რითი დაიბომბა ფოთი - Ту-ებით თუ Точка-У-ებით?

რითი დაიბომბა ფოთი - Ту-ებით თუ Точка-У-ებით?

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავზე ფოთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ერთი აქამდე უცნობი საინტერესო ინფორმაცია გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, ომის დროს საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის დაზვერვამ ქართულ მხარეს მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ რუსეთში აეროდრომიდან აფრენილი ორი სტრატეგიული ბომბდამშენი თბილისის დასაბომბად მოემართებოდა. "მათგან ერთი ჩამოვაგდეთ, მეორემ კი ფოთი დაბომბა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა," - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია ფოთის დაბომბვის შესახებ ჯერ კიდევ ომის დროს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც  ფოთი ორჯერ დაიბომბა - 9 აგვისტოს, 00:12 საათსა და 01:00 საათზე.

ამ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, რა საშუალებებით დაბომბა ფოთი მოწინააღდეგემ.

აფეთქებების (რასაც 12 ადამიანის დაღუპვა და 87-ის დაჭრა მოჰყვა) შემდეგ, დილით, ფოთელებმა აღმოაჩინეს ცილინდრული ფორმის ორი რკინის სხეული. ერთი მათგანი ფოთის სამხედრო პორტის ტერიტორიაზე ეგდო, მეორე კი ქალაქში სამხედრო პოლიციის "ნივას" დაეცა.

თავიდან ეს ფრაგმენტები აუფეთქებელი ბომბები ეგონათ, მაგრამ გაირკვა, რომ ეს იყო საბჭოთა წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების Точка-У-ების კორპუსის ნაწილები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფოთში სწორედ ეს რაკეტები აფეთქდა. მოგვიანებით ქალაქში აღმოჩნდა ამავე რაკეტების თავის გარსაცმები, რამაც დაადასტურა, რომ ეს "ტოჩკები" აღჭურვილი იყო სწორედ კასეტური ტიპის ქობინით. ფუგასურ-მსხვრევადი ქობინის შემთხვევაში გარსაცმები არ გადარჩებოდა.

2009 წლის 1-ლი სექტემბრის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "ფოთი რუსული "ტოჩკების" სამიზნე ომამდე ათი თვით ადრე გახდა", ვწერდით, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე რუსეთმა სეპარატისტულ აფხაზეთში მალულად შეიტანა Точка-У-ების ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების რამდენიმე ერთეული და ისინი ოჩამჩირესთან განალაგა.

9 აგვისტოს, გამთენიისას, სწორედ ოჩამჩირიდან გაუშვეს Точка-У-ს სამი ორტონიანი რაკეტა ფოთის მიმართულებით. თითოეული რაკეტის 482 კგ-იან ქობინში 50 საბრძოლო ელემენტი იყო განთავსებული, რომლებიც რაკეტების მიწაზე დაცემამდე ჰაერში გაიბნა და აფეთქდა. სწორედ მათმა ნამსხვრევებმა გამოიწვია ადამიანების დაღუპვა და დაჭრა.

პრეზიდენტის ნახსენებ სტრატეგიულ ბომბდამშენს (სავარაუდოდ, მასში პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსული Ту-22М3-ი იგულისხმა. ერთი ასეთი თვითმფრინავი მართლაც ჩამოვაგდეთ, ოღონდ არა - თბილისის მისადგომებთან, თანაც ის არ განეკუთვნება სტრატეგიულის კლასს და კლასიფიცირდება, როგორც შორი რადიუსის მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი) მართლაც რომ დაებომბა ფოთი, ქალაქში უნდა ყოფილიყო ნანგრევები, ისევე, როგორც სენაკსა თუ კოპიტნარში, რადგან ეს თვითმფრინავები მაშინ ფუგასურ საავიაციო ბომბებს გვიშენდნენ.

თუმცა, ფოთი, საბედნიეროდ, დანგრევას გადაურჩა, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ფოთი დაბომბა არა პრეზიდენტის ნახსენებმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, არამედ ოჩამჩირიდან გამოშვებულმა "ტოჩკებმა" და სწორედ კასეტური ქობინების აფეთქებისას წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა იმსხვერპლა და დაჭრა ფოთელები.