნიკუმებისა და პროფტექნიკუმების სტუდენტები იყვნენ. 90-იან წლებში სკინჰედების გაერთიანებაში 1000 წევრი იყო, დღეს კი 60-70 ათასია.

"სკინჰედების მტრები - ებრაელები, ემიგრანტები, ნარკომანები, ჰომოსექსუალები და კომუნისტები არიან. ეს არის კაცობრიობის ჭუჭყი, რომელიც ერს ალპობს. ჩვენ დავიღალეთ ნარკომანებისა და ჩინელებისგან ქალაქებში, ჩვენ არ გვინდა მთელი დღე ტელევიზორს ვდარაჯობდეთ, - იქნებ თეთრ ადამიანს მოვკრათ თვალიო. ჩვენ გვეზიზღება რასობრივი აღრევა. ეს ერს კლავს, მაგრამ ჩვენ ხელს არ ვკიდებთ ბომჟებს, რადგან ისეთი ხვალ შეიძლება ნებისმიერი გახდეს“.

"თეთრი მგლები" 2007 წლის მარტში შეიქმნა. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი ნაცისტურ ფორუმებზე გაიცნეს. პირველად 2007 წლის 20 აპრილს, ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ. ამ დღის აღნიშვნა "შესაფერისად" გადაწყვიტეს - "თეთრი მგლები" სანადიროდ გამოვიდნენ. მათი მეთაური 15 წლის, მეცხრეკლასელი ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო. მსხვერპლი მალე იპოვეს - გზაზე შემთხვევით გადააწყდნენ 42 წლის უზბეკ ხუდოიყულ ჩორიევს, რომელიც მაღაზიაში საყიდლებზე მიდიოდა. "მოსკოვი მხოლოდ მოსკოველებისთვის" -  ჯავახიშვილი პირველი დაესხა თავს ჩორიევს და თავში მუშტი ჩაარტყა, მეთაურს ჯგუფის კიდევ 5 წევრი მიეშველა - ჩორიევი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი იქვე დაგდებული მორით თავი გაუჭყლიტეს და ყელი გამოსჭრეს.

გარდაცვლილი მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს. ჯავახიშვილის ბრძანებით, მკვლელობას ვიდეოზე იღებდნენ. მალე ინტერნეტში ჩორიევის მკვლელობის კადრები გაჩნდა, მას თავად ჯავახიშვილი ახმოვანებდა,”- "ჩვენ თუ ახლა ეს არ გავაკეთეთ, ხვალ საცხოვრებელი აღარსად გვექნება", - ქართველი მეთაურის ეს სიტყვები მალე "თეთრი მგლების" სავიზიტო ბარათი გახდა. ორი თვის შემდეგ”"თეთრი მგლები" შიშის ზარს სცემდნენ მთელ მოსკოვს, ჯავახიშვილის ჯგუფმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობა (რიგით მეათე!) 2007 წლის 25 დეკემბერს ჩაიდინა, როცა "თეთრი მგლები" კათოლიკური შობის აღსანიშნავად სანადიროდ გამოვიდნენ. მათი მსხვერპლი ამჯერად ყირგიზეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც ახალგაზრდებმა 70 ჭრილობა მიაყენეს დანით.

"თეთრი მგლების" დაკავება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს მოხერხდა. ჯგუფის წევრები სტუდენტები  და შეძლებული ოჯახების შვილები აღმოჩნდნენ. შვილის ნაცისტობას ჯავახიშვილის დედა, ირინა არ იჯერებდა. "ჩვენი ოჯახი ინტერნაციონალურია. ალექსანდრეს მამა ქართველია. ნათესავები გვყავს  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. როდესაც ალექსანდრეს ვურჩიე, რუსულ გვარზე გადმოსულიყო, მკითხა, - რატომ, მე ქართველი ვარო.”ადამიანი, რომელიც მოითხოვს, მას ქართულად ჯაბა დავუძახოთ, შეიძლება რუსი ნაცისტი იყოს?"

დაკავებული "თეთრი მგლები" დანაშაულს არ აღიარებდნენ, და როგორც სკინჰედები ამბობენ, თავი ღირსეულად ეჭირათ, ტელევიზიით ჯავახიშვილის ჩვენებისას სკინჰედები ქუჩაში გამოდიოდნენ და მღეროდნენ: "აი, ასეთები ვართ ჩვენ, გმირები, თავგაპარსულები!"

"თეთრი მგლების" სასამართლო პროცესებმა საზოგადოება ძალიან დააინტერესა, არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა ჯაბა ჯავახიშვილზე -   რუსი ნეონაცისტების ქართველი "ატამანი"? -   ეს ერთგვარი ნონსენსიც იყო, - რუსეთში კრიმინალური სამყაროს შემდეგ ქართველები ახლა რუს სკინჰედებსაც მწყემსავენ, - უკმაყოფილოდ ბურტყუნებდნენ კულუარებში. სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან "თეთრი მგლების" ერთი წევრი არასრულწლოვანი გახლდათ.  სასამართლო ვერდიქტის მომლოდინე საზოგადოებას ერთი რამ აინტერესებდა, - რატომ იყო ყველა ცნობილ სკინჰედთა გაერთიანების ხელმძღვანელი არარუსი. რუსეთში ეროვნულ ნიადაგზე მკვლელობისთვის პირველი სასამართლო 2003 წელს გაიმართა.

მაშინ სკინჰედების ჯგუფმა, მოსკოვის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში, სომეხი ეროვნების მოქალაქე მოკლა. ჯგუფის მეთაური ზაურ რაფიევი ნახევრად აზერბაიჯანელი, ხოლო ცნობილი პეტერბურგელი სკინჰედი როტისლავ გოფმანი ებრაელი იყო. ის შემდეგ მოძმე სკინჰედებმა მოკლეს ებრაელობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სკინჰედები უპირველეს მტრად ებრაელებს მიიჩნევენ, მათ გაერთიანებაში ხშირად შეხვდებით ებრაელებს. 2009 წელს მოსკოვში სამართალდამცავებმა დააკავეს ადვოკატ მერკელოვისა და ჟურნალისტ ბაბურინას მკვლელი სკინგოგონა ევგენია ხასისი.

მისმა ძმამ, რომელსაც დისთვის ნეონაცისტობის ბრალდების აცილება უნდოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ჩვენ რუსები კი არა, ებრაელები ვართო. ამ ინტერვიუმ დიდი სკანდალი გამოიწვია მედიაში, ებრაელები ნეონაცისტთა რიგებში რომ აღმოჩნდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევგენია ხასისმა განაცხადა, - ბერძნები ვართო, მაგრამ ეს უკვე აღარავინ დაიჯერა.  ასევე არარუსია ცნობილი სკინგოგონა ევგენია ჟიხარევა, რომელიც  იმ ათ არასრულწლოვან ნეონაცისტთა ჯგუფს მეთაურობდა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 4 მკვლელობის მცდელობაში, რკინიგზის სადგურზე, ნიკოლოზ წინასწარმეტყველის ეკლესიაში (სადაც არარუს ქრისტიანთა მრევლი იყო) და მაკდონალდსის რესტორანთან აფეთქებების მოწყობაში.

2009 წლის დეკემბერში გაასამართლეს სკინჰედთა ერთი არანაკლებ ცნობილი ჯგუფი, რომელსაც სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტი არტურ რინო ხელმძღვანელობდა. რინო ნახევრად უდმურტი და ნახევრად ჩუქჩი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისმა ჯგუფმა 20 მკვლელობა ჩაიდინა და 12-ის მცდელობა ჰქონდა, ნაცისტურ ფორუმებზე განაცხადეს, რინოს რასობრივი ამნისტია შეეხოო.

2010 წლის 25 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, ედუარდ ჩუვაშოვის ხელმძღვანელობით,"თეთრ მგლებს" განაჩენი გამოუტანა, საქმეს ნაფიც მსაჯულთა ჯგუფიც ესწრებოდა. მათ პროკურატურის მოთხოვნა, მკაცრად დაესაჯათ მკვლელები, გადამეტებულად მიიჩნიეს. "რუსეთის პროკურატურა ჩეჩენი საველე მეთაAურების მიმართ უფრო ჰუმანურია, ვიდრე ამ ახალგაზრდებისადმი."

რომ არა მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი, შეიძლება "თეთრი მგლები" სანადიროდ კვლავ გამოსულიყვნენ. ჯაბა ჯავახიშვილს 6 წელი მისცეს, ჯგუფის სამი წევრი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს(?!)...

"სკინჰედის შურისძიება უნდა იყოს დროული და სასტიკი, ნამდვილი სკინჰედი  ყოველთვის იძიებს შურს მეგობრისთვის. სავალდებულო შურისძიება სკინჰედთა გაერთიანების ავტორიტეტს ზრდის. მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ სკინჰედის წყენინება მთელი ორგანიზაციის გამოწვევაა. მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ყოველთვის პასუხს აგებენ, მათ ყოველთვის მოსძებნიან და აღგვიან პირისგან მიწისა“.

2010 წლის 12 აპრილს მოსკოვში, თავისი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი. მას მაშინ ესროლეს, როდესაც დილით სამსახურში მიდიოდა. სამართალდამცავებმა ეს ამბავი რომ გაიგეს, საგამოძიებო იზოლატორი, სადაც "თეთრი მგლების" წევრები ისხდნენ, პოლიციის კორდონით გაამაგრეს და ახლომდებარე ქუჩები გადაკეტეს.

მოსამართლე ჩუვაშოვს, რომელმაც გისოსებს მიღმა "თეთრი მგლების" გარდა, "სისხლიანი ბათინკები"და  რინო-კრაჩევსკის”ჯგუფიც გაისტუმრა, დიდი ხანია ემუქრებოდნენ ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები და მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, მოსამართლეს შესაბამისად "გასწორებოდნენ". ჩუვაშოვს სამართალდამცავებმა დაცვით უზრუნველყოფა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა, “- მე კანონი და სამართლიანობა მიცავსო. მკვლელი იქვე მდებარე მაღაზიის ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ის ნეონაცისტი ალექსანდრ  კორშუნოვი აღმოჩნდა...

"თავგაპარსულები - თავისი ერის და თავისი რასის თეთრი მეომრები არიან. სწორედ ისინი დგანან რასობრივი ომის წინახაზზე და ყოველდღე იბრძვიან თეთრი რასის მომავლისა და თავისი ხალხის ბედნიერებისთვის. იIყო სკინჰედი, ნიშნავს იყო შენი ხალხის და შენი მიწის პატრიოტი.”მიგრანტები და ემიგრანტები დიდ რუსეთს არ სჭირდება, მათ რუსი ხალხისთვის ზიანი მოაქვთ. ისინი ყოველდღიურად იკავებენ ჩვენს ადგილს სამსახურებში, მერხთან თუ აუდიტორიაში, სცენასა თუ ტრიბუნაზე, ეზოსა თუ ოჯახში, სულში გვიძვრებიან. აAმიტომ სკინჰედთა ბრძოლა საკუთარი მიწისა და ხალხისთვის დაუნდობელი იქნება".

სკინჰედის კოდექსი