ძმებმა ბეჟუაშვილებმა კურორტი მანგლისი „აითვისეს“

ძმებმა ბეჟუაშვილებმა კურორტი მანგლისი „აითვისეს“

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე ნაშოვნი ფულით ყველაფერს ყიდულობენ. მალე საქართველოში ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩება. მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ნიკა გილაური და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები დღენიადაგ მიკრო და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ იმაზე კრინტსაც კი არ ძრავენ, რომ ყველაფერი მიწებიან-ტყეებიანად გაყიდულია ან მათ ფავორიტ ქართველ ბიზნესმენებზე, ან ჩინელებზე, არაბებზე, თურქებსა და სომხებზე, ან თავად დაეპატრონენ. ბიზნესის კეთება კი ჰაერში შეუძლებელია. ერთი შანსიღა დარჩა: რადგან მიწაზე აღარ გვაყენებენ, ამ ქვეყანას მეორე სართული უნდა დავაშენოთ და იქ გადავბარგდეთ, სანამ სააკაშვილის რეჟიმი მიწიქვეშეთში გვიკრავდეს თავს.

ნაცბოსების გაუმაძღრობის თვალსაჩინო მაგალითი ძმები - გელა და დავით ბეჟუაშვილები არიან. მათ სხვადასხვა სახის დიდ ბიზნესში სოლიდური წილები აქვთ, მაგრამ მადას ვერ იოკებენ და მთელი მანგლისი იყიდეს, თუ რამ ღირებული იყო, ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელთ.

საბჭოთა კავშირის დროს საკავშირო მნიშვნელობის კურორტი მანგლისი ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვებისთვის იყო რეკომენდებული და, ცხადია, პრევენციის მიზნით, აქ არა მარტო დაავადებულები ისვენებდნენ საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან. სააკაშილი დღენიადაგ ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკობს, თბილისიდან 60 კილომეტრში კი ასეთი უნიკალური კურორტია საუცხოო ბუნებით, მდინარით, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლებით... სამკურნალო ტურიზმის განსავითარებლად იდეალური პირობებით, რომელიც ბეჟუაშვილების სათარეშოდ იქცა - ძმებმა ყველაფერი იყიდეს და ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებიათ.

ახლა - რაც შეეხება დავით და გელა ბეჟუაშვილების მანგლისურ ქონებას (ინფორმაცია, რომელსაც გთავაზობთ, თავად მანგლისელებმა მოგვაწოდეს). მათი მთავარი შენაძენი დასასვენებელ-გასართობი პარკია, ე. წ. დიდი როშჩა, რომელიც 13 ჰექტარს მოიცავს. 90-იან წლებში ეს პარკი გავერანდა, ზოგი კონსტრუქცია დაინგრა, ზოგი ხალხმა დაშალა და შინ წაიღო ან ჯართში ჩააბარა. ბეჟუაშვილებმა მხოლოდ მცირე ინვესტიცია გაიმეტეს - ატრაქციონები დადგეს, რესტორნები, კაფე, სახინკლე ააშენეს, რომლებიც ზაფხულობით სეზონურად მუშაობს. საინტერესო ის არის, რომ ეს 14 ჰექტარი ბეჟუაშვილებს 1 მილიონ 120  ათასი ლარი დაუჯდათ, ანუ  1 კვ.მ. მიწის ფართობი 8 ლარად შეიძინეს. არადა, მანგლისში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ამ პარკის მიმდებარედ 1 კვ.მ მიწის ფართობის ღირებულება 50-60 დოლარია. ამდენად, ბეჟუაშვილების მიერ მილიონ 112 ათას ლარად შეძენილი მიწის რეალური ფასი მინიმუმ 7 მილიონი დოლარია, ანუ 11 მილიონ 690 ათასი ლარი. გამოდის, სულ მცირე 10 მილიონ 570 ათასი ლარის ქონება ხელისუფლებამ ბეჟუაშვილებს აჩუქა.

თავის დროზე მანგლისში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბაზა იყო განთავსებული. საბჭოელი ოფიცრებისთვის აშენებული მცირე სამხედრო ქალაქი და მათი შვილებისთვის მოწყობილი სპეციალური ბანაკი 30 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. 90-იან წლებში ეს ბანაკიც მიწასთან გასწორდა, თუმცა საუცხოო ფიჭვნარი დარჩა. ბეჟუაშვილებმა აქაც იხარბეს, ამ 30 ჰექტრიდან გოჯი არავის დაუთმეს და თანაც 1 კვ. მეტრი ფართობი 6 ლარად (რეალური ფასი - 50 დოლარი), ანუ მთელი ეს უზარმაზარი ტერიტორია 1 მილიონ 800 ათას ლარად შეიძინეს, ნაცვლად 15 მილიონი დოლარისა (ანუ 25 მილიონ 50 ათასი ლარისა). ყოფილი ბანაკის ტერიტორია კი დიდი გალავნით შემოღობეს, ააშენეს სასტუმრო, კორტები, საცურაო აუზი, საბილიარდე, რესტორანი, ბარი, კაფეები...

ნებიერა ძმებმა მანგლისში კიდევ ერთი ობიექტი, ყოფილი ბავშვთა სანატორიუმი იყიდეს. 6,5 ჰექტარი ტერიტორია თითქმის მუქთად ჩაიგდეს ხელში - 1 კვ. მეტრში 6 ლარი და 70 თეთრი გადაიხადეს. მოდით, ვნახოთ, რა იხეირეს ამ სანატორიუმით ძმებმა. ცხადია, მდებარეობის გამო (მანგლისის გული და ცენტრია), აქაც 50 დოლარზე ნაკლები არ ღირს მიწა. ბეჟუაშვილებმა ამ სანატორიუმში 435 ათას 500 ლარი გადაიხადეს. რეალურად კი ეს სანატორიუმი 3 მილიონ 250 ათასი დოლარი, ანუ 5 მილიონ 427 ათას 500 ლარი ღირს. აქ უკვე 4 მილიონ 992 ათასი ლარით აზარალეს სახელმწიფო ძმებმა. აღსანიშნავია, რომ ეს სანატორიუმი თავის დროზე მთელი წლის მანძილზე უწყვეტად მუშაობდა. ტურიზმისა და სამკურნალო დაწესებულებების ტრფიალ ჩვენს პრეზიდენტს აქეთ არც გამოუხედავს, მისი კლანის წევრებმა კი აქაურობა სხვას არ დაანებეს, იყიდეს და დააკონსერვეს.

ძმებმა ასევე დააკონსერვეს მანგლისსა და სოფელ ალგეთს შორის მდებარე ბავშვთა სანატორიუმი, რომელიც სეზონზე ერთდროულად 150 ბავშვს მასპინძლობდა. მისი რეალური ფასი მინიმუმ 3,5 მილიონი  ლარია, ბეჟუაშვილებმა კი 11 ათას ლარად იყიდეს. მოკლედ, ბეჟუაშვილებმა იყიდეს მანგლისის მთელი საკურორტო ინფრასტრუქტურა და პოტენციალი, რითაც კურორტის განვითარება შეაჩერეს.

ბეჟუაშვილების ქონების ნუსხაში მანგლისის კიდევ ერთი ბავშვთა სანატორიუმი და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ რამდენიმე ჰექტარი მიწაა.

ხოლო ყოფილი სასაკლაოს შენობა, რძის ქარხანა, რომელიც ყველა სახის რძის პროდუქტს, ერთ დროს ცნობილ მანგლისურ ყველსაც აწარმოებდა, კინოთეატრი, 3-სართულიანი უნივერმაღი თავისი საწყობებითა და მიმდებარე ტერიტორიით ბეჟუაშვილების კლანმა იყიდა. მანგლისსა და თეთრიწყაროს სოფლებში ბეჟუაშვილებმა ასობით ჰექტარი სათიბი მიწაც იყიდეს და იჯარით აქვთ გაცემული. მანგლისში ამბობენ, რომ ძმების მორიგი სამიზნე მანგლისის რუსული სკოლის შენობაა, რომელიც შარშან დაიხურა. ამ სკოლის დირექტორი წლების მანძილზე მათი დედა, სვეტლანა ბეჟუაშვილი იყო.

ეს მხოლოდ ნაწილია ძმების მანგლისური ქონებისა. მათ გარემოცვასთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ მანგლისის საკურორტო ობიექტები ბეჟუაშვილებისთვის სარეზერვო ბიზნესია.

ძმებმა ლამის მთელი მანგლისი იყიდეს, დაბის მცხოვრებლებს კი მათგან კარგი მხოლოდ ის ახსოვთ, რომ გაზულუქებულმა ბეჟუაშვილებმა სოფელ თონეთიდან მანგლისამდე, დაახლოებით 3-კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტი დააგეს, 2006 წელს ასევე მოაასფალტეს მანგლისის ცენტრალური გზა. არადა, როგორც მთელ ქვეყანას, მანგლისელებსაც უჭირთ, ბევრ ოჯახს პურის ფული ენატრება. ბეჟუაშვილებმა კი, რომლებმაც მთელი საკურორტო საშუალებები ჩაიგდეს ხელში, ადგილობრივებს დასაქმების ყოველგვარი შანსი მოუსპეს.

დღესდღეობით მანგლისში არ არის გაზი, მხოლოდ ელექტროენერგიაა. დენი კი, მოგეხსენებათ, გაზზე ძვირია. ზამთარში აქ შეშით თბება ხალხი. ზაფხულში კი, იმის გამო, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი დაუსაქმებელია და რაკი დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს ვერ გადაიხდის, საჭმელს შეშის ღუმელზე ამზადებენ, შედეგად კი, მანგლისის მიმდებარე ტყეები უმოწყალოდ იჩეხება. შარშან მანგლისელებმა თურმე პეტიციით მიმართეს დავით ბეჟუაშვილს: მთელი მანგლისი ხომ იყიდე, ალალი იყოს, მადლი ჰქენი, გაზი მაინც გამოიყვანე დაბაში, ჩვენს სახლებში კი როგორმე თავად შევიყვანთო. დავით ბეჟუაშვილმა ხალხთან შეხვედრაც არ იკადრა, მოურავის (ესეც ჰყავთ!) პირით შეუთვლია - დენის ფულს ვერ იხდით და გაზისას გადაიხდითო? თან დამოძღვრა - შეშა ბლომად არის ტყეში, მოჭერით, მოიტანეთ და საჭმელი ისე გაამზადეთო. „გონივრული“ რჩევაა. მანგლისელები კვლავაც დაუნდობლად ჩეხენ ტყეს. მათ რა უნდა მოჰკითხო, როცა სახელმწიფო მოხელე ძმებს ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც, ეკოსისტემაც და მშობლიური კურორტის მომავალიც?!

ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს გამოწვლილვით აქვთ შესწავლილი არა მარტო ბეჟუაშვილების, არამედ ნაცკლანის მიერ კრიმინალური გზით ნაშოვნი მილიონები და ბიზნესები. ამიტომ „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის გიორგი გუგავას დაუკავშირდა.

ბატონო გიორგი, ძმებმა - გელა და დათო ბეჟუაშვილებმა ლამის მთელი კურორტი მანგლისი შეისყიდეს, თან ძალზე იაფად. იცით მათი მშობლიური ბიზნესისთაობაზე?

- ვიცი, რომ მთელი მანგლისის საკურორტო ინფრასტრუქტურა, ამ კურორტის საუკეთესო მიწები ბეჟუაშვილებმა უსინდისოდ ჩაიგდეს ხელთ, თან ჩალის ფასად. ბეჟუაშვილები მთელ ქვეყანას არიან მოდებული. მათია საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებენ ქვანახშირის, მარგანეცის ბიზნესს, აქვთ რამდენიმე ჰესი და სხვა…უამრავი ბიზნესი. გელა ბეჟუაშვილი სააკაშვილის კურსელია და ამიტომ ძმებს ყველაფრის უფლებას აძლევს. სანაცვლოდ ძმები „ნაციონალთა“ საარჩევნო კამპანიებს, ამათ უაზრო პროექტებს და მიშას ხუშტურებს აფინანსებენ. მარტო ეგ ბეჟუაშვილები რომ იყვნენ, რაღა გვიჭირდა? კეზერაშვილი, უგულავა, ჩოჩელი, გეგენავა და სხვები ხალხის გაღატაკების ხარჯზე, კრიმინალური გზით გამდიდრდნენ და ახლაც შოულობენ მილიონებს.

ბეჟუაშვილებმა მანგლისის მთელი საკურორტო ინფრასტრუქტურა იყიდეს, დააკონსერვეს, ხალხი კი უმუშევარია, ლუკმაპურის ფულს სხვაგან დაეძებს.

- ეგ მიშას კარის ბიზნესმენთა წესია. მთავარია, თვითონ ჭამონ და სხვა არ ადარდებთ. უხარიათ, ხალხი რომ მშიერია, რადგან გაჭირვებულ ხალხზე უფრო კარგად ძალადობენ, მაგრამ ამათ პარპაშსაც მოეღება ბოლო და, რაც მიიტაცეს, იმას უკან დააბრუნებინებენ.

როგორ უნდა მოხდეს ამათი ბიზნესკლანისგან უკანონოდ მითვისებული ქონების ხალხისა და სახელმწიფოსთვის დაბრუნება?

- ძალიან მარტივად. ესენი უნდა გასამართლდნენ, რაც უკანონოდ აქვთ სახელმწიფოსგან „შეძენილი“, უნდა ჩამოერთვათ სამართლებრივი გზით, დაუბრუნდეს სახელმწიფოს და მერე ნორმალური ხელისუფლება, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების გარდა, პატიოსანი კონკურენციის გზით, ხელახლა გაყიდის იმას, რაც კანონით პრივატიზებას დაექვემდებარება.

მაგრამ მათ არა მარტო სახელმწიფო გაძარცვეს და გაატყავეს, ხალხსაც ბევრი წაართვეს: ზოგს - ბიზნესი, ზოგს - სახლები და მიწის ნაკვეთები.

- ვიცი, კაცო, მაგის მეტი რა ვიცი! ცხადია, რაც „ნაციონალმა“ ოლიგარქებმა ხალხს უკანონოდ წაართვეს, ყველაფერი უნდა დააბრუნონ, დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ კანონის სრული დაცვით, მხოლოდ სამართლებრივი გზით.