გასული საუკუნის 60-იანი წლების პირველი ნახევრის როკ’ნ’როლის ბუმი, თანდათანობით ჩაცხრა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი მოძველდა.
როკ’ნ’როლი არსებობდა, არსებობს და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მან გზა სხვა მიმათულებებსაც დაუთმო, რაც მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესთან ერთად, მუსიკოსების საშემსრულებლო ოსტატობის გაზრდითა და მათი აზროვნების არეალის გაფართოებით იყო გამოწვეული.
ამ დროს უკვე თანდათანობით მკვიდრდება ჰარდ როკი, რაშიც დიდი წვლილი The Beatles-მა შეიტანა. საინტერესოა, რომ ლეგენდარულ ოთხეულს კიდევ ერთი - უდიდესი მიმართულების (რომელსაც სულ ცოტა ხანში პროგრესივ როკად შერაცხავდნენ) წარმოქმნაში ლომის წვლილი მიუძღვის.
უკვე ყბადაღებული ფრაზაა, რომ ეს მიმართულება ალბომ Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band - ს უკავშირდება, თუმცა The Beatles-მა პროგრესივის პირველი ნიშნები იქამდე გამოავლინა და როგორც ნოვატორმა, აქაც უმთავრესი როლი ითამაშა.
1966 წელს Strawberry Fields Forever -ში პოლ მაკარტნიმ დანერგა მელოტრონის იდეა, რამაც უკიდურესად გაამართლა. აბა ვის წარმოუდგენია ეს სიმღერა განუმეორებელი ინტროს გარეშე!
სიმღერას დაბოლოვებაც ექსტრავაგანტული გამოუვიდა, რაც როკ’ნ’როლის სფეროში ნამდვილად არ ჯდებოდა.
Strawberry Fields Forever-ის ფინალური ნაწილის ექსპერიმენტი ცოტა ხანში ჯიმი ჰენდრიქსმაც გაიმეორა Are You Experienced?-ში. ეს კი უკვე ნიშნავდა, რომ მუსიკა ექსპერიმენტული გზითაც განვითარდებოდა და რომ „ბრიტანული შეჭრა“ არამარტო ჰარდ როკით უნდა შემოფარგლულიყო.
მაინც რას ნიშნავს პროგრესივ როკი? ვინაა მისი მიმდევარი და როგორ განვითარდა იგი ათწლეულების განმავლობაში?
დავიწყოთ იმით, რომ სრულყოფისთვის მუსიკალურმა კრიტიკამ მას კიდევ ერთი ეპითეტი - „არტ“ ჩაურთო და კრიტერიუმი საბოლოოდ Progressive/Art Rock სახით ჩამოყალიბდა.
მომავალში კლასიკურ ექსპერიმენტულ ბენდებთან ერთად, გართულდა ჟანრში სხვადასხვა ჯგუფების ჩასმა - არჩასმის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ასეთ კოლექტივს უამრავი ექსპერიმენტი ჰქონდა ჩატარებული საკუთარ რეპერტუარში.
უპირველეს ყოვლისა - „Art“-ის ჩამატებით, მუსიკალურმა კრიტიკამ შესაძლოა გარკვეული სნობიზმით მიანიშნა ამ ჟანრის წარმომადგენელი ჯგუფების მეტ სოლიდურობაზე კლასიკური მუსიკის ელემენტების გამოყენების გამო.
1967 წელს როკ მუსიკის სარბიელზე გამოჩნდა საოცარი პიანისტი კიტ ემერსონი თავის Nice-თან ერთად, პარალელურად ბრიტანულ სცენაზე დამკვიდრებული ფსიქოდელიური ფონი გაამძლავრეს Manfred Mann-მა, Pink Floyd-მა, Soft Machine-მა და ამ უკანასკნელთან ერთად „კენტერბერული სცენის“ ახლადწარმოქმნილმა რამდენიმე ჯგუფმა.
უკვე მათ შორის შეიძლება არაერთი განსხვავების პოვნა ექსპერიმენტულ ჟანრთან მიდგომასთან დაკავშირებით. თუკი Nice, Manfred Mann და Soft Machine ვირტუოზულად ფლობდნენ ინსტრუმენტებს, Pink Floyd-ს ეს მაინცდამაინც არ ანაღვლებდა და ყურადღებას ბგერის დახვეწაზე ამახვილებდა.
მოხდა ისე, რომ ფსიქოდელიამ დაიპყრო პროგრესივის ადრეული ფაზა და პირიქით. 1968 წლისთვის ბრიტანული სცენა იქცა მუსიკალურ წალკოტად, რომლის მსგავსიც აღარასოდეს განმეორდება.
ინტელექტუალური თვალსაზრისით როკმა საოცარი პროგრესი განიცადა და 1964 წლის შემდეგ ოკეანის გაღმა კიდევ ერთი „ბრიტანული შეჭრით“ აღინიშნა.
1967 წელს ინგლისში შეიქმნა Deep Purple, რომლის კლასიკური მუსიკის სფეროში ღრმად განსწავლულმა ორგანისტმა ჯონ ლორდმა უკვე ორი წლის შემდეგ შექმნა უნიკალური ნაწარმოები „კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისათვის“, რომელიც კლასიკური და ახალგაზრდა როკ მუსიკის დიდებულ ნაზავად იქცა.
54 წუთიან საკონცერტო ალბომს არაერთგვაროვანი გამოძახილი მოყვა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი პროგრესივ/არტ როკის გამორჩეულ ნიმუშად იქცა.
Deep Purple პირველ სამ სტუდიურ ალბომში უდიდეს ყურადღებას უთმობდა კლასიკურ თემებს და მის ამდროინდელ რეპერტუარში, ფაქტობრივად პროგრესივი ჰარდს აღემატებოდა კიდეც.
მიუხედავად ამისა, Deep Purple დღემდე ითვლება ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის მამამთავრად და მას პროგრესივ როკ ბენდად მუსიკალური პრესა არ მოიაზრებს.
ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყოს, რადგან კიდევ კაცმა არ იცის Pink Floyd-ის another Brick In The Wall უფრო „პროგრესივია“, თუ River Deep Mountain High-ის Deep Purple-ეული ვერსია...
1969 წლისთვის ჰარდ როკის კვალზე, პროგრესივ როკისთვისაც ჩამოყალიბდა სრულყოფილი ფუნდამენტი.
სწორედ ამ პერიოდში იქმნება ოთხი ბუმბერაზი ჯგუფი Genesis, King Crimson, Emerson Lake & Palmer და Yes.
თუკი ბოლო მათგანს დახვეწა ესაჭიროებოდა, დანარჩენებმა სადებიუტო ალბომებიდანვე ცხადყვეს, რომ კომერციული მუსიკა, შეიძლებოდა არ ყოფილიყო საცეკვაო.
King Crimson 1969 წელს „გამახურებელი ბენდის“ სტატუსით 650000-იანი აუდიტორიის წინაშე წარდგა The Rolling Stones-ის კონცერტის წინ ლონდონის ჰაიდ პარკში.
ასეთი ფართო აუდიტორია ჯგუფს ლამის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში აღარ ჰყოლია, მაგრამ ფაქტია, რომ „როლინგებმა“ რობერტ ფრიპის ჯგუფს სერიოზული ბიძგი მისცეს „კომერციული“ თვალსაზრისით.
ახალმა ჟანრმა თანდათანობით როკ’ნ’როლის მსმენელი აუდიტორიის გულებიც დაიპყრო და ინგლისი უმდიდრეს მუსიკალურ ქვეყანად აქცია, სადაც ერთდროულად უკრავდნენ ბლუზს, ფოლკს, ჰარდს, კლასიკას და რა თქმა უნდა როკ’ნ’როლს, რომლის გარეშეც იგივე Emerson Lake & Palmer არ დარჩენილა, რომელმაც ალბომ Tarkus-ის დამაგვირგვინებლად ფრიად უცნაური და თუნდაც Led Zeppelin-ისა და Sweet-გან განსხვავებული როკ’ნ’როლი წარმოადგინა...
(გაგრძელება იქნება)