გაერომ აფხაზეთის დაბრუნების საკითხში ზურგი შეგვაქცია

გაერომ აფხაზეთის დაბრუნების საკითხში ზურგი შეგვაქცია

მოხდა ის, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო. 21 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა ამერიკაში ვიზიტის დროს.

კონკრეტულ მიზეზად დასახელებულია ის, რომ „აფხაზეთში არ არსებობს სამშვიდობო ძალების შეყვანისათვის აუცილებელი პირობები“, რაც იმას ნიშნავს, რომ რაკი აფხაზური მხარე ჯარების შემოყვანის წინააღმდეგია, გაერო „ხელს იბანს“ და უარს აცხადებს პასუხისმგებლობის აღებაზე.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. გაცილებით უარესი ის არის, რომ ზოგიერთი ცნობის მიხედვით, რუსეთმა კატეგორიულად უარყო აგრეთვე აფხაზეთში თავისი ჯარების შეყვანის შესაძლებლობა. ეს კი გაცილებით უფრო მძიმე და საშიში სიმპტომია, თუ რატომ - ქვემოთ მოგახსენებთ.

გაეროს უარი, ვიმეორებ, სავსებით მოსალოდნელი იყო. ყოველ შემთხვევაში, იგი არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი იმათთვის, ვინც ვერ დააყრუა ოფიციოზური ტელევიზიის მიერ „ამერიკული ვიზიტის“ გარშემო ატეხილმა ბუკ-ნაღარამ და ვინც ყურადღებით გააანალიზა უშიშროების საბჭოზე რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა გამოსვლები.

მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანს შეიძლებოდა დარჩენოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ამ ქვეყნებმა მოიწონეს საქართველოს ხელისუფლების გეგმა (აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების შეყვანა, დროებითი ადმინისტრაციის შექმნა და ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარება). სინამდვილეში მათ იმთავითვე უარყვეს ეს გეგმა და თუ მათ გამოსვლებში მართლაც იყო საუბარი აფხაზეთში ჯარების შემოყვანაზე, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის გახლდათ, რომ ამ პოზიციაში ორივე მხარე (როგორც ქართული ასევე აფხაზური) გარეგნულად ერთსა და იმავეს მოითხოვდა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ამ ჯარის განლაგება სურდა მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, არძინბას კი - მხოლოდ მდინარე ენგურის გასწვრივ.

ჩვენი დაეჭვება იმთავითვე უნდა გამოეწვია იმ გარემოებას, რომ დიდმა ქვეყნებმა კონფლიქტის მოგვარებაში გაეროს მონაწილეობა მტკიცედ განაპირობეს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევით და ამით წინასწარ შეიქმნეს ერთგვარი „ალიბი“ - მომავალი გადაწყვეტილების გასამართლებლად.

რაღა თქმა უნდა, უმთავრესი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ენიჭება რუსეთის პოზიციას. გაერომ არ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ და უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ რუსეთი იყო წინაღმდეგი. ფარულად თუ აშკარად, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რუსეთის წარმომადგენელმა, იული ვორონცოვმა შესანიშნავად იცოდა: არც ერთი ქვეყანა, რუსეთის შიშით, აფხაზეთში თავის ჯარისკაცებს არ გამოგზავნიდა. ამიტომ, საკმარისი იყო თავად რუსეთს ეთქვა უარი ჯარის ამოქმედებაზე, რომ ყველაფერი ჩაიშლებოდა. ასეც მოხდა.

ამრიგად, არძინბამ კიდევ ერთი უდავო პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა და გუდაუთაში ამჟამად ალბათ დიდი ზეიმია.

გარდა ამისა, შეწყდა მოლაპარაკება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. საბაბად დასახელებულია საქართველოს პარლამენტის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დათხოვნა. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში აფხაზებმა ჟენევის პროცესი მიატოვეს იმის გამო, რომ ეს პროცესი მათ უკვე აღარ სჭირდებათ - მოლაპარაკების პირველმა რაუნდმა უკვე დააფიქსირა საერთაშორისო ასპარეზზე და საზოგადოებრივ ცნობიერებაში ის გარემოება, რომ რეალურად არსებობს ორი მხარე – საქართველო და აფხაზეთი. მოლაპარაკებები მათ მხოლოდ ამ რეალობის დაფიქსირებისათვის სჭირდებოდათ და რაკი მიაღწიეს საწადელს - ახლა ჟენევა მაინცდამაინც აღარც ესაჭიროებათ.

რუსეთის ტელევიზია კი (ელცინის ვიზიტის შემდეგ – „ჩვენი მეგობარი რუსეთის“) სისტემატურად გადმოსცემს იდილიურ სიუჟეტებს აფხაზეთიდან, სადაც გაგრისა და ბიჭვინთის სანაპიროები თანდათან ივსება „დამსვენებლებით“, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ ნატყვიარებსა და ნახანძრალებს - მათთვის ხომ მთავარია, აფხაზეთის ზღაპრული სილამაზე, რომელსაც ომმა, რასაკვირველია, ვერაფერი დააკლო და ვერც დააკლებდა.

ყოველივე ამას საქართველოს ხელისუფლება ოლიმპიური სიმშვიდით შესცქერის. როგორც ჩანს, იგი კვლავინდებურად დარწმუნებულია „გენერალური კურსის“ სისწორეში, რომელიც აირჩია და რომლიდან გადახვევასაც არ აპირებს. არადა, საქართველოს საბოლოო მარცხი სწორედ ამ „საგარეო პოლიტიკური კონცეფციის“ უმართებულობამ გამოიწვია.

პარლამენტის სხდომაზე გურამ მუჩაიძემ პირდაპირ უსაყვედურა სახელმწიფოს მეთაურს: „საგარეო პოლიტიკის სფეროში თქვენ ორ სკამზე ზიხართ“. იგულისხმებოდა ე.წ. „ბალანსირების“ პოლიტიკა, რომელიც (როგორც აღმოჩნდა) აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ძალთა მიახლოებითი თანაფარდობის შემთხვევაშია გამართლებული, ხოლო თუ ეს ძალები განუზომლად, შეუდარებლად სხვადასხვა სიძლიერისაა (იგულისხმება მოცემული გეოპოლიტიკური მონაკვეთი ან ტერიტორია), მაშინ ქვეყანამ, თუკი სურს გადარჩეს, მკაცრად კონცენტრირებული პოლიტიკა უნდა გაატაროს.

რით განსხვავდება დიდი პოლიტიკოსი უნიათოსაგან? რატომ იყვნენ დიდი პოლიტიკოსები ჩერჩილი, სტალინი, რუზველტი, ტეტჩერი, რეიგანი? - იმიტომ რომ ისინი, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მიზეზ-შედეგობრიობის განჭვრეტის ხელოვნებას ფლობდნენ. პოლიტიკოსს ზუსტად უნდა შეეძლოს იმის დადგენა, რა მოჰყვება ამა თუ იმ ნაბიჯს.

საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკა არათუ „ბალანსირების“ არამედ პარადოქსების პოლიტიკაა. ერთი მხრივ, დაიდო სტრატეგიული ხელშეკრულება რუსეთთან, დაკანონდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი, შევედით СНГ-ში, ანუ რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში. მაგრამ, მეორე მხრივ, ყველანაირად ხდება იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს რუსეთი მხოლოდ დროებით სჭირდება. მას მხოლოდ სურს გამოიყენოს ეს დიდი ქვეყანა და მისი შესაძლებლობანი საქართველოს შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. ასე არაფერი გამოვა. რუსეთს ძალზე გონიერი პოლიტიკოსები მართავენ. მათი მოტყუება შეუძლებელია. მით უმეტეს, ესოდენ გულუბრყვილო ხერხით.

მეჩვენება, რომ ამ უცნაურობას სავსებით კონკრეტული და პროზაული მიზეზი აქვს - ედუარდ შევარდნაძეს უბრალოდ სურს, თავი იმართლოს ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით ოპოზიციის წინაშე: „რა ვქნა, მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ყველა გზა ამოვწურე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ამიტომ ახლა იძულებული ვარ, პირდაპირ, ყოველგვარი გაეროს გარეშე მივმართო რუსეთს“.

მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის შედეგად, არ არის გამორიცხული, ესეც შეუძლებელი გახდეს. შესაძლოა, რუსეთი იმდენად აღარ ენდოს საქართველოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მერყევი სტაბილურობა არჩიოს ესოდენ არასაიმედო პარტნიორთან მეგობრობას. სხვა საქმეა, თუ თავიდანვე უარს ვიტყოდით მასთან სტრატეგიულ კავშირზე და მტერს - მტერს დავარქმევდით, მოყვარეს - მოყვარეს. მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიან არის.

უაღრესად საშიში სიმპტომია რუსეთის განცხადება (ეს განცხადება რუსეთის ტელევიზიამ გადმოსცა), რომ მას არ მიაჩნია შესაძლებლად თავისი ჯარების გამოყენება აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის განსახორციელებლად.

თუ ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია, ხოლო რუსეთმა არა მარტო ეს ტერიტორია წაგლიჯა საქართველოს, არამედ, იმავე დროს, თვით საქართველოც შეინარჩუნა. ესე იგი, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, - ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად.

ამ პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს უკანასკნელი შანსი მდგომარეობდა ე.წ. „დაგომისის“ ვარიანტის განხორციელებაში. ანუ, ისევე როგორც „სამხრეთ ოსეთში“, აფხაზეთშიც სამმხრივი კონტინგენტის შეყვანაში.

მაგრამ არსებობს „პოლიტიკური საკმარისობის პრინციპი“. თუ რუსეთი დარწმუნდა, რომ საქართველოს შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისია მისთვის ოციოდე მილიარდი მანეთის „გადმოგდება“ და სრულიადაც არ არის ამისათვის აუცილებელი აფხაზეთის დაბრუნება, მაშინ აფხაზეთს არავინ დაგვიბრუნებს და უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის ეს საუკეთესო ნაწილი სამარადისოდ დაკარგა!