შსს-ს აკადემიის უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსი მამუკა ქოიავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორი მაია გაბუნია, მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს შეხვდნენ და შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა და 1+4 პროგრამა გააცნეს.
შეხვედრას ადგილობრივი სკოლების 100-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს წარუდგენა პრეზენტაცია თემაზე „შსს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა“, რის შემდეგ აბიტურიენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შსს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის მიცემას და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას სტუდენტებისათვის. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო სფეროსათვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს აკადემიაში. 4 წლიან სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და გამოჩენილი სპეციალისტები სამართლის სფეროში, რომლებიც უახლესი მეთოდების და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს შეასწავლიან სამართლის სხვადასხვა დარგებს.