ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების თქმით, ასეთი სუსტი მიწისქვეშა ბიძგები ხშირია.
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, 15 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ განსაკუთრებით აქტიური ამ მხრივ ჯავახეთის ზეგანი და კავკასიონის ცენტრალური ნაწილია. ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ თვეში საშუალოდ, 1-2 სუსტი მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. მისი თქმით, რთულია იმაზე საუბარი, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა საშუალო ან ძლიერ მიწისძვრას.
თბილისსა და დმანისში დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგები, დაახლოებით, სამი ბალი იყო. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, ზურაბ ჯავახიშვილმა ჩევნთან საუბრისას აღნიშნა, რომ არც ერთ შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"ორივე მიწისძვრა იყო სუსტი. 7 ოქტომბერს თბილისში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა, დაახლოებით, 3-ის ფარგლებში იყო. დაფიქსირდა რამდენიმე სუსტი ბიძგი. მაგრამ თბილისში იგრძნეს, იმიტომ, რომ ახლოს იყო. 13 ოქტომბერს დმანისთან მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა, დაახლოებით, 3. 2 იყო. აქ საკმაოდ ხშირია ასეთი ფაქტები", - ამბობს ჯავახიშვილი.
სეისმური მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში, დაახლოებით, 15 მიწისძვრა მოხდა. ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, ასეთი სუსტი ბიძგები თვეში ერთ ან ორი ხდება და ასეთი ვითარება კვლავ გაგრძელდება.
"ასეთი მცირე ბიძგები, უკვე ათი თვეა გასული და 15-მდე მიწისძვრა იყო. ალბათ თვეში ერთი ან ორი ასეთი მიწისძვრა მოხდება. დაახლოებით რომ გითხრათ, კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, ონის რაიონი, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილი გამოირჩევა იმ მხრივ, რომ ხშირად ხდება საშუალო და სუსტი მიწისძვრები, მათ რიცხვში შედის ჯავახეთის ზეგანიც. აქ ყოველდღიურად ხდება სუსტი მიწისძვრები, თუმცა, ზოგიერთი, შესაძლოა, სამ მაგნიტუდიანიც კი იყოს. ეს ესე გაგრძელდება უახლოეს მომავალში, მაგრამ, მოჰყვება თუ არა ამას რაიმე უფრო მძლავრი მიწისძვრა, ამის პროგნოზირება რთულია.
მსოფლიო მასშტაბით რომ ავიღოთ, ასეთი სუსტი მიწისძვრები, ჩვეულებრივი ამბავია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გაცილებით მეტი მიწისძვრა ხდება, მაგალითად ონთან იყო მიწისძვრა შარშან, რომელსაც უამრავი პატარა ბიძგი მოჰყვა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და წლევანდელი წელი ამ მხრივ არაფრით გამორჩეული არ არის.
მსოფლიო სეისმურობის მიხედვით, კავკასია და მათ შორის საქართველო საშუალო სეისმურ ზონაშია. ჯერჯერობით რამდენადმე საგრძნობი მიწისძვრა არ ყოფილა. მიწისძვრის წინ კანონზომიერება არ არსებობს, რომ რაიმე უფრო დიდი ბიძგები ვივარაუდოთ, თანაც ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გახშირებულია საქართველოში მიწისძვრები. ჩვენი სტატისტიკის მიხევდით, წლევანდელი წელი ნამდვილად არაფრით გამორჩეული არ არის", - ამბობს ჯავახიშვილი.
ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მოსალოდნელი მიწისძვრების წინასწარ განსაზღვრა, თითქმის, შეუძლებელია. მისი თქმით, ის ჩატარებული კვლევებიც კი არ იძლევა ზუსტი პროგნოზირების საშუალებას. მიწისქვეშა ბიძგების მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზირება მსოფლიოს მასშტაბითაც კი რთულია.
"გრძელვადიანი პროგნოზი სეისმური რუკების საშუალებით არის შესაძლებელი. ეს არის რუკები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვთქვათ, სად და რა ყველაზე დიდი ეფექტი შეიძლება მოჰყევს მიწისძვრას. მაგრამ მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთების ეს პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის, სხვათაშორის, არც საშუალოვადიანისა. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ასეა და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა დიდი ან თუნდაც საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ინტენსიური დაკვირვებები ამ მხრივ არ არის. საერთოდ მსოფლიოშია ეს პრობლემა გადაუჭრელი. ჩვენ კი ვაპირებთ ამ მხრივ კვლევების დაწყებას, მაგრამ ეს იქნება კვლევა. მაგრამ ეს რეალური პროგნოზის წინაპირობა არ არის", - ამბობს ჯავახიშვილი.