2008 წლის აგვისტოს ომში სწორედ როკის გვირაბი რომ გახდა ის ძირითადი სატრანსპორტო ხაზი, რომლის გამოყენებითაც რუსეთის სახმელეთო საჯარისო დანაყოფებმა მოახერხეს საბრძოლო უპირატესობის მოპოვება, დადასტურებული ფაქტია.
ამიტომაც რუსეთის ხელისუფლება, რომელიც დაინტერესებულია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნით, დიდ ყურადღებას აქცევს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას.
როკის გვირაბის ფუნქციონირებითა და უსაფრთხოებით პირადად რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინია დაინტერესებული. მან სამი თვის წინ კატეგორიულად მოსთხოვა მშენებლებს როკის გვირაბის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაჩქარება.
აგვისტოს შუა რიცხვებში მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა (როგორც რუსეთში, ისე - საქართველოში) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ როკის გვირაბის რეკონსტრუქცია დაგეგმილზე ადრე დამთავრდა. თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე მთლად ასეც არ არის.
2010 წლის 7 ივნისის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ სტატიაში "როკის გვირაბის საიდუმლოებანი" გვქონდა ინტერვიუ ამ გვირაბის გამჭრელი სამშენებლო რაზმის ხელმძღვანელ ბ-ნ გივი ნიკოლაიშვილთან. მაშინ ბატონმა გივიმ აგვიხსნა, რომ გვირაბის სიგრძე 3660 მ, სიგანე 12 მ, ხოლო სიმაღლე - 6 მ-ია. თუმცა ამ გვირაბს პარალელურად
გვერდით მისდევს 4 მ სიგანისა და 3 მ სიმაღლის სადაზვერვო შტოლნი, რომელსაც ძირითადი გვირაბის გაჭრის დროს ქანებზე დაკვირვებისთვის იყენებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ამ დღეებში რუსმა მშენებლებმა პუტინის ბრძანებით ძირითადი გვირაბის კი არა, სწორედ დამხმარე შტოლნის რეკონსტრუქცია დაამთავრეს. ძირითადი გვირაბის რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი იქნებოდა მისი გადაკეტვა, რაც სრულიად მიუღებელია კრემლისთვის, რომელსაც არ სურს, ერთი დღითაც კი შეწყდეს მიმოსვლა რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემაერთებელ ერთადერთ სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე.
რუსმა მშენებლებმა მხოლოდ 4 მ სიგანის და 3 მ სიმაღლის დამხმარე შტოლნი გააფართოეს და აამაღლეს, რათა სატვირთო ავტომობილებს და, რა თქმა უნდა, საბრძოლო ტექნიკას შეუფერხებლად გაევლო.
ამ გაფართოებული შტოლნის გახსნის შემდეგ დაიწყება როკის გვირაბის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომელიც, სავარაუდოდ, 4-5 წელი გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ის ჩაკეტილი იქნება, მაგრამ რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალთან მიმოსვლას 5,5 მ სიგანეზე გაფართოებული შტოლნით განახორციელებენ.