ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში მართლაც გამოჩნდა ეგრეთ წოდებული „ლაზური საიტები“, რომლებიც საქართველოსთვის კიდევ ერთი, ამჯერად მომაკვდინებელი პრობლემის შექმნას ისახავს მიზნად.
საბედნიეროდ, ეს შეუძლებელია, თუმცა, თავისთავად „შემაძრწუნებლად ნიშანდობლივი“, რომ ასეთი ორგანიზაციები არსებობენ.
აქ, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა არა მათი შინაარსი, არამედ ის უეჭველი გარემოება, რომ ორგანიზაცია „ლაზებურას“ უკან აშკარად სპეცსამსხაურები დგანან. თანაც, არა ერთი და ორი ქვეყნისა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, თითქოს „ლაზებურას“ ლიდერები მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებით (უხეშად თუ ვიტყვით, „ფულის შოვნის სურვილით“) ხელმძღვანელობენ და „იდეა“ არა აქვთ. ასეთმა გამარტივებულმა, სქემატურმა მიდგომებმა საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა 80-იან წლებში - აწ ნეტარხსენებული „ეროვნული მოძრაობის“ ეპოქაში.
ვიდრე თვით „ლაზებურას“ თაობაზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტი საინფორმაციო ომის განუყოფელი ნაწილი ხდება: თუ „მესამე მსოფლიო ომად“ 1990 წელს დასრულებულ „ცივ ომს“ მივიჩნევთ, ამჟამად, „მეოთხე მსოფლიო ომი“ უკვე მიმდინარეობს ვირტუალურ სივრცეში!
„საკმარისია, მაგალითად, შეხვიდეთ „ნგ-ფორუმის“ საიტზე და დარწმუნდებით, რამდენად კარგად მომზადებული, მაღალინტელექტუალური და აშკარად მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები შრომობენ (24 საათის განმავლობაში!) – მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ.
ამდენად, ასეთი საიტების გამოჩენა, შესაძლოა, მართლაც სპეცსამსახურთა დაფინანსებული იყოს, თანაც, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საით მივყავართ კვალს - სოხუმისკენ, ანკარისა თუ მოსკოვისაკენ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, სადაც ორგანიზაცია მოქმედებს, აქ თითქმის არაფერ შუაშია, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ გერმანიას „კეთილი“ სპეცსამსახურები ჰყავს (ან თავად „კეთილი ქვეყანაა“) ხოლო რუსეთსა და თურქეთს - „ბოროტი“. უბრალოდ, გერმანიის სახელმწიფოებრივ ინტერესებს საერთოდ არ ეხება საქართველოს მთლიანობის ან ამ მთლიანობის რღვევის პრობლემა. მათ ეს ისევე აღელვებთ, როგორც ჩვენ – ფილიპინელი სეპარატისტების ბედი.
რაც შეეხებათ რუსეთსა და განსაკუთრებით, თურქეთს, აქ უფრო რთულად არის საქმე, თურქეთში მილიონობით ეთნიკური ლაზი ცხოვრობს. ამ ქვეყანას, „ქურთული პრობლემების“ გამო, ევროკავშირში არ იღებენ. ახალი პრობლემის წარმოშობა ანკარას სულაც არ ეპიტნავება. წარმოდუგენელია, თურქულ სპეცსამსახურებს არ ესმოდეთ, რომ „მეგრული პრობლემა“ საქართველოში აუცილებლად გააღვივებს „ლაზურ პრობლემას“ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ანუ თურქეთის ცენტრალურ რეგიონში.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბერიას ბრძანებით, საბჭოთა სპეცსამსახურებმა, ლაზების მონაწილეობით, რამდენიმე პროვოკაციის გეგმა შეიმუშავეს, სათანადო ტექნოლოგიის დაცვით, რასაც უნდა გაემართლებინა 1944 წელს „ლაზისტანში“ საბჭოთა არმიის შეჭრა „მონათესავე ჩაგრულ ხახლთა“ გასათავისუფლებლად.
ამრიგად, საქართველოში პრობლემის შექმნა ანალოგიური პრობლემის შექმნას ნიშნავს თურქეთში.
სულ სხვა საქმეა რუსეთი - მას ასეთი საფრთხე არ ემუქრება. ამრიგად, კითხვა - „ვის აძლევს ხელს“, სრულიად უსაგნო ჩანს - აბსოლუტურად ნათელია, ვის აძლევს ხელს.
აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი მომავალში (როგორი პოლიტიკაც უნდა გაატაროს დამოუკიდებელმა საქართველომ და, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში) ყოველთვის შეეცდება, საქართველო იყოს მაქსიმალურად სუსტი, დაგლახაკებული, პრობლემებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე ქვეყანა, ვინაიდან მოსკოვში სულაც არ ეპიტნავებათ მდიდარი და სტაბილური ქვეყნის მეზობლობა, მათთვის პრობლემურ ჩრდილოეთ კავკასიასთან.
ამ ნიადაგზე ანტირუსული გრძნობების გაღვივება სისულელეა: სპეცსამსახური ნებისმიერ ქვეყანაში (მათ შორის, ამერიკასა თუ საფრანგეთში) არსებობს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პროვოკაციებისთვის.
სხვა საქმეა, რა გამოუვათ. ალბათ, ბევრი არაფერი - ეროვნულმა ინტეგრაციამ განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების განმალვობაში ისეთ დონეს მიაღწია, სამოქალაქო ომის საშინელი ექსცესები მას ვერ დაანგრევენ, ანუ „ტაძარი გადარჩა“, როგორც დიდი კონსტანგტინე გამსახურდიას გმირი იტყოდა.
ოღონდ ისიც საფიქრებელია, რომ სპეცსამსახურები ასწლეულებზე თვლიან თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას.