რას აღიარებს

რას აღიარებს "მასტერა" ფარულ ჩანაწერებში...

შესაძლოა საზოგადოების ყურადღება მალე კიდევ ერთმა გახმაურებულმა საქმემ მიიპყროს, რომელიც ციხის ბუნტის სახელით არის ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით, ბუნტის ჩახშობისას დაიღუპა 7 პატიმარი, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. რა მოხდა 2006 წლის 27 მარტს, რატომ გახდა ეს თემა გასულ კვირას ისევ აქტუალური და რა ახალი დეტალები იკვეთება ე. წ. ციხის ბუნტის საქმეში?

გასულ კვირას ადვოკატმა ლალი აფციაურმა შსს-ს სკანდალური აუდიო და სატელეფონო საუბრების ჩანაწერების სრული  ვარიანტი გადასცა, რომელიც თავის დროზე ყოფილი ე. წ. კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილისა და კუდ-ის მაღალჩინოსან "მასტერას" საუბრებს ასახავს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს ააშკარავებს. ადვოკატის ვარაუდით, ოქრუაშვილს ციხის ბუნტზეც საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.

ლალი აფციაური 2006 წლის 27 მარტის სისხლიან ღამეს იხსენებს: "იმხანად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მე-5 საპყრობილის შუა ვცხოვრობდი. ჩემი სახლი შედარებით მაღლობზე იყო და იქიდან ციხის საავადმყოფოც და მე-5 საპყრობილეც (რომელიც ამჟამად გაუქმებულია) კარგად მოჩანდა. იმ ღამეს ხმაურმა გამაღვიძა, - პატიმრები რკინის გისოსებზე კოვზებს და სხვა ნივთებს უკაკუნებდნენ, რასაც ციხეში ჯარის შეყვანა მოჰყვა.

თუ არ ვცდები, იუსტიციის სამინისტროს შეიარაღებული სპეცრაზმი შეიყვანეს ციხეში.

 

- როგორც ვიცი, სპეცრაზმს მძიმე შეიარაღება არ ჰყავდა, მე კი საპყრობილესთან ტანკები და ბეტეერები ვნახე, იქვე სამხედროებიც იყვნენ. ჩემი თვალით დავინახე, საკნების გისოსებიდან  როგორ გამოდიოდა მანათობელი ტყვიები. თავზარდამცემი სანახაობა იყო. ძლივს გავიაზრე, რომ საკნებში ესროდნენ პატიმრებს. არც კი მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მე-5 საპყრობილესთან და ვღრიალებდი, მკვლელებო, მკვლელებო-მეთქი. სწორედ ამ დროს შერბოდნენ ციხის ტერიტორიაზე სამხედროები.

ჩემს ახლოს გაჩერდა საპატრულო პოლიციის მანქანაც და ვიღაცებმა ჩემი შიგ ჩასმა სცადეს. მაგრამ ამ დროს ტელეკამერების შუქმა მოგვანათა და თავი გამანებეს. ეს იყო სისხლიანი სპეცოპერაციის ღამე, რომლის დროსაც  პატიმრები დაიღუპნენ და დღემდე არ არის ცნობილი მათი ზუსტი რაოდენობა. არადა, იმ დროს ტყეში უნებართვოდ ხის ტოტის მოტეხისთვის აპატიმრებდნენ ხალხს და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები არ დაუსჯიათ.

ჩემი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი მორიგი ახირების გამო მოეწყო ეს სპეცოპერაცია. თავი ვალდებულად ჩავთვალე, შსს-სთვის მიმეწოდებინა აუდიომასალა, სადაც დამნაშავეები თითქმის აღიარებენ დანაშაულს.

კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი "მასტერა" ასახელებს თანამდებობის პირთა სახელებსა და გვარებს, ლაპარაკობს მათ მონაწილეობაზე ამა თუ იმ დანაშაულში. ჩანაწერში ლაპარაკია დათა ახალაიაზეც, გირგვლიანის მკვლელებზეც, პროკურორ დავით ზვიადაძეზეც, რომელიც დღემდე მუშაობს პროკურატურაში, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაზეც (ჩანაწერის ეს ნაწილი თავის დროზე "დროების" მეშვეობით გახმაურდა), იმაზეც, რომ ციხეში ბუნტის მომწყობებს სინამდვილეში სააკაშვილი მფარველობდა.

როგორც "მასტერა" ამბობს, ჰქონდათ შიში იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გათვალისწინებით სააკაშვილი ვინმეს გაწირავდა და დასჯიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელის დაფარების პოლიტიკა არჩია.

მართალია, ყოფილმა კანონიერმა ქურდმა პლატონ მამარდაშვილმა თავის დროზე მოახერხა "მასტერასთან" ამ საუბრების ჩაწერა და გამომზეურება, მაგრამ შემდეგ ზეწოლის გამო სასამართლო პროცესებზე განაცხადა, აუდიოჩანაწერებთან არავითარი კავშირი არ მაქვსო. მისმა ახლობლებმა მითხრეს, როგორ ავიწროებდნენ მამარდაშვილს. ვიცოდი, მოგვიანებით შეიძლებოდა ესეც უარეყოთ, ამიტომ ჩემს მეგობარ ჟურნალისტს ვთხოვე და მათი საუბარიც ფარულად ჩავწერეთ, რაც დღეს შსს-ს აქვს. მამარდაშვილზე ამჟამად არაფერი ვიცი, შესაძლოა, აღიარებითი ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს კიდეც.

მამარდაშვილი აღიარებდა, რომ ციხის მაშინდელ ადმინისტრაციას თანამშრომლობაზე დასთანხმდა. მას დაჰპირდნენ, რომ "კანონიერი ქურდის" ტიტულზე უარის თქმის სანაცვლოდ მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ და მალე გაათავისუფლებდნენ. მოლაპარაკება ახალაიას კაბინეტში შედგა, რომელსაც მეგის ქარდავა და კიდევ რამდენიმე პირი ესწრებოდა. ციხეში პატარა არეულობის ინსცენირება დაიგეგმა, რაც ბაჩო ახალაიას მასზე აგორებული შავი პიარის გაბათილებისა და ძლევამოსილის იმიჯის შექმნისთვის სჭირდებოდა. მამარდაშვილის მტკიცებით, ადმინისტრაციამ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებით ვითარება უმართავი გახადა და პატარა პროვოკაცია დიდ არეულობაში გადაიზარდა. მერე თავად მამარდაშვილის მდგომარეობა ძალზე დამძიმდა, მას საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად და თავის დასაზღვევად ხერხის გამოყენება დასჭირდა. ამას თავის სკანდალურ ჩვენებაში ასე აღწერს: "გადამიყვანეს მე-8 საპყრობილეში, მომათავსეს კარცერში, სადაც დამიმონტაჟეს ვიდეოთვალი. ჩემი ხშირი სტუმარი იყო გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" (კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც ამჟამად გაქცეულია).

ის ცდილობდა ჩემთან ურთიერთობის აღდგენას, რადგან სურდა, გამეთქვა სიმართლე. მივხვდი, რომ დადგა ჩემი გეგმის შესრულების დროც, შევიძინე ძვირად ღირებული აპარატურა ჩემივე სახსრებით და რა გზით შევიტანე ციხეში, ალბათ, ხვდებით. როგორც ადრე ხერხდებოდა, ისე მოვახერხე... ამის შემდეგ დავრეკე გია დგებუაძესთან და როდესაც მოვიდა, დავსხედით ციხის ეზოში და ვისაუბრეთ გულახდილად. ის ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ ჩამწერი მექნებოდა".

შსს-სთვის გადაცემულ აუდიოჩანაწერში გიგა ბოკერიაც ფიგურირებს. "მასტერა" აცხადებს, რომ სროლის ბრძანება სწორედ მან გასცა. თუმცა, ელენე თევდორაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "არა, გიგა იქ ჩვენზე გვიან მოვიდა. მე ზუსტად მახსოვს, როცა შევედით ბაჩო ახალაიას ოთახში, ვანო მერაბიშვილი ტელეფონით აძლევდა განკარგულებას სროლის შესახებ, მერე მობრუნდა და მითხრა, ღმერთო ჩემო, ერთი დაგვეღუპაო. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ მხარეს იყო მსხვერპლი".

ბოკერია ^თუ მერაბიშვილი? - როგორც ჩანს, ამ კითხვას პასუხს ოქრუაშვილიც გასცემს, რომელიც ასევე განმარტავს, მას ექვემდებარებოდა თუ არა იმ ღამეს მე-5 საპყრობილის ტერიტორიაზე შესული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა. ალბათ, ისიც  გაირკვევა, ვის დანაშაულს და რატომ დააფარა ხელი სააკაშვილმა, მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებრიობა დამნაშავეთა დასჯას სთხოვდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრიც" მიმართავს გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, დაიწყოს 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის გამოძიება და აქვეყნებს ერთ-ერთი პატიმრის ახსნა-განმარტებას: "ძალიან ბევრი პატიმარი დაიჭრა შემომავალი ტყვიით. ერთი ოსი პატიმარი, სახელად ზუბა, სწორედ შემომავალმა ტყვიამ მოკლა. ეს დაახლოებით ორი საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ციხეში სპეცრაზმი შემოვიდა. ავტომატებს პირდაპირ ისროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმის შემოსვლისას ყველა პატიმარი საკანში შევიდა. მესამე კორპუსმა სპეცრაზმს თავისით გაუღო კარი და შეუშვა, მაგრამ მაინც ჩაცხრილეს პატიმრები. მე მეხუთე კორპუსში ვიყავი. ჩვენც შევედით საკნებში და კარები გავაღეთ. ერთი აზერბაიჯანელი პატიმარი იყო, რომელიც თავის დროზე 3 კგ ჰეროინის შემოტანისთვის წითელ ხიდზე დააკავეს, თუმცა, საქმეში მხოლოდ 2 კგ ჰეროინი ფიგურირებდა. ის ასაჩივრებდა, ითხოვდა, გარკვეულიყო, სად გაქრა ერთი კილოგრამი ჰეროინი. იმ არეულობაში სწორედ ის მოხვდა ჩემს საკანში და როდესაც დაწყნარდა ვითარება, გაიყვანეს საკნიდან, ვითომ მის საკანში დასაბრუნებლად. მაშინ არაფერი სჭირდა, მოგვიანებით კი გავიგე, გარდაცვლილა"(!).

როგორც ჩანს, ციხის ბუნტის საქმეში კიდევ არაერთი დეტალი გამოააშკარავდება და შესაძლებელია, იმ ავბედით დღეს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობაც დაზუსტდეს.

ეს იყო საქმე, რომლის ობიექტურ გამოძიებასაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა, მათი მოწოდება დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... როგორც ამბობენ, ახალი ხელისუფლებისთვის ერთი უხერხული ნიუანსია ამ საქმეში, - ციხის ბუნტის დროს იუსტიციის მინისტრი ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ქავთარაძე იყო. ალბათ, ისიც გაირკვევა, პირადად მან გადაწყვიტა თუ არა ციხეში სპეცრაზმის შეყვანა.