ჰარდ როკი ამერიკაში სპონტანურად განვითარდა. ინგლისისგან განსხვავებით, სადაც ჟანრის „ბუმბერაზების“ მთელი პლეადა დაიძრა უკვე 1969 წლიდან მოყოლებული, ოკეანის გაღმა მიმდინარეობა უფრო ჰიპების „დაგრუზულობიდან“ გამომდინარე მკვიდრდებოდა.
მართლაც, სამყარო რომ რეალურად ყვავილოვანი არ ყოფილა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ჰიპობაზე იდეალურად აისახებოდა ვიეტნამის ომის გამოძახილითა, თუ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობით.
მასობრივი გამოსვლები სულ მალე „უოტერგეიტის“ ცნობილ საქმეში გადაიზარდა. პროტესტის გრძნობა მოსახლეობის ნებისმიერ ფენაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე აისახებოდა - იქნებოდა ეს ჰიპი, სტუდენტი, ჯარისკაცი, თუ საერთოდ ნებისმიერი მსოფლმხედველობის მოქალაქე.
ზოგადად დაძაბულ ვითარებას თან ერთვოდა კოსმოსის წარმატებული დაპყრობა და მანამდე არნახული მეცნიერულ-ტექნოლოგიური წინსვლა.
ნეილ არმსტრონგმა პირველად შედგა ფეხი მთვარეზე და... ამერიკელმა ჰიპებმაც თავთავიანთი სადებიუტო ალბომების გამოქვეყნება დაიწყეს, რამაც დღევანდელი გადასახედით, მაინც მხოლოდ „ჰიპური“ გამოძახილი ჰპოვა მრავალმილიონიანი ქვეყნის მოსახლეობაში.
ამერიკული პოპ კულტურის ფლაგმანები „თავბუჩქა“ ფერადკანიანი მუსიკოსები იყვნენ და ჯეიმს ბრაუნის, სტივი უანდერისა თუ ოდნავ მოგვიანებით ჯორჯ ბენსონისა და Jackson 5 -ის აბსოლუტურად არაროკული მრწამსი თუ რაოდენ დიდ სიბილწეში გადაიზრდებოდა მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ამას დღევანდელი პოპ სცენა გვიჩვენებს.
ბლუზი, როკ’ნ’როლი, ჯაზი... ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ შავკანიანი მუსიკის ფანკი - სოულ განვითარება, რასაც ადამიანი ნარკოტიკამდე „დაგრუზვის“ გარეშე მიჰყავდა და ცხოვრებაზე ვარდისფერი სათვალით ხედვას უმარტივებდა, გაცილებით ეფექტური იყო, რაზედაც ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ჩარტები მეტყველებენ.
1967 წელს სადებიუტო ალბომს გამოსცემენ Jefferson Airplane, The Doors, Quicksilver Messenger Service, Iron Butterfly, მაგრამ მასობრივი აღიარება Sly & The Family Stone-ს ხვდებოდა ხოლმე, რომლის უდარდელი ფანკი ხელწერა, ვიეტნამის ომს ავიწყებდა პოპ მეინსტრიმის მოყვარულებს...
აი Quicksilver Messenger Service კი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრიც რკინის გისოსებს მიღმა განამწესეს სადებიუტო ალბომის ჩაწერის პერიოდში, საკმაოდ მძიმე იყო როგორც რიტმული მონახაზით, ისე მუქ ფერებში მოხატული მელოდიურობით.
Jefferson Airplane შედარებით „მხიარული“ იყო, The Doors... ალბათ შუალედური მათ შორის, მაგრამ როგორც ჰარდ როკის შემსრულებლებს, მუსიკალური კრიტიკა მათ არ მოიაზრებს, თუმც შეიძლება ამ ჯგუფებს უფრო მეტი ჰქონდეთ საერთო ბრიტანელ ჰარდ-როკ „ბუმბერაზებთან“.
სწორედ აქ იბნევა მუსიკალური კრიტიკა, როდესაც ჰიპური ფსიქოდელიის (ჰარდ როკის განხრით) წარმომადგენელი ჯგუფები არ შეყავს Classic Rock კრიტერიუმში.
ერთის მხრივ ეს სწორია, რადგან The Allman Brothers Band-ს არაფერი აქვს საერთო Classic Rock-ის წარმომადგენელ King Crimson-თან, მაგრამ მეორეს მხრივ არასწორი, რადგან მას გაცილებით მეტი აქვს საერთო Classic Rock-ის სხვა ბრიტანელ ბუმბერაზებთან Led Zeppelin-თან, თუ Deep Purple-თან, ვიდრე ამ უკანასკნელთ ამავე King Crimson-თან...
ეპოქის ამსახველი დაძაბულობა მათი რეპერტუარის სიღრმისეულობაში აისახა. მომავალში ამერიკას აღარ ჰყოლია ასეთი ღრმააზროვანი ჯგუფები, მაგრამ მუსიკალური კრიტიკა აშკარად დაბნეულია, როდესაც ახდენს მათ გამიჯვნას Classic Rock ბენდებისგან.
ამერიკის ჰარდ როკ პიონერად კი Iron Butterfly იქცა. ნოვატორმა ჯგუფმა 1967 წელს კლასიკური მძიმე ინსტრუმენტული კომპოზიცია შექმნა, რაც იმ დროისთვის მართლაც იდეური სასწაულის ტოლფასი იყო.
თემა - „Iron Butterfly“ დღესაც თანამედროვედ ჟღერს და განსაკუთრებით ეფექტურად მისი გვიანდელი საკონცერტო ვერსიები ისმინება. როდესაც Led Zeppelin შტატებში პირველი ტურნეთი ჩავიდა, ჯიმი პეიჯი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ „ტყვიის დირიჟაბლი“ იქნებოდა „რკინის პეპელასთან“ შედარებით გაცილებით მძიმე და იმავდროულად მსმენელისთვის მსუბუქად აღსაქმელი...
„ბუმბერაზმა“ ამას მიაღწია და დაჩრდილა როგორც Iron Butterfly, ასევე The Doors.
Led Zeppelin-ის ჩასვლამ ამერიკაში ვერ ვიტყვით, რომ დააჩქარა ჰიპური სულისკვეთების დაცემა ოკეანის გაღმა, მაგრამ მუსიკალურ აზროვნებაზე რომ ზეგავლენა იქონია, ეს ფაქტია.
უკვე 1969 წელს ჩნდება ამერიკაში დიდებული ჰარდ როკ ტრიო Grand Funk Railroad ქარხნული წარმოებით გამორჩეულ მიჩიგანის შტატში. ოჰაიოს შტატიდან კი ტრიოს კიდევ ერთი ჰარდ როკ კოლექტივი The James Gang ეხმაურება.
ახლო მომავალში - 1974 წელს, სწორედ ამ ჯგუფის გიტარისტმა ტომი ბოლინმა ჩაანაცვლა ლეგენდარულ Deep Purple-ში რიჩი ბლეკმორი.
მაგრამ ამერიკაში ჰარდ როკის მასობრივ მუსიკალურ ჟანრად ჩამოყალიბება არ მომხდარა. მეტიც, სიმძიმით გამორჩეულ Grand Funk Railroad-საც კი, ამერიკული სილაღე ახასიათებდა, რაც მას ქანთრი-როკის მოყვარულებთან უფრო აახლოვებდა, ვიდრე ინგლისელ მსმნელთან, რომლისთვისაც ბოლომდე უცხო დარჩა შესანიშნავი კოლექტივი.
ადრეული 70-იანი წლების ჰარდ როკ მიმდევრებად ამერიკაში კიდევ შეგვიძლია Reo Speedvagon, The Jay Gails Band, Aerosmith, Kiss, ZZ Top, მივიჩნიოთ. ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამეულის მიერ მოხვეჭილი სახელის მიუხედავად, მათი სტილისტური „დანათესავება“ უფრო სხვა ჰიტ მეიკერ პოპ შემსრულებლებთან ხდება, ვიდრე ზემოთხსენებულ ბრიტანულ მონსტრებთან, თუმც არსებობს მათ შორის გადამყვანი ფაზა - Metallica.
ჯეიმს ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის ჯგუფი ცალკე სასაუბრო თემაა, თუნდაც იმიტომ, რომ მას როკ კრიტიკოსებმა მიუჩინეს ადგილი Classic Rock კრიტერიუმში.