საყელოგაღეღილმა ვინსენტემ ვეღარ მოითმინა და აღტაცების ნიშნად ორი თითი ჩიდო პირში და ისე საზარლად დაუსტვინა, ყურებზე ხელი იტაცეს. სტვენა საერთოდ უზრდელობად ითვლებოდა ლამაზ-ქალაქში და დამორცხვებულმა ვინსენტემ თავისი ღილი შეიბნია, წამსვე შეიცვალა, თავი ჩაღუნა და დაბალის ხმით თქვა: „მომიტევეთ, უღრმეს ბოდიშს ვიხდი“. საკვირველი იყო, ისე სწრაფად იცვლებოდა - ღილშებნეული სულ სხვა იყო, საყელოგაღეღილი - სუუულ სხვა“.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
პირველ რიგში, მინდა გავიხსენო ის დღე, როდესაც შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სამინისტროში ფარული ჩანაწერების დახურულ ჩვენებაზე მიგვიწვია. შოკისმომგვრელი კადრები იყო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მზად ვიყავით, რომ ჩვენებას ბოლომდე დავსწრებოდით. პირდაპირ გეტყვით: განსაცვიფრებელი იყო ბ-ნ კოჟორიძის რეაქცია და უფრო საოცარი იყო კითხვა და გაღიზიანებული ტონი, რომლითაც მან ბ-ნ ღარიბაშვილს მიმართა - „რატომ გვაჩვენებთ ყოველივე ამას?“
მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია. აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო, სრულიად შეუძლებელი იყო აღნიშნული ჩანაწერების ჩვენება ტელეეთერის საშუალებით, ანაც მათი ატვირთვა ინტერნეტ-სივრცეში, თუმცა ის, რომ რაღაცის გასაჯაროება შეუძლებელია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს მის შესახებ. შსს-ში მოწყობილ „სეანსს“ სრულიად კონკრეტული ამოცანა ჰქონდა - ჩვენ ეს უნდა გვენახა, ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა და ჩვენი საშუალებით, მას შემდეგ, რაც ამ ჩანაწერების შესახებ მოვუყვებოდით, ადამიანებს უნდა გაეგოთ, თუ რასთან და ვისთან გვქონდა საქმე. ერთადერთი, ვისაც ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანა აშინებდა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა და მე კოჟორიძის აღშფოთებულ ტონში სწორედ ეს შეშფოთება ამოვიკითხე.
ეს შიში იგრძნობა მათში (ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს) მას შემდეგ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ შვედურ გაზეთში გამოქვეყნებული სკანდალური მასალების შესახებ შეიტყო - თუ როგორ იხარჯებოდა შვედი გადასახადების გადამხდელთა ფული საქართველოში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისა და მისი მხარდამჭერების სასარგებლოდ.
ლოგიკური იქნებოდა, პირველ რიგში, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებულიყვნენ შვედურ პრესაში გამოქვეყნებული მასალებით, და ეცადათ, რომ საქმის ვითარებაში გარკვეულიყვნენ, თუმცა ქ-მა ნინო ლომჯარიამ შვედეთში მცხოვრები საკუთარი მეგობრების აზრი მოიშველია და აღნიშნა, რომ გაზეთი, რომელმაც გაბედა და ბილდტისა და სააკაშვილის საეჭვო გარიგებაზე ხმა ამოიღო, არის ტაბლოიდი, რომლის სანდოობაც ეჭვს იწვევს.
სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად მე სააკაშვილის რიტორიკა გამახსენდა, როდესაც მისდამი გამოთქმული კრიტიკის ავტორებს ყველა მიწიერ თუ არამიწიერ ცოდვაში დებდა და ახლაც დებს ბრალს.
დიდი ხანია, საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ ზოგიერთი ენჯეოშნიკი, როგორც მათ უწოდებენ, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით ლოიალურად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობისადმი“. რა თქმა უნდა, ვერავის აუკრძალავ და არც უნდა აუკრძალო, რომ იყოს რომელიმე პარტიის წევრი ან მხარდამჭერი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ღიად და გამჭვირვალედ, თუნდაც - „საერთაშორისოდ გამჭვირვალედ“ და არა ისე, როგორც ხდება - ვითომ ნეიტრალური, ვითომ მიუკერძოებელი, ვითომ პირუთვნელი და ა.შ. ისევე, როგორც „რუსთავი 2“ - ვითომ მედია საშუალება, ვითომ დაბალანსებული და ობიექტური... როდესაც, ნაციონალების მმართველობის დროს იყო ყველაფერი კარგად, ხოლო ახლა ყველაფერი არის ცუდად. მაშინ არ იყო ქურდობა, ახლა ყველა ქურდობს; მაშინ არ იყო მკვლელობა, ახლა კი ყველა ერთმანეთს ხოცავს; მაშინ იყო ტერიტორიული მთლიანობა, ახლა - მავთულხლართებია; მაშინ „იმედი“ არავის დაურბევია, „პრესა.ჯი“ არავის მიუსაკუთრებია, ფოტორეპორტიორები არავის დაუპატიმრებია, ახლა კი რეკლამის კანონით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობენ...
აღარც მახსოვს, ბოლოს როდის იყო, კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურის ტრიუმვირატიდან ერთ-ერთს მაინც, უფრო ხშირად კი - სამივეს ერთად, ამა თუ იმ საკითხზე, ფაქტზე თუ მოვლენაზე „რუსთავი 2“-ის საშუალებით საკუთარი აზრი რომ არ დაეფიქსირებინოთ. აზრი, რომელიც, პირადად ჩემთვის, ყოველთვის საეჭვო თანხვედრაში მოდის ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულ შეფასებებთან. ერთია - იყო ტენდენციური, მაგრამ მეორეა - იყო ტენდენციური „რუსთავი 2“-ის ეთერში. თან - სისტემატიურად.
ყოველივე ეს ნამდვილად იძლევა დაეჭვების საფუძველს და ეს ეჭვები უამრავ ადამიანს არც არასოდეს დაუმალავს, მაგრამ, საკმარისი იყო ინტუიციას და ლოგიკას დამატებოდა უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, ხსენებულიყო რამდენიმე გვარი, რომ პოლიტიკოსთა ერთი, გარკვეული ჯგუფისგან, და რამდენიმე ე.წ. ენჯეოშნიკისგან მივიღეთ სრული ისტერიკა - „არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძვიან“, „სახეზეა სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა“, „მესამე სექტორი საფრთხეშია“ და ა.შ.
გია ნოდიასა და თემურ იაკობაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ყბადაღებულ ეგზიტპოლებს გაგახსენებთ. გაგახსენებთ ლუის ნავაროს მიერ ჩატარებულ ოინბაზურ კვლევებს. საზოგადოებამ აბსოლუტურად ადექვატური შეფასება მისცა ლუის ნავაროს პიროვნებას, მაგრამ ერთი წუთითაც არავის დაუყენებია ეჭვქვეშ „ენ-დი-აის“, როგორც ორგანიზაციის, სოლიდური რეპუტაცია და არც არავის აუკრძალავს და ვერც ვერავინ აკრძალავს გია ნოდიასა და თემურ იაკობაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი კონსტიტუციური უფლებაა, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა კონსტიტუციის ფარგლებში. ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, ვიფიქრო, მქონდეს ეჭვი, გავაკეთო დასკვნა და გამოვთქვა აზრი.
ვამბობთ „ლენინს“ და ვგულისხმობთ „პარტიას“, მაგრამ როდესაც ვამბობთ „კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურს“, სრულიადაც არ ვგულისხმობთ არასამთავრობო სექტორს, მაგრამ ვიგულისხმო „პარტია“, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ხმამაღლა ვთქვა, ეს ჩემი უფლებაა და თუ ვინმე (გასაგებია ვინც) ამ უფლების ჩამორთმევას შეეცდება, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჩემი ეჭვი იყო გონივრული, ხოლო დასკვნა - მართებული.
…როგორც იქნა გავხსენი საროჩკის ზედა ღილი. გითხრათ, რას ვგულისხმობ, როდესაც „კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურს“ ვამბობ? მაგას მაშინ გეტყვით, როცა ღილებს ჭიპამდე ჩავიხსნი. მანამდე კი, გაკვეთილს ჩაგაბარებთ, რამდენიმე წუთის წინ ჩემმა მეხუთეკლასელმა შვილმა ჩამაბარა და ბოლოს მკითხა, აზრი რა არისო.
მოკლედ, იხვი ჩჯდა გუბეში, იქვე ჩახტა ბაყაყი (როგორც სახელმძღვანელოში წერია - მყვარი). დაძმობილდნენ, მოყვნენ მთისას და ბარისას. ამასობაში, ამოვიდა მზე და გუბემ დაშრობა დაიწყო. იხვმა უთხრა, სხვა გუბე მოვძებნოთო, ბაყაყმა იუარა - ჩემი მამული ეს არისო. გადაფრინდა იხვი სხვა გუბეში. რამდენიმე დღის შემდეგ მოაგონდა თავისი ძმობილი, იფიქრა, დავხედავ, მოვიკითხავო. დახედა და რა იხილა - გუბე დამშრალიყო, ბაყაყი მომკვდარიყო. ეჰო, - გაიფიქრა იხვმა, - წამოსულიყავი ჩემთან ერთად და ახლა ცოცხალი იქნებოდიო.
აზრი კი ის არის, რომ ბაყაყს ერთი ვედრო წყლის მოტანა და გუბის ავსება დაეზარა, ელოდებოდა, სანამ აქეთ მოუტანდნენ, ხოლო იხვმა ერთი ვედრო წყლის მოტანაში და გუბის ავსებაში კაი მსუყე გრანტი აიღო, ტრენინგ-სემინარზე („ვედრო წყალი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დემორატიულ პროცესებში“) დასასწრებად სხვა გუბეში გადაფრინდა და იქ დარჩა. ჩემი ყურით მოვისმინეო - ერთმა ახლობელმა მითხრა. ისევ უსმენთ-მეთქი - ვკითხე და - კიო. ეს ჩვენ გვეხება-მეთქი? - დავინტერესდი. ასე მიპასუხა, თქვენ არ გეხებათ, იმათ ვუსმენთ, ენჯეოშნიკებს, და იმათ ეხებათო.
აი ამაზე კი მრთლა სერიოზულად გავბრაზდი. მაგათ რატომ უნდა უსმენდნენ? ჩვენ რატომ არ გვისმენენ? ეგეც არ იყოს და, რას გვანან! ის კი არა, რომ არ უნდა მოუსმინო... ზედ არ უნდა შეხედო, რას გვანან! არადა, ეკითხებიან და უსმენენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის გენ. დირექტორის თანამდებობაზე ვის ხედავთ? სახალხო დამცველად ვინ წარმოგიდგენიათ? როგორია თქვენი მოსაზრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით? კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი წევრების კანდიდატურებზე რას იტყვით? შეწყალების კომისიის თავმჯდომარის სავარძელში ვის ხილვას ისურვებდით? ვის ხელში უნდა იყოს მოსმენების გასაღები? არის თუ არა მარსზე სიცოცხლე? მარადონა პელეა? მესი თუ რონალდუ? ფარფლები თუ ზეპელინები? ერისიონი თუ სუხიშვილები? თქვენზე ამბობენ, ლიფტში გაიჭედაო... მართალია? სად არის ალიოშა დევდარიანის არქივი? ეს ბზარი იყო? მოგწონთ სათაური?..
ესეც მეორე ღილი... გითხრათ, რას ვგულისხმობ, როცა „კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურს“ ვამბობ? ვგულისხმობ ქორიძეს, ანთაძეს, ტუღუშს, ელისაშვილს, დევდარიანს, ხაბაზს და მენაბდეს, სადღობელაშვილს, შავერდაშვილს, ჟიჟილაშვილს, გოგიბედაშვილს, ბუღაძეს... საერთო ჯამში კი, ვგულისხმობ ნეხვს, ოღონდ - ფრანგულად. კია წილპურ ვოტხ სერვის, მადმუაზელ! კია წილპურ ვოტხ სერვის, მადმუაზელ!.. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ მთების გაცისფრებაც მოინდომეს!
გამორჩეული კვირა იყო - საერთოდ არ შემიწუხებია ჩემი მეგობარი სააგენტო, რაც არცთუ ხშირად ხდება, ხშირად კი ის ხდება, რომ ნიუსის სათაურებს ჩამოვუყვები ხოლმე - „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტს და განიხილეს...“, „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს და განიხილეს...“, „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ამერიკის ელჩს და განიხილეს...“, „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ნატოს ელჩს და განიხილეს...“
კოჟორიძე უკვე მარგველაშვილშია, ჩუგოშვილი აღარ არის ღარიბაშვილში, რადგან მარგველაშვილში უნდა და გზად ამერიკაში შეივლის სასწავლებლად, გიგაური მერაბიშვილში იყო და, დარწმუნებული ვარ, მასაც მარგველაშვილში ვიხილავთ, ისევე როგორც ლომჯარიას... მერე იქნება არჩევნები და ზურიკელა ვაშალომიძის და მერი სიხარულიძის შთამომავლები, ანუ მთელი სოფელი, ენჯეოშნიკებს მიცემენ ხმას, რადგან უცქერენ მხოლოდ „იმედს“ და „რუსთავს“, უსმენენ ჯაჯანიძეს და ჯავახიშვილს და არ აქვთ რეაქცია. სხვაზე სხვამ თქვას, სხვამ იფიქროს, სხვამ იკივლოს და რეაქციაც სხვას ქონდეს.
ეს თქვენ გეხებათ და ისევ მისმინეთ. არაფერია იმაზე ადვილი, რომ შევადაროთ, თუ რას ამბობდნენ ისინი, ახლა რომ აცხადებენ, ისევ გვისმენენო, მაშინ, როცა მართლა გვისმენდნენ და რას იტყვიან მაშინ, თუ მთელი სოფელი მათ მისცემს ხმას? იტყვიან, რომ მოსმენები აუცილებელია, ციხეები უნდა გაივსოს და წილები უნდა გადანაწილდეს. ანუ მოხდება ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა, როცა მთელმა სოფელმა ხმა მათ მისცა.
მაინც, რა არის ეს პოლიტიკა? რა ხილია და რა ბოსტნეული? პოლიტიკაა სასარგებლო თუ პოლიტიკაში ყოფნა? ისევ ჩემი მეგობარი სააგენტო თუ დამეხმარება თავისი იმ ერთი ანონსით და ერთ ნიუსით, რომლებსაც სოციალურ ქსელში გადავაწყდი.
ანონსი: „საპარლამენტო დელეგაცია ხვალ, 6 თებერვალს, ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მინი-ფეხბურთის ჩენპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები. დეპუტატ შოთა ხაბარელის თქმით, ქართული მხარე 13-კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. "მე გახლავართ დელეგაციის ხელმძღვანელი. ვითამაშებთ მინი-ფეხბურთს, თუმცა ცოტა მოზრდილი სტადიონია. რვა კაცით დაკომპლექტებული გადის პირველი შემადგენლობა და მასში იქნება ორი ყოფილი ფეხბურთელი - დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე. იქნება ზურაბ ზვიადაურიც. ვფიქრობ, რომ კარგი ნაკრები გამოვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ გუნდში "ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ იქნება, თუმცა შეთავაზება ჩვენ მათ გავუგზავნეთ", - განაცხადა ხაბარელმა ჟურნალისტებთან. იმის გამო, რომ დეპუტატების ნაწილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება ფეხბურთის სათამაშოდ, ხვალ, 6 თებერვალს, პარლამენტში, სავარაუდოდ, პლენარული სხდომა არ ჩატარდება“.
ნიუსი: „საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მონაკოს პრინცს ალბერტ მეორეს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც დავით საგანელიძე PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მონაწილეობს. პარლამენტარის განცხადებით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს“.
აიწყეს ცხოვრება. აწყდა მესამე ღილი.
სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.
ნიუსი ახალ ამბავს ნიშნავს. მოხდება, გვეტყვიან, გავიგებთ. მთავარი გაგებაა. მაგრამ „დაღამდა“ და „გათენდა“ ნიუსი არ არის - უნდა გათენებულიყო და უნდა დაღამებულიყო.
„ქართველი დეპუტატები ფეხბურთის ჩემპიონატში უნგრელ კოლეგებთან ანგარიშით – 5:1 დამარცხდნენ. მატჩი თურქეთში გაიმართა. ერთადერთი გოლი უნგრელი კოლეგების კარში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა გაიტანა. მეკარეს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ გია ცაგარეიშვილს, რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუწია“ - არც ეს არის ნიუსი და არც ეს: ვამბობთ „კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურს“ და ვგულისხმობთ...
ამ მრავალწერტილში ვისაც რა უნდა, ის იგულისხმოს, მე კი პერანგი უკვე ჭიპამდე მაქვს ჩახსნილი და ხატოვანი სიტყვა-თქმებიდან ყველაზე შესაფერისს ვარჩევ.
ვ.თ.ჩ. (ვოეე, თქვე ჩემა) მეცხრე სადღეგრძელოში დიდის მოწიწებით მოიხსენიეს კარრასკოთა მთელს სახელგანთქმულ გვარში გარდაცვლილთა ხსოვნა, მაგრამ დააყოლეს შეუფერებელი სიმღერა: „გოგო მიდის მოხვეულში...“ მეთორმეტეზედ კი, პერანგი ჭიპამდე ჩაიხსნა და, სასმისი დიდის წვალებით რომ გამოსცალა, საპატიო ხელმძღვანელისკენ ისროლა, კინაღამ თავში მოახვედრა დიდი ფიალა და შეუძახა: - ვოეე, ჯულიო! შე ჩემა!! - მერე კი, ვინმე გრაციაზა მატირელის ძალიან უბწკინა.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)