დევნილთა ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

დევნილთა ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

სასტუმრო „ივერიის“ წინ ჩატარებულ მიტინგს ხელისუფლება და ფართო საზოგადოება გარკვეული მღელვარებით შეხვდა (მიტინგს 300 ათასიდან მხოლოდ 1500 ლტოლვილი ესწრებოდა). ისინი კი, ვინც მოედანზე მივიდნენ, საკმაოდ მშვიდობიანად იყვნენ განწყობილნი და არავითარი აგრესია არ ეტყობოდათ. ყოველ მათგანში იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის განწყობა იგრძნობოდა. სწორედ ეს აღნიშნა ფრაქცია „აფხაზეთის“ თავმჯდომარემ გერმანე ფაცაციამ მიტინგზე გამოსვლისას და განაცხადა: „ჩვენ საბოლოოდ დავმარცხდით და ხელისუფლებამ საბოლოოდ გაიმარჯვა“.

ფაცაციას, როგორც ჩანს, სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ თვითონ „რადიკალურადაა“ განწყობილი, რაც აგრეთვე არ შეესაბამება სიმართლეს: ფრაქცია „აფხაზეთის“ ლიდერი, მიუხედავად აფხაზეთის დაკარგვის გამო გულწრფელი განცდისა, „ანტისახელისუფლებო რევოლუციის“ ორგანიზატორად ვერ გამოდგება, ვინაიდან ბუნებით ექსტრემისტი და რადიკალი არ არის.

იგივე ითქმის თამაზ ნადარეიშვილზეც, მისი „რადიკალიზმი“ და „ფანატიზმი“ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ „ნომენკლატურული ინტრიგებით“ შემოიფარგლოს. ნადარეიშვილი ძველი ჩეკისტია და ხელისუფლებისადმი რიდი ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი.

ასეთივე ყაიდის ადამიანები არიან ლტოლვილთა სხვა ლიდერებიც. ერთადერთი, ვინც ნამდვილი „რევოლუციური მენტალიტეტის“ იმიჯით სარგებლობს და დაუფიქრებლად შეუძლია ლტოლვილთა საპროტესტო გამოსვლების ტალღა ააგოროს საქართველოში, ბორის კაკუბავაა, მაგრამ კაკუბავაც უძლურია, ვინაიდან ლტოლვილთა საერთო განწყობა არ შეესაბამება მის რადიკალიზმს.

ამ სოციალური მასის უდიდესი ნაწილი, როგორც ჩანს, შეეგუა თავის ბედს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ყოფა მათთვის იმდენად აუტანელი არ არის, რომ ქუჩაში გავიდეს და ბარიკადების მშენებლობა დაიწყოს. ისინი მთლიანად ქართული საზოგადოების განწყობასაც გრძნობენ - ახალი ომი აფხაზეთში არავის სურს და ლტოლვილებს ქუჩაში არავინ გაჰყვება (თვით ქუჩის ოპოზიციაც კი). მათ შესანიშნავად იციან:. შევარდნაძეს თუ „მიაწვები“, შეიძლება მართლაც მოითხოვოს რუსეთის ჯარების გაყვანა და ომი დაიწყოს. ომში წასვლა და თავის საფრთხეში ჩაგდება კი არავის უნდა. ამდენად, კაკუბავა „უჯაროდ დარჩენილი“ გენერალია, თუმცა, თავად მხდალი კაცი ნამდვილად არ ჩანს და, ალბათ, უკანაც არაფერზე დაიხევდა.

დევნილთა მასაში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს: ისინი ყიდულობენ ერთოთახიან ბინებს თბილისის გარეუბნებში ან საქართველოს სხვა ქალაქებში (თუ ამისი საშუალება აქვთ), სახლდებიან სოფლებშიც, მიემგზავრებიან ესენგეს ქვეყნებში, იშვიათად - შორეულ საზღვარგარეთში. ბევრი უბრალოდ დასნეულდა, პიროვნულად „წაიშალა“, ბრძოლის ილაჯი აღარავის შესწევს.

არადა, „ხელისუფლების დამხობა“ თუ არა, მათ ხომ თვით აფხაზეთში ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ? მერედა, ვინ უშლით ხელს? ჩაეწერონ „თეთრ ლეგიონშ“», ივარჯიშონ, მოემზადონ, გაიწვრთნან, მერე შეიპარონ საკუთარ სამშობლოში (აფხაზეთში) და „სისხლი გაუშრონ“ აფსუებს. ეს უკანასკნელნი ხომ სწორედ იმიტომ იმარჯვებენ, რომ აფხაზეთის ქართველობას სიძაბუნე შეატყვეს და იციან: სამაგიეროს გადამხდელი არავინ დარჩა.

ბრძოლის ჟინი და ბედისადმი შეურიგებლობა აღარავის ეტყობა დევნილთა მრავალათასიან მასაში. ამდენად, ფუჭია მათი „გამოღვიძების“ მცდელობაც. ქართული „პოლიტოკრატია“ კი, განსაკუთრებით გამახვილებული ყნოსვის მიუხედავად, მასაში აღარ აქტიურობს, რაკიღა ხვდება - აქედან მათთვის სასარგებლო არაფერი „გამოდნება“.