მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ერქვა, თუმცა მისგან ახლა მხოლოდ ანდერძია დარჩენილი: დაღუპვის შემთხვევაში ხელს გარემოცვისკენ იშვერს, ცოლებს მისი ხსოვნის პატივისცემას სთხოვს, შვილებს კი „თალიბებთან“ კავშირის დამყარებას არ ურჩევს. იწყება თუ არა უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციით ახალი, უღრუბლო და უტერაქტებო ეპოქა, რა კავშირი აქვს აშშ-ის მიერ ჩატარებულ ამ სპეცოპერაციას არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან და რა რყევებს უნდა ველოდოთ მსოფლიოში უახლოეს მომავალში? – თემაზე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
როგორია ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ მსოფლიოში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები?
– ბინ ლადენის ლიკვიდაცია, უდავოდ, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა. ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, წინ აღუდგეს ნებისმიერ გამოწვევას: ნებისმიერ პოლიტიკურ-რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე გაღვივებულ შურისძიებასა თუ ტერაქტებს, მაგრამ, თუ ბინ ლადენის ლიკვიდაციას შევხედავთ, როგორც შედეგს, ესე იგი, წარმოდგენა არ გვქონია ისლამზე და არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის შემდეგ გამოვიდა წინა პლანზე, რადგან პირველად ისლამური სამყარო სწორედ ავღანეთში დაუპირისპირდა სახელმწიფო ინტერესებს. მაშინ საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო მსოფლიოში და მისმა მარცხმა ამ ომში ისლამური სამყაროს თავდაჯერებულობა შეჰმატა.
საბჭოთა ჯარების გამოყვანას ავღანეთიდან მარცხად აფასებთ?
– რა თქმა უნდა. ჯარების გამოყვანაც შედეგი იყო, მიზეზი კი ის იყო, რომ ცხრა წლის განმავლობაში შედეგს ვერ მიაღწიეს. სწორედ ამ პროცესების შედეგად გამოიკვეთა სალაფიდების როლი ამ პროცესში. საქმე ის არის, რომ სალაფიდები ყურანისა და სუნას ზედმიწევნით მცოდნეებად და დამცველებად თვლიან თავს, ამიტომაც სუნიტებსა და შიიტებს არ მიიჩნევენ მართლმორწმუნე მუსლიმანებად. 1979 წლიდან დღემდე სალაფიდების, როგორც იდეოლოგიური მოძღვრების, მებრძოლი ფრთა – ვაჰაბიტები წინა ხაზზე იბრძვიან. ისინი იხოცებიან ალაჰის სახელით, უცბად მოიძებნება ხოლმე დაღუპული ლიდერის შემცვლელი და განაგრძობენ იმავეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ყველგან იბრძვიან, თან წარმატებით, მაგრამ ხელისუფლებაში არასდროს მოსულან,
არ უნდათ თუ არ უშვებენ?
– რწმენა არ აძლევთ საშუალებას და, როგორც ჩანს, არც უშვებენ. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ისლამური ომები არის შედეგი, მიზეზი კი იდეოლოგიური მოძღვრებაა, რომლის უკან დგანან სალაფიდები. როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანმა ადამიანმა, არ ვიცი, რომელი ქვეყნის ხელმძღვანელია ის, ან არის თუ არა, საერთოდაც, რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელი, გადაწყვიტა, ებრძოლა მიზეზთან და არა შედეგთან. მან გაარკვია ურთიერთობა სალაფიდებთან, შეჰპირდა ხელისუფლებაში მოყვანას და ამან დაუყოვნებლივ მოიტანა შედეგი: ეგვიპტეში, იემენსა და სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები. როგორც შემდეგ გაირკვა, გარდა ამისა, უსამა ბინ ლადენი დაუცველი დარჩა. ის იყო კარგი მებრძოლი და ლიდერი, მაგრამ მას არ ჰქონდა იმიჯი, რომ კომპრომისზე წავიდოდა.
სწორად უწინასწარმეტყველია, ჩემი სიკვდილი ჩემი გარემოცვის ბრალი იქნება მხოლოდო?
– ლაპარაკია გლობალურად და არა იმაზე, კონკრეტულად გარემოცვის რომელმა წევრმა გაიტანა ინფორმაცია. მართალია, ბინ ლადენი იბრძოდა, მაგრამ იდეოლოგიურ სამუშაოს სხვა სულიერი ლიდერები აწარმოებდნენ და ისინი ქმნიდნენ ლეგენდებსა და მითებსაც ბინ ლადენზე. როგორც ჩანს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს აღარ გააკეთეს და ბინ ლადენი დაუცველი დარჩა. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა კონკრეტული პიროვნების ღალატიც, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბინ ლადენი ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობდა, მოწმობს, რომ ის ამას შეგუებული იყო. სულიერმა ლიდერებმა, რომლებთანაც ის აღსარებაზე დადიოდა, დაცვაც კი მოუხსნეს.
რატომ? იმიტომ რომ ბინ ლადენთან ვერ დაზავდებოდა დასავლეთი დიდი პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც კი?
– ჯერ ერთი, ეს შეუძლებელი იყო და, მეორე, სალაფიდებს არ უნდოდათ დასავლეთთან ურთიერთობა, როგორც დამარცხებულებს. თვითონ ბინ ლადენის პიროვნება მსოფლიოს ყველა ადამიანში უარყოფით ასოციაციებს იწვევდა, მათ შორის, ისლამის მიმდევრებშიც.
თუ ბინ ლადენი დაუცველი იყო ბოლო წლების განმავლობაში, რატომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია სამი, ორი ან, თუნდაც, ერთი წლის წინათ?
– როგორც ჩანს, ერთი, ორი თუ სამი წლის წინათ არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ სალაფიდებისთვის თავ-თავიანთ ქვეყნებში, რომლებშიც დიდი გავლენა აქვთ, შეეთავაზებინათ ხელისუფლებაში მოსვლა. ეგვიპტის პარლამენტში არჩევნების შემდეგ ადგილების ნახევარს, სავარაუდოდ, სალაფიდები დაიკავებენ. მათ იქ „ძმები მუსლიმანები“ ჰქვიათ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვთ. მაგალითად, ერაყში მულა ომარი სუნიტია, მაგრამ ის დაახლოებით იმავე პრინციპებით ცხოვრობს, როგორც სალაფიდები. ასე რომ, პროცესები ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
რა გარანტიაა, რომ სალაფიდები მართვადები აღმოჩნდებიან?
– ეს ბოთლიდან ამოშვებული ჯინია. თუ იმ ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც, ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან კარგად იციან ისლამი, ეს ჯინი ბოთლიდან უკონტროლოდ ამოუშვეს, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება, იმ მარტივი მიზეზით, რომ კავკასიური საემირო სწორედ სალაფიდების შექმნილია. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვთ სალაფიდებს. მაგრამ, თუ ეს ჯინი ბოთლიდან იმ ჭკვიანმა ადამიანმა, როგორიც, ჩემი ღრმა რწმენით, ობამაა ისე ამოუშვა, რომ პროცესი უნდა აკონტროლოს, მაშინ გეტყვით, რომ ეს რელიგია დაიცლება აგრესიისგან და ისინი ერთიან მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში ჩასხდებიან, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების მხრივ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ქრისტიანებთან დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს, რადგან სალაფიდებს ჯერ ურთიერთობა აქვთ გასარკვევი შიიტებთან და სუნიტებთან. ისინი შიიტებს უფრო მიიჩნევენ მტრებად, ვიდრე ქრისტიანებს. შემდეგ ისინი ურთიერთობას გაარკვევენ სუნიტებთან და, დარწმუნებული ვარ, სუნიტებთან უფრო იოლად მონახავენ საერთო ენას, მაშინ, როდესაც შიიტებთან დაპირისპირება სისხლისღვრამდე მივა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ირანის სახელმწიფოებრივ რღვევას.
ირანის სულიერმა ლიდერმა ამას წინათ ახმადინეჯადის გადადგომა მოითხოვა.
– ეს აუცილებლად გამოიწვევს ირანის სახელმწიფოებრიობის რღვევას იმ მარტივი მიზეზით, რომ ისინი შიიტები არიან. ირანში რამდენიმე აზერბაიჯანული წარმოშობის სალაფიდი ლიდერია. ესე იგი, თურქულენოვნები; ესე იგი, მათ მხარს უჭერს თურქეთი. ასე რომ, ვიმეორებ, ის, ვინც ეს ჯინი ბოთლიდან ამოუშვა, ძალიან შორს იყურება, ოღონდ პროცესი ბოლომდე უნდა გააკონტროლოს. ყოველივე ამის შემდეგ, ანუ ისლამურ სამყაროში ლიდერობის დამკვიდრების შემდეგ, შეიძლება, სალაფიდებმა პრეტენზიები წაუყენონ ბუდისტებს, ქრისტიანებსა და იუდეველებს. მგონია, რომ იუდეველებისგან დაიწყებენ, იმიტომ რომ ბუდისტებს კერპთაყვანისმცემლებად მიიჩნევენ. ასე რომ, დრო გვაქვს იმისთვის, რომ გონს მოვეგოთ.
რას გულისხმობთ გონს მოგებაში?
– უნდა მოვახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების მობილიზაცია და გავარკვიოთ, რა მიზანი გვაქვს. თუ ჩვენი მიზანია სახელმწიფოს მშენებლობა მექანიკური დასავლური მოდელით იდეოლოგიის, ანუ რელიგიის გარეშე, მაშინ სხვა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობა; ხოლო, თუ ჩვენი ცხოვრების წესი ქრისტანული რელიგიის პრინციპებია, მაშინ ცოტა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ კავკასიაში სალაფიდები არიან და ისინი პიროვნულად დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობენ. მათ შეუძლიათ მომხრეების მობილიზებაც; მათ შეუძლიათ ბრძოლაც და მათ შეუძლიათ თავგანწირვაც, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს აღარ აქვს და, რაც მთავარია, მათ საამისოდ მატერიალური საშუალებებიც უწყობს ხელს და ფიზიკურიც.
ირანის სულიერ ლიდერებზე თქვით, რომ თურქულენოვნები და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი არიანო. თურქეთი ჯერჯერობით დასავლეთის კარზე მიღებული და აღიარებული ერთადერთი ისლამური ქვეყანაა. თურქეთის უკიდეგანოდ გაძლიერების პროცესი იწყება?
– თურქეთი, ბუნებრივია, ეცდება ამ პროცესების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. მისი პოზიცია ძალიან გააძლიერა რუსეთ-საქართველოს ომმა, ისევე, როგორც აღმოსავლეთში წამოსწია ჩინეთი, როგორც მოთამაშე. სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში თურქეთი გამოიკვეთა დასავლეთის ერთადერთ ბრძოლისუნარიან და ავტორიტეტულ მოკავშირედ, რომელსაც შეუძლია პრეტენზიის წაყენება რუსეთისთვის, იმიტომ რომ ჩინეთი ამას არ გვიკეთებს. არც ეს პროცესია შემთხვევითი, რადგან კავკასიის ბედი სასწორზე დევს. თურქეთი, როგორც დასავლეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე და დასაყრდენი, აღარ იქნება მას შემდეგ, რაც ნატოს ბაზები განთავსდება საქართველოსა და აზერბაიჯანში. თუ ალიანსი შემოვა კავკასიაში, თურქეთში დაიძაბება როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური დაპირისპირება. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მაინც თურქეთზე იდება სერიოზული ფსონები. რა თქმა უნდა, ამის უკან იქნება სხვა მიზეზებიც, მაგრამ სალაფიდების გააქტიურების მთავარი მოტივი მაინც ის იყო, რომ მათ მისცეს საშუალება, გამოსულიყვნენ იატაკქვეშეთიდან. ასეთ შემთხვევაში მათთან ბრძოლაც იოლია და, რაც მთავარია, მათი დაუკმაყოფილებელი ამბიციების დაკმაყოფილების შემდეგ აგრესიაც დაიკლებს, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვანი პროცესები მოჰყვება. თურქეთსა და აზერბაიჯანში სალაფიდებს მაქსიმალურად ავიწროებენ: ქვეყანაში არ უშვებენ ან, დაკავების შემთხვევაში, აძევებენ.
ჩვენთან?
– ვერ გეტყვით, რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში. მე რამდენადაც ვიცი, სალაფიდები არიან საქართველოში, ისინი თავიანთ წარმატებად მიიჩნევენ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებს და, რა თქმა უნდა, ახლა შედეგს ელოდებიან. ეგვიპტის არჩევნები და პარლამენტში სალაფიდების პროცენტული რაოდენობა ბევრად განსაზღვრავს მათ მომავალ სტრატეგიასა და ტაქტიკას. დარწმუნებული ვარ, თვითონაც აღარ უნდათ იატაკქვეშეთში ყოფნა, აღარ უნდათ დევნა, აღარ უნდათ საზარბაზნე ხორცად ყოფნა და ეგვიპტის არჩევნების შემდეგ ყველა ქვეყანაში პოლიტიკურადაც გააქტიურდებიან. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ამისთვის ჯერ მოუწევთ შიიტებზე გამარჯვება და სუნიტების გადაბირება.
უკვე 16 დოლარით დაეცა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე.
– სწორედ ეს გახლდათ არაბულ სამყაროში რევოლუციური პროცესების განვითარების თავი და თავი: კონკრეტული პიროვნებები ნავთობს ფასს თავიანთი სურვილით ადებდნენ. მობეზრდა ეს ცივილიზებულ საზოგადოებას, მაგრამ როგორ უნდა ჩამოეგდოთ, ისინი ხომ დასავლეთს ათწლეულების განმავლობაში ერთგულებას უმტკიცებდნენ?! ამიტომ შიგნიდან აუფეთქეს და ამ საქმისთვის სალაფიდების გამოყენება ყველაზე ჭკვიანური იყო.
მეოცე საუკუნის ბოლოდან, ფაქტობრივად, რეიგანის შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა არც ყოფილა, თუმცა მას მის წინამორბედებს ვერც შევადარებთ. ობამა ძალას იკრებს?
– ძლიერი პოლიტიკური ფიგურა განისაზღვრა საქმიანობით. რეიგანმა შექმნა მოვლენა: ბოროტების იმპერიას დაეჭიდა. მართალია, ის დღემდე ინგრევა, მაგრამ დაიწყო რეიგანმა. დღეს კი მოვლენა შექმნა ობამამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი დაბლა ეცემოდა და მის მიერ გატარებული ჯანდაცვის და ეკონომიკური რეფორმები ძალიან არაპოპულარული იყო, მას მარქსისტსა და სოციალისტსაც კი უწოდებდნენ, როგორც ირკვევა, ის უფრო მნიშვნელოვანი პროცესებისთვის ემზადებოდა და კიდევ უფრო შორს იყურება. მან უკვე მოიგო მეორე ვადა და, ვისაც პოლიტიკა ესმის, მათ გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ ისრაელი და ებრაული ლობი თამაშიდან ამოაგდო, რაც, რა თქმა უნდა, რუსებს მოსწონთ, ხელს აძლევთ და ეს დიალოგის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ დაიბარა ბაიდენმა ამერიკაში სალაპარაკოდ პუტინი და არა მედვედევი.
ჩვენ არ გავიჭყლიტებით ამ ლაპარაკ-ლაპარაკში?
– დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გავიჭყლიტებით, უბრალოდ მსხვერპლის გაღება მოუწევთ მმართველ გუნდსაც და მოსახლეობასაც. მე ვფიქრობ, რომ პუტინის ჩასვლის შემდეგ ამერიკაში, არაბულ სამყაროში აგრესიულ ისლამთან გამარჯვების ფონზე, დიდი გარიგება შედგება. დეტალებს ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვისაც პოლიტიკა ესმის, ის გაიგებს. რუსეთის პოლიტიკა ამ მოლაპარაკებაზე იქნება, რომ საქართველო დააბრუნოს 1999 წლის, ანუ რევოლუციამდელ მდგომარეობაში, როდესაც პოლიტიკური სეგმენტი გადანაწილებული იყო პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის. მოკლედ, პუტინი იმ სეგმენტის აღდგენას მოითხოვს, რომელიც ასლან აბაშიძისა და „აღორძინების“ სეგმენტს ჰქონდა.
ერთია, მოითხოვს. მეორე, მისცემენ თუ არ და, რაც მთავარია, არის თუ არა საქართველოში მოთხოვნილება პრორუსულ ძალებზე?
-სწორედ ამას უკავშირდება ოპოზიციის პრორუსული ნაწილის გააქტიურება. ისინი პუტინს საშუალებას აძლევენ, ივაჭროს. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლებაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება, მას თავის რიგებში არ ჰყავს მორალური ლიდერები, რომლებიც გუშინდელი და გუშინწინდელი პოლიტიკოსების ამბიციებს გადაფარავდნენ, მაგრამ ამას, ალბათ, ობამას ავტორიტეტით გადააბალანსებენ. არ მგონია, რომ საქართველოში შემოჭრის საფასურად პუტინმა უარი თქვას მეორედ გაპრეზიდენტებაზე. თუ მაინც გადაირია და სისულელეები ჩაიდინა, პირობას გაძლევთ, რომ 2015 წლამდე რუსეთის სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დადგება.