ქართულ ბაზარზე შაქარი 15-20 თეთრით გაძვირდა. არ არის გამორიცხული, ტენდენცია გაგრძელდეს მომავალშიც, რასაც სეზონიც ხელს უწყობს.
მსოფლიო ბაზარზე კი კვლავაც სტაბილური ვითარებაა. მიუხედავად ამისა, შაქარი ადგილობრივ ბაზარზე გაორმაგებული ფასით იყიდება.
რაც შეეხება მსოფლიო საბაზრო ტენდენციებს, 16 ივლისის მდგომარეობით, ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა ნედლი შაქრის ფასი 380 დოლარია, ეროვნულ ვალუტაზე თუ ვიანგარიშებთ, 704 ლარის ეკვივალენტია. 1 ტ. თეთრი შაქარი საერთაშორისო ბაზარზე 574 დოლარად არის შეფასებული, ანუ ქართულ ლარებში მისი ფასი 1050 ლარს უტოლდება.
გამოდის, რომ 1 კგ ნედლი შაქრის საბირჟო ღირებულება შეადგენს 0,70 თეთრს, ხოლო ამავე მოცულობის თეთრი შაქრისა - 1,05 ლარი ღირს.
აშკარაა, რომ ქართულ ბაზარზე შაქრის ფასი საერთაშორისო ბაზრების არაადეკვატურია და ხელოვნურად არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის იმპორტიორებს "გასამართლებელი" არგუმენტები არ ეწურებათ. ფასების დინამიკა ცხადყოფს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი ფასისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს. კითხვა, თუ რატომ ვერ ხერხდება ქართულ ბაზარზე შაქრის ფასის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება, კონკრეტული პასუხი არ არსებობს.
იმპორტიორთა ერთ-ერთი არგუმენტით, შაქრის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურებაც სახელდება. ამ დროისთვის თბილისში მდებარე სუპერმარკეტებში 1 კგ შაქარი საშუალოდ 1,90-2 ლარი ღირს. ანალოგიური ფასი ფიქსირდება სამომხმარებლო ბაზრებზეც და არ გამორიცხავენ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაძვირდეს.
ოდნავ იაფია შაქარი საბითუმო ქსელებში, სადაც 1 კგ შაქარი 1,80-1,90 ლარია, ხოლო თითო ტომარა (50-კილოგრამიანი) 93-95 ლარამდე აღწევს.
უფრო ადრე შაქარი ქართულ ბაზრებზე საერთაშორისო ბაზრებზე მომხდარი ცვლილებების საფუძველზე გაძვირდა. ამ ბიზნესის წარმომადგენელთა ვარაუდი, რომ პროდუქტზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა არ იყო მოსალოდნელი, მაშინ არ გამართლდა. კრიზისის ფონზე, ნიშნული რამდენიმეჯერ შეიცვალა. გაძვირების მიზეზი გახდა გვალვები, რამაც პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია.
თბილისის სუპერმარკეტების წარმომადგენლები გაყიდვების მაჩვენებლის სტაბილურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შაქრის მაღალი ფასი მის მიმართ მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული და სეზონიც ხელს უწყობს.
ამ ეტაპისთვის სავაჭრო ობიექტებში 1 კგ შაქარი 1,90 ლარად იყიდება. "პოპულის" ერთ-ერთი ქსელის ადმინისტრატორის თქმით, ბოლო დრომდე ფასები პერიოდულად იზრდებოდა. არ არის გამორიცხული, ტენდენცია გაგრძელდეს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება.
"შაქრის ფასმა სერიოზული ცვლილება უკვე განიცადა და შემდგომ გაძვირებას ნაკლებად ველოდებით, შესაძლოა, ფასის კორექტირება მომავალში უმნიშვნელო ოდენობით მოხდეს.
ფასი აქ ანალოგიურია, როგორც სხვა სავაჭრო ქსელებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მომხმარებლის აქტიურობა ამ პროდუქციის მიმართ არ შენელებულა. არ გამოვრიცხავ, მომავალშიც ცოტა გაძვირდეს, მაგრამ საეჭვოა, ამაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდეს. მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და, შესაძლოა, უკმაყოფილების გამომწვევიც. ამიტომ კომპანიებმა ზრდის ტენდენციის შეჩერება უნდა შეძლონ. ჯერჯერობით არსებული ვითარება საგანგაშო არ არის, მთავარია, კიდევ უფრო არ გაძვირდეს", - ამბობს "პოპულის" წარმომადგენელი.
დედაქალაქის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი დირექტორი განმარტავს, რომ გასული კვირის განმავლობაში ქსელში შაქარი 10 თეთრით იაფად იყიდებოდა და კარგადაც. ყოველ შემთხვევაში, მოთხოვნა სტაბილური იყო. მყიდველი ჩვეულ აქტიურობას ამჯერადაც ინარჩუნებს.
"საერთოდ, შაქარი ყველა სეზონისთვის კარგად გაყიდვადი პროდუქტია და ფასის ზრდის მიუხედავად, რეალიზაცია მაინც მომგებიანია.
სულ რამდენიმე დღეა, რაც 10 თეთრით გავაძვირეთ. მომწოდებელმა გაზრდილი ფასით შემოგვიტანა და იძულებული გავხდით, ჩვენც გაგვეძვირებინა. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. ამბობენ, რომ უცხოურ ბაზრებზეც მაღალი ფასია. არ გამოვრიცხავ, საქართველოში გაძვირება მოთხოვნის ზრდითაც იყოს გამოწვეული. შაქარი ძვირი ღირს, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო, ეს გაყიდვებს ხელს არ უშლის.
ვცდილობთ, ფასი სამომხმარებლო ბაზარზე არსებულს გავუთანაბროთ და ასეცაა - 1 კგ შაქარს 1,90 ლარად ვყიდით. ამაზე იაფად გაყიდვა დღევანდელ საბაზრო პირობებში წარმოუდგენელია. უკიდურეს აუცილებლობას თუ არ ვნახავთ, არ გავაძვირებთ", - ვარაუდობს მაღაზიის დირექტორი.
გლდანის სამომხმარებლოს ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში შაქრის ფასი არ შეცვლილა. მათი თქმით, მომხმარებელი მაღალი ფასის პირობებშიც ცდილობდა მარაგების შეძენას, რაც, ძირითადად, სეზონისთვის დამახასიათებელი მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული.
„ნაკლებად მგონია, რომ ეს ცვლილება გლობალური მიზეზით იყოს გამოწვეული. ზაფხულია და შაქრის მიმართ მოთხოვნა მეტად აქტიურდება, ვიდრე წინა პერიოდში. ცხადია, მოთხოვნის ზრდა პროდუქტის ფასზეც შესაბამისად აისახება. გაძვირების მიუხედავად, არა მგონია, გაყიდვების მაჩვენებელზე მკვეთრი გავლენა დაფიქსირდეს. რა თქმა უნდა ცვლილებები იქნება, მაგრამ არა საგანგაშო.
შაქარი პირველადი მოთხოვნის პროდუქტია და მომხმარებელი ნებისმიერი ფასის შემთხვევაში შეეცდება მის შეძენას. შეიძლება, სხვა ყველაფერმა დაიკლოს, მაგრამ პურს და შაქარს, რა ფასადაც არ უნდა იყიდებოდეს, მაინც შეიძენს", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ანალოგიური მდგომარეობაა დედაქალაქის დანარჩენ სამომხმარებლო ბაზრებზე. ვარკეთილის ბაზარში შაქარს 1,90 ლარზე იაფად იშვიათად წააწყდებით. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამაზე იაფად შაქარს ვერ გაყიდიან, რადგან დისტრიბუტორებსაც ძვირად შემოაქვთ.
"შაქრის გაძვირებამ მომხმარებლის ნაწილი ძალიან გააღიზიანა. ყიდულობენ, მაგრამ მარაგები შეამცირეს. ხალხს ახლა იმის შიში გაუჩნდა, რომ ფასის ზრდა არ გაგრძელდეს. სულ რამდენიმე დღეა, რაც გაძვირდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებულია, რის გამოც თითო-ოროლა კილოგრამებითაც ძლივს ყიდულობენ", - ამბობენ მოვაჭრეები.