„ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც“... (ექვთიმე თაყაიშვილი)
ზნეობრივი თავისუფლება
სანამ უკვდავი პოემის ავტორის მსოფლმხედველობაზე საუბარს დავიწყებდეთ, გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ იესო ქრისტემ მოსეს რჯულში ზოგიერთი რამის „ნების დართვა“ დაუშვა, რაც მანამდე აკრძალული იყო. ეს ზნეობრივი თავისუფლება კი, რაზეც პავლე მოციქული მიუთითებდა გულისხმობს: კანონისადმი მონური მორჩილების შეცვლას, სიყვარულის დაუწერელი კოდექსით.
ამ იდეის უდიდეს მნიშვნელობაზე როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ მწერლობაში პირველად „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ალაპარაკდა. მისი ნააზრევი გვარწმუნებს, რომ ადამიანის მოქმედება უნდა განისაზღვრებოდეს მეგობრობის, სიყვარულის, პატრიოტიზმის მაღალი იდეებით. გენიალურმა პოეტმა წამოაყენა სიყვარულის განთავისუფლების იდეა, რასაც დიდი წინააღმდეგობანი ხვდებოდა ცხოვრებაში.
რუსთაველის აზრით, მამაკაცისა და ქალის ცოლქმრობა, საერთოდ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა მათ ნებას უნდა ემყარებოდეს. რა პირობებში და როგორც არ უნდა გავიაზროთ ტარიელისა და ნესტანის ქორწინების ამბავი, ეს იყო არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ტრაგედიაში გადაზრდილი საკითხი. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ამოქმედებს ნესტანსა და ტარიელს ისე, რომ ძალაუნებურად გვაფიქრებინებს იმ სისასტიკეზე და უსამართლობაზე, რომელთაც ადამიანებისათვის უბედურება მოაქვთ. ტარიელი და ნესტანი ინდოეთის სახელმწიფო კარზე შექმნილ რთულ სიტუაციაში, რაც ემუქრებოდა, ერთი მხრივ, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულს, ხოლო მეორე მხრივ, ინდოეთის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, გადაწყვეტენ ხვარაზმ-შაჰის ძის „მიპარვით“ მოკვლას. მართლაც, უაღრესად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს უბრალო ადამიანის მიპარვით მოკვლა. ამ ეპიზოდზე მკვლევრებს არაერთგზის უსაუბრიათ. განსაკუთრებით ისეთი ცნების მნიშვნელობის დადგენის მიზნით, როგორიცაა - მართალი სამართალი, როდესაც ნესტანი ტარიელს სასიძოს მოსაკლავად ისტუმრებს, ამ მკვლელობის გასამართლებლად მას ეუბნება: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“ ამ გენიალური აფორიზმით ნამდვილი, სწორი სიმართლით, სამართლიანობით, ხმელი ხეც ცოცხლდება. ამ შემთხვევაში ეს მოქმედება უდანაშაულო ადამიანის მიპარვით მოკვლაა. მაგრამ, ეს ისეთი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული, რომ გამართლებას საჭიროებს. ამ „ისტორიამ,“ როგორც ცნობილია, მკვლევართაგან სხვადასხვაგვარი დასაბუთება ჰპოვა.
შეიძლება შევთანხმდეთ, რომ რადგან ტარიელსა და ნესტანს სამართლიანი გზით სიარულმა ააღებინა ხელში მახვილი, ამდენად პოემის გმირთა მოქმედება პოეტის საგანგებო ჩანაფიქრად უნდა მივიჩნიოთ. ამით „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი არა მარტო დაუპირისპირდა, არამედ აუმხედრდა თავისი დროის სახელმწიფოებრივ სამართალს.
ე.ი. „მართალი სამართალი“ რუსთაველისათვის (ჩვენ ხაზს ვუსვამთ, მხოლოდ რუსთაველისათვის, ვინაიდან სხვა შემთხვევებში გამოყენებული ეს გამოთქმა სხვა შინაარსს იძენს) იმ დანაშაულის გამართლებაა, რასაც საზოგადოების შინაგან წინააღმდეგობათა გამო ჩადიან უდანაშაულონი და არსებულ ფეოდალურ წესს, ფეოდალურ სამართალს, რომლის დრომოჭმულობაც ადამიანთა უბედურების მიზეზად ქცეულა, არ შეუძლია არა თუ მათი გადარჩენა, გამართლებაც კი. ამიტომ უნდა დაინგრეს ყველაფერი, რაც მას წინ ეღობება.
თუ მონარქის მოქმედება ეწინააღმდეგება ამ მაღალ იდეებს, მაშინ შეიძლება მონარქის სურვილის წინააღმდეგ გამოსვლა, მისი ნებართვის გარეშე მოქმედება, მეტიც, მის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაც.
ამ შემთხვევაში რუსთაველის მიერ ფრიად საყურადღებო საკითხია დასმული. იგი ეხება ქვეშევრდომისა და მონარქის ურთიერთდამოკიდებულებას. შოთა, რომელიც მთელი თავისი არსებით იბრძვის ძლიერი მეფის ხელისუფლებისათვის, ამავე დროს, მეფის უსამართლო მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებლად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას.
ამ იდეის მნიშვნელობაზე კონსტანტინე გამსახურდია იტყვის: ,,მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ანტიური სამყარო რესპუბლიკური იდეების სათავე იყო ჰომეროსის ცნობილი სენტენცია: ,,უნდა მეფობდეს ერთი,“ მთელი ქვეყნის მონარქისტებს ხელზე აქვთ დახვეული. პოლიტიკურად დანტე უაღრესად რეაქციული მონარქიული აზროვნების აპოლოგეტია მისტიურად განწყობილი მოაზროვნე.“
ნებისმიერი ფილოლოგისათვის ცნობილია, რომ დანტე იტალიელად კი არა, ფლორენციელად თვლიდა თავს. მისი სიტყვებია: „იამაყე ფიორენცა, დიდებით!.. თვით შენი ჯოჯოხეთიც სიდიადით არის მოსილი...“
და არცერთი სიტყვა იტალიაზე! დანტესათვის სამშობლო ეს არის ფლორენცია, ფიორენცა. მას თავის გონებაში მიმართავდა იგი, საკუთარი ქალაქიდან განდევნილი, როგორც გერმანელი იმპერატორის მომხრე დამარცხებული გიბელინების პარტიის წარმომადგენელი. დანტე მიიჩნევდა: ერთი ღმერთია ცაზე, ესე იგი ერთი მეფე უნდა იყოს დედამიწაზეც. ხოლო ტრაქტატ „მონარქიაში“, სადაც ის თავის აზრებს გადმოსცემს, პოეტი მიმართავს „იტალიის ხალხებს“ და არა ხალხს. ეს არც არის გასაკვირი, იტალია მაშინ ომების ქარცეცხლში იყო გახვეული. არ არსებობდა ერთიანი ლიტერატურული ენა. XIX საუკუნის დასაწყისამდე იტალია ხომ მხოლოდ გეოგრაფიული ცნება იყო.
ამიტომ დანტეზე ასი წლით ადრე, მითუმეტეს „რუსთაველის დროსთან შეფარდებით სავსებით რადიკალური აზრია თუნდაც იმის დაშვება, რომ ტარიელი ჰინდოთა მეფის ტახტს წაეპოტინება. ამ იდეამდის ევროპული დემოკრატიული აზროვნება მივიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უბრალო აზნაურთა წრიდან გამოსულმა კაპრალმა ბონოპარტემ საფრანგეთის ,,ყოვლად ქრისტიანი“ მეფეების გვირგვინი აყიროსავით გადაისროლა ტალახში და იმპერატორის ტახტზე ავიდა თავად.“
ჟან ჟაკ რუსოს აზრით, როდესაც მთავრობა უზურპატორი ხდება, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა, ქვეშევრდომი, მოქალაქე არ არის ვალდებული დაემორჩილოს უზურპატორს. ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულობის საკითხს ხშირად ეხებოდნენ სხვადასხვა დროის მოწინავე ადამიანები. აქ საყურადღებოა ის, რომ რუსთაველმა გამოამჟღავნა თავისი სიმპათია იმ პირებისადმი, რომლებიც, პოეტის აზრით, სამართლიანობის იდეისთვის ბრძოლის მიზნით, არ ცნობენ მეფის ავტორიტეტს, მის განკარგულებას. ასე რომ, როდესაც ვლაპარაკობთ „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიულ შიფრზე, შეგვიძლია დავასკვნათ: პიროვნების თავისუფლებისთვის, კონსტიტუციური უფლებებისათვის ბრძოლის თვალსაზრისი - აი, რა დაედო საფუძვლად გენიალურ პოემას.
„დაკარგული ქვეყანა“
კონსტიტუციური უფლებებისათვის ბრძოლა და პოლიტიკური თავისუფლების მძაფრი სურვილი ცხადად მიგვანიშნებს სრულიად ახალს და სულ უფრო მეტად გამოკვეთილ სწრაფვას პიროვნების თვითგანთავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. ეს სწრაფვა ქართულმა საზოგადოებამ ძლიერ ქარცეცხლში გამოატარა და ბოლოს გენიალურმა რუსთაველმა მხატვრული ხორცშესხმა მისცა. სწორედ მეთორმეტე საუკუნემ - უაღრესად დიდი მნიშვნელობის სოციალურ-პოლიტიკური დუღილის ხანამ დაბადა არათუ საქართველოსთვის, იმდროინდელი მსოფლიოსათვისაც ერთობ უჩვეულო ე.წ. კონსტიტუციონალისტების მოძრაობა, რომელსაც 1184-1186 წლებში მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი ედგა სათავეში. ამ მოძრაობის იდეური მესაჭე და სულისჩამდგმელი კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიქაელი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა მეფის განუსაზღვრელი უფლებების წინააღმდეგ.
ის, რომ ჩვენში მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ XII საუკუნეში არ ჩამოყალიბდა შეუზღუდავი მონარქიის, აბსოლუტიზმის სახით, ეს, უწინარესად, ქართული ეკლესიის და მისი იმჟამინდელი საჭეთმპყრობლის პატრიარქ მიქაელის დამსახურებაცაა. სახელმწიფოებრივ უფლება-მოვალეობაში მისი ავტორიტეტის წარმოსაჩენად ისიც იკმარებდა, რომ მან ყუთლუსა და სხვა კონსტიტუციონალისტებთან ერთად, შეძლო სახელმწიფო დარბაზის „თანადგომითა და ერთნებაობით“ თვალსაჩინოდ შეეზღუდათ „ღვთიური წარმოშობის“ მეფის უფლებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 500 წლით ადრე, სანამ ეს პრეცედენტი შეიქმნებოდა ინგლისში, საქართველოში დამკვიდრებულიყო კონსტიტუციური მონარქია.
არადა მსოფლიოში გავრცელებული შეხედულებით ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს მისცა საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ცნობილია, ინგლისია მიჩნეული. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ესპანეთში, კერძოდ კასტილიის სამეფოში კორტესებმა, როგორც წარმომადგენლობითმა ორგანომ მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1188 წელს დაიწყო. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ინგლისის პარლამენტმა და საფრანგეთის გენერალურმა შტატებმა. ამ მხრივ საქართველოში მომხდარი ფაქტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა თითქმის სამი წლით წინ უსწრებდა კასტილიის სამეფოში კორტესების მოწვევას, ხოლო რამდენიმე ათეული წლით 1215 წელს ინგლისელი ბარონების შეთქმულებას მეფის ჯონ უმიწაწყლოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოში პარლამენტის მსგავსი პოლიტიკური დაწესებულების დაარსებას. ამით იგი Magna Charta-ს მსგავსი კი არა, უფრო მაღალი საფეხურისაც იყო. ასეთი შეხედულება კი, როგორც რადიკალური სიახლე იმ დროის მსოფლიო სახელმწიფოებრივ - პოლიტიკურ აზროვნებაში, საქართველოს წარმოაჩენდა დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვედ. ასეთი დაწინაურება ქვეყნისა იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო პრეტენზიას აცხადებდა ბიზანტიის ადგილის დაკავებაზე. ბიზანტია, რომელიც იყო არსებითად ნამდვილი ფორპოსტი დასავლური დიდი ცივილიზაციისა, გაცილებით უფრო დიდი და ნათელი კერა კულტურისა, ვიდრე მისი თანადროული ევროპა.
ასეთი შეფასება კი სავსებით შეესაბამება იმდროინდელი საქართველოს კულტურის, განსაკუთრებით პოლიტიკური აზროვნების არსებულ დონეს და ეპოქის იდეურ ძვრებს, რამაც საფუძველი მისცა ივ. ჯავახიშვილს საქართველოში რენესანსული მოძრაობის დასაწყისი დაენახა, ხოლო შ. ნუცუბიძეს - შეექმნა აღმოსავლური რენესანსის თეორია.
აი რატომ არის რუსთაველი უდიდესი ჰუმანისტი, ხოლო მისი გენია საქართველოსთვის მუდამ ჩაუქრობელი ლამპარი.
ის, რომ საქართველო ისტორიული ფაქტებით ემყარება იმ ფასეულობებს, რასაც ევროპელები საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევენ, ამის თქმის უფლებას, უწინარეს ყოვლისა, თავად გენიალური რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ გვაძლევს.
კაცობრიული სიყვარულის, მეგობრობის, მოყვასისადმი თავგანწირვის, ქველმოქმედების საოცარი ნიმუშებით გაჯერებული ეს მაღალმხატვრული ქმნილება თვალსაჩინო ახსნაა ადამიანის, როგორც მსოფლიო მოქალაქის არსებობისა და დანიშნულებისა ქვეყანაზე. პიროვნების თავისუფლებისთვის, კონსტიტუციური უფლებებისათვის ბრძოლის თვალსაზრისი უდევს საფუძვლად აღორძინების ხანის საქართველოში შექმნილ ამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნაწარმოების ეროვნულ და სახელმწიფოებრივ მსოფლმხედველობას.
ასე რომ თუ საფუძვლიანად შევისწავლით ქართულ კულტურას სხვა კულტურებთან მიმართებაში, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის დასავლური იდეები, და ფასეულობები არასოდეს ყოფილა უცხო და მიუღებელი. უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი მათგანის „აღმოჩენა“ ქართველებს ევროპელებისთვის ზოგჯერ დროშიც კი დაგვისწრია.
და ეს ხდებოდა საქართველოში ბევრად უფრო ადრე, თვით იმ დრომდეც კი, როდესაც იმავე შუა საუკუნეების ევროპაში სარწმუნოებრივ საკითხებში დადგენილი წესებიდან სულ მცირედი გადახვევისთვისაც კი საინკვიზაციო ტრიბუნალი კოცონზე რომ წვავდა ათეულ ათასობით ადამიანებს.
სიბნელის, უმეცრებისა და ფანატიზმის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის, რაც საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა: მოსახლეობის დასასჯელად მოყვანილმა მეომრებმა, მათთან მისულ პაპის ელჩს ჰკითხეს, როგორ გავარჩიოთ ერეტიკოსები კათოლიკებისაგანო, მან უპასუხა: „ყველანი გაჟლიტეთ განურჩევლად, ღმერთი თავისიანებს ზეცაში იცნობსო“
ინკვიზიციის უმაღლესი მიზანი გაცხადებული იყო იეზუიტთა ორდენის წესდებაში: „თუ ეკლესიამ დაადგინა, რომ ნივთი, რომელიც თეთრად გვეჩვენება, შავია, მაშინვე შავად უნდა ვაღიაროთ“.
ამ საბაბით ასწლეულების განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უსწორდებოდნენ როგორც სწავლულებსა და მწერლებს, ასევე რიგით ადამიანებს. და ეს ე.წ. „რწმენის აქტი“ აუტოდაფე, მთელი ამ ხნის განმავლობაში ტარდებოდა საჯაროდ, თითქმის საზეიმო ვითარებაში.
ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ წარმოებული დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომლის მიზანია ეკლესიის მსახურნი მკაცრ დოგმატიკოსებად წარმოსახონ, ისეთივე უმეცრებაზეა დაფუძნებული, როგორიც იყო შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც აკვიატებული აზრების გამო ადამიანების გარდა ცხოველებს, მწერებს, უსულო საგნებსაც ასამართლებდნენ.
სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქართული კულტურა ბევრად წინ უსწრებდა თანადროულ დასავლურს, ქართულ რენესანსს ის უწყვეტი განვითარება და უშუალო შედეგი არ მოჰყოლია ეროვნული კულტურის ისტორიაში, რაც ანალოგიურ პირობებში ევროპულს. რუსთაველის ეპოქას გასაოცარი დაცემა მოჰყვა. თურქებთან, მონღოლებთან, სპარსელებთან ასწლოვან ომებში დაიშრიტა ქართული ენერგია, საქართველო დაკნინდა. ჩვენ მოვწყდით საკუთარ წარსულს და ჩვენივე ისტორია უცნობი დარჩა არა თუ მსოფლიოსათვის, არამედ თვით ქართული სინამდვილისთვისაც. ეს იყო ხვედრი მცირერიცხოვანი ერისა, რომლის ქვეყანამ დაკარგა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება და მასთან ერთად თავისი ისტორიაც.
ქართული კულტურის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის მიმოხილვა, ერთი შეხედვით წმინდა აკადემიური საკითხი, ამასთანავე შეხსენებაც არის, რომ ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესთაგანია თანამედროვე მსოფლიოს იმ ხალხებიდან, რომელმაც ადრევე შექმნა თავისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ერადაც ადრევე ჩამოყალიბდა, მისი ძველი კულტურა რიგ შემთხვევაში ტონის მიმცემიც ყოფილა იმდროინდელი ცივილიზაციებისა. მაგრამ ისტორიულმა ძნელბედობამ, რასაც პერმანენტულად განიცდიდა საქართველო, შემეცნების ეს აზრი შემუშავებული ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დროს, ვერ განავითარა. უფრო მეტიც, საქართველომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით თვით ეს ცოდნაც დაკარგა. ჩვენი ისტორიის ,,თეთრი ლაქები“ განსაკუთრებული სიმწვავით XX საუკუნემ იგრძნო, ამ მხრივ, არანაკლებ სიძნელეებს ვაწყდებით დღესაც.
ძნელი დასაჯერებელია, რომ საბჭოთა წნეხისგან განთავისუფლების შემდეგ დამოუკიდებლობის პირობებშიც თუ ასე გაგვიჭირდებოდა ქართული კულტურის მიღწევების გატანა უცხოეთში, რასაც მანამდე, მართალია შეზღუდულად, მაგრამ მაინც დროდადრო ვახერხებდით.
ეს მაშინ, როცა, საბედნიეროდ, ჩვენი ისტორიის წყალობით არ გვჭირდება მეფე არტურის გამოგონება, თავისი ლეგენდებით, ლოდში ჩარჭობილი ხმლით, რაინდების მრგვალი მაგიდით. მიუხედავად იმისა, რომ არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, რომ ასეთი ადამიანი მართლა არსებობდა, „პატრიოტი“ ისტორიკოსები ამ ფაქტის განხილვას მაინც არ იშლიან, რათა დაამტკიცონ, რომ მეფე არტური რეალური პიროვნება იყო. ჩვენ კი ვიხარშებით რა ჩვენსავე წვენში, ჩვენი ისტორიის საკაცობრიო ღირებულებების მქონე ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებსაც კი არათუ უცხოელთათვის, ჩვენთვისაც თანდათან დავიწყებას ვაძლევთ.
როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები სერიოზულ შეხვედრაზე სტუმრად მისულ ქართველთა დელეგაციას „შალახოთი" ხვდებიან, ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. რა თქმა უნდა, ურიგო არ იქნებოდა ჩვენს მეგობრებს, რომ თუნდაც ზედაპირულ დონეზე, წარმოდგენა ჰქონოდათ ქართულ კულტურაზე. მაგრამ მათი ცალმხრივად დადანაშაულება მაინც არ იქნება სწორი. ფაქტია, რომ ათწლეულების მანძილზე აკუმულირებული ის ცოდნაც კი, რომელიც ეხმარებოდა დანარჩენ სამყაროს ჩვენს შეცნობაში დაიკარგა. მასთან ერთად დაიკარგა საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიის კერებიც. საკითხავია - რატომ? მითუმეტეს, თუ ვცხოვრობთ კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის, ინვესტიციის, ურთიერთდაახლოების, სამეცნიერო-ტექნიკური და სახელოვნებო ინფორმაციით ურთიერთგამდიდრების ეპოქაში?
მცირე ქვეყნების ისტორიის დიდი ერების მიერ უგულებელყოფა არ ახალია, ძველია. იქნებ ამიტომაცაა, რომ მათ ინტელექტუალურად შეზღუდული მსოფლმხედველობით წარმოუდგენივართ ქვეტექსტად სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის ისტორიების. მაგრამ ამაში ხომ ჩვენ თავადაც ვცოდავთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ. ფაქტია, რომ საქართველოში მეცნიერების ის დარგი, ვისაც ევალება ამ პრობლემებზე ზრუნვა სავალალო მგომარეობაშია. ეს რომ ასე არ იყოს ამ თემებზე უფრო ადრეც ამოიღებდა ვინმე ხმას. თვალნათელია ისიც, რომ ქვეყანას ჯერაც არ შეუმუშავებია სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი პროგრამა, რომლითაც ითარგმნება უცხო ენებზე ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ლიტერატურული ნაშრომები (ან მათი ნაწილი მაინც). ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრები კი, როგორც ვხედავთ, ამას არ აპირებენ, მიზეზად კი ის მოაქვთ, რომ მთარგმნელთა რიცხვი მცირეა, საამისოდ დიდი თანხებიცაა საჭირო და არც მარკეტინგზე ზრუნავს ვინმე. მაშასადამე, გვრჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მთავრობამ დააფინანსოს სამეცნიერო და მთარგმნელობითი სამუშაოების პროგრამა, რომელშიც ქართველი სწავლულები და მთარგმნელები ჩაერთვებიან. ამით საქართველოს ისტორია და ქართული კულტურა მსოფლიო სარბიელზე უფრო სრულად წარმოჩინდებოდა.
ფაქტია, რომ საქართველო, როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელთათვის ხელახლაა აღმოსაჩენი და შესაცნობი!