ფსიქოდელია

ფსიქოდელია

პროგრესივ როკის განვითარების პარალელურად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ჟანრის წინსვლას თან არ დართვოდა რაღაც გარეგანი ეფექტები, რომლებიც ხან ბუნებრივად ამშვენებდნენ რეპერტუარს, ხან მსმენელის ყურს დროთა განმავლობაში აჩვევდნენ თავიანთ არსებობას, ხანაც ჩუმი არსებობით ახერხებდნენ იდუმალი ეფექტის შექმნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო აკუსტიკური ბენდების ნაწარმოებებში, რადგან ელექტრული საუნდი, რა თქმა უნდა გამოხატვის დიაპაზონს ზრდიდა.

სწორედ ამ ენითაღუწერელ ეფექტს ეწოდება ფსიქოდელია, რის განმარტვასაც თხოულობენ ხოლმე როკ მუსიკის მსმენელები, რომელთათვისაც უცხოა ამ ჟანრის საწყისი ეტაპები და განვითარების გზები.

რა არის როკ ფსიქოდელია, როგორ შეიძლება აღიქვას ადამიანმა?

მოდით, შეძლებისდაგვარად შევეცადოთ ამის წარმოდგენას ქაღალდზე. ავიღოთ მაგალითად Pink Floyd-ის Umagumma, Dark Side Of The Moon და The Wall. პირველი 1969 წელსაა ჩაწერილი, მეორე 1973-ში, მესამე კი 1979-ში.

ფაქტობრივად ეს სამი ალბომი შეგვიძლია გამოვიყენოთ როკ მუსიკის ცალკეული  ეპოქების დასახასიათებლად ფსიქოდელიურ ჭრილში. შევადაროთ მათში უცნაური და იქამდე გაუგონარი მუსიკალური ბგერების სიმრავლე, მაინცდამაინც ვერტმფრენის ხმას ნუ წარმოვიდგენთ განსაკუთრებულ სიახლედ (იქამდეც გამოუყენებიათ) და მივხვდებით, რომ Umagumma პირველ ადგილზეა, Dark Side Of The Moon მეორეზე, The Wall კი მესამეზე.

ეს არავითარ შემთხვევაში არ მეტყველებს ნაშრომის ხარისხის თვალსაზრისით პირველის დომინირებაზე მეორესთან ან მესამესთან შედარებით, მაგრამ მისი უპირატესობა ნამდვილად გამოიხატება სწორედ ფსიქოდელიის დოზებით.

გავიხსენოთ ფლოიდური ხმოვანების საუკეთესო გამოხატულება Pompeii, რომელიც ფაქტობრივად აერთიანებს Umagumma-სა და Dark Side Of The Moon-ის ეპოქას. აქ ლეგენდარულმა ჯგუფმა ვიზუალურადაც მიაწოდა მსმენელს ფსიქოდელიური შეგრძნება, რაც ტანთ ჟრუანტელში გამოიხატება გინდ მისი ცქერისას, გინდ სმენისას.

იგივე ხდება არტურ ბრაუნის, Emerson Lake & Palmer-ის, Atomic Rooster-ის სადებიუტო ალბომების მოსმენისას.

რაც დრო გადიოდა, ამგვარი შეგრძნება როკ მუსიკაში თანდათანობით მცირდებოდა და აქედან გამომდინარე როკიც უფრო ზოგადსაკაცობრიო და ფარტომასშტაბიანი ხდებოდა.

მაგალითად ბიონსეს მსმენელი Umagumma-თან მიმართებაში იგივეა, რაც ვირი ბიბლიოთეკაში, ხოლო The Wall -დან „თიჩერს“ ან Guns’n’Roses-ის Don’t Cry-ს დიდი სიამოვნებით იმღერებს კარაოკეში.

მიზეზი კი ერთია. სწორედ დაახლოებით 1973-1979 წლებში მოხდა ფსიქოდელიის თანდათანობითი ქრობა და როკ მუსიკის ძირითადი ხიბლის ერთგვარი განლევა, რადგან როგორც არ უნდა მოგვწონდეს ზოგიერთი ახალი ნაწარმოები, მათი ძირითადი ღირებულებები სწორედ 60-იან - 70-იან წლებთან სიღრმისეულ პარალელებს უკავშირდება, ტანთ ჟრუანტელს რომ გვრის მსმენელს.

ამერიკაში ფსიქოდელია ჰიპურ რეპერტუარში გამოიხატა და ეპოქის აღსასრულთან  ერთად, მყისიერად გაქრა.

ინგლისში ასე არ მომხდარა, რადგან როგორც პროგრესივ როკი, ასევე ჰარდ როკი თანდათანობით თმობდნენ პოზიციებს და Deep Purple 1975 წლის Come Taste The Band-შიც ავლენდა სურნელოვან მომენტებს.

მართალია,  ჰარდ როკი არასოდეს ყოფილა ამოსავალი წერტილი ფსიქოდელიისთვის, რადგან ბლეკმორის, აიომისა თუ პეიჯის ვირტუოზული სოლოები იდუმალ თუ აშკარა ეფექტებს არ საჭიროებდნენ, თუმც არსებობს გიტარის სოლოშივე ფსიქოდელიის იდეალური მაგალითიც, როდესაც მაგალითად ბლეკმორი Lady Double Dealer-ის მცირე ქრონომეტრაჟიან სტუდიურ სოლოში ასწრებს მყისიერ გაფრენას და იმწამსვე მობრუნებას რეალურ სამყაროში.

Lady Double Dealer-ს კი ჯგუფის ვინძლო ყველაზე სუსტი სიმღერა You Can’t Do It Right მოყვება ფანკი წიაღსვლებით, რაც საბოლოოდ კლავს ალბომ Stormbringer-ის ე.წ. ფსიქოდელიას.

ფანკი, ფსიქოდელიის უმთავრესი მტერი, ძირითადად ოკეანის გაღმა აღმოჩნდა, რადგან საცეკვაო რიტმს შეუძლებელი იქნებოდა, რომ გონებისგან არ მოეწყვიტა მუსიკა.

უცნაურია, მაგრამ ბრიტანული ფსიქოდელიის მამამთავრობა, კვლავაც The Beatles-ს უნდა მივაწეროთ. ფსიქოდელიურობა კი მათ ადრეულ ფოლკ როკში უნდა ვეძიოთ, რაც იმდენადაა ფოლკი, რამდენადაც შესრულების მანერითაა უბრალო...

შემდეგ წამოვიდნენ უკვე როლინგები, მანფრედ მენი, ზემოთხსენებული დონოვანი და თანდათანობით ფოლკ როკ ბენდები, რომელთა რეპერტუარშიც სწორედ რომ ყველაზე დასაფასებელი  -  ჩუმი, ბუნებრივი, აკუსტიკური ფსიქოდელია გამოვლინდა.

ფაქტობრივად ფსიქოდელიამ გააერთიანა პროგრესივ და ფოლკ ბენდთა დიდი ნაწილი. მაგალითად Comus, რომელმაც როკ საგანძურს აკუსტიკური ფსიქოდელიის შესანიშნავი ნიმუში - 1971 წლის First Utterance დაუტოვა, როკ კრიტიკამ პროგრესივ/ფოლკ ფსიქოდელიად შერაცხა.

განმარტება ამომწურავია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ სიტყვით ამ ჯგუფის რეპერტუარის გადმოცემა ცოტა გაგვიჭირდება, თუმცა ერთხელაც ვეცდებით...

Fairport Convention, Steelye Span, Incredible String Band, Pentangle ჯგუფებია, რომელთაც ფსიქოდელიის დოზები თითქოს ნაკლები სიღრმით გადმოსცეს რეპერტუარის შედარებით ადვილად აღქმადობის ფონზე. 

სინამდვილეში კი ეს ასე არაა და მელოდიურობა არამც და არამც არ არის ფსიქოდელიურობის შესუსტების მიზეზი. ამაზე ნათელ პასუხს თვით ამ ჯგუფების მომავალი 70-იანი წლების მეორე ნახევრის ალბომებიდან ვგებულობთ, რომლებიც ფლოიდების მსგავსად, თანდათანობით კარგავენ ფსიქოდელურობას.

უცნაურია, მაგრამ 1979 წელს პროგრესივ/ფოლკ ფსიქოდელიის ერთი ნიმუში მაინც მოევლინა როკ სამყაროს. საინტერესო კი ისაა, რომ მისი ავტორი პიტერ ჰემილისგან განსხვავებით, კომერციულ მოთხოვნებს სულაც არ გაურბოდა და 80-იანებში მას მარკ ნოფლერის წამბაძველობას არცთუ უსაფუძვლოდ აბრალებდნენ.

ეს მუსიკოსი იან ანდერსონი გახლავთ, რომელიც თავისი Jethro Tull-ის ალბომ Stormwatch-ის ერთ-ერთი სიმღერის კლიპში კუნძულზე აღმოჩნდა, ფლეიტა გადადო, დურბინდი მოიმარჯვა, და აკუსტიკური გიტარით სცადა იმდროინდელი როკ  სამყაროს გამოფხიზლება... (გაგრძელება იქნება).