გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, Led Zeppelin-ის პირველი ალბომიდან მოყოლებული, ჰარდ როკისთვის, როგორც უკვე დამოუკიდებელი მუსიკალური ჟანრისთვის, აშკარად მწიფდებოდა ნიადაგი.
Communication Breakdown მძიმე როკ’ნ’როლის შედევრად იქცა, ხოლო Good Times Bad Times კი ახალ დროებას, თუნდაც სათაურიდან გამომდინარე მოასწავებდა.
„დისტორშენი“ სრული სვლით უკვე ლეგენდარული ჯგუფის მე-2 ალბომიდან წარმოჩინდა, რაც მძიმე ბლუზის უფრო მეტად გაროკებისკენ მიანიშნებდა.
ეს უკვე აღარ იყო Cream-ის თავისთავადი - თვითმყოფადი ჰარდ როკი, როდესაც კომპოზიციის თემა ბუნებრივად იყო დამძიმებული, არამედ რაღაც ნაზავი ბუნებრივობასა და თვითმიზნობრიობას შორის.
თვითმიზნობრიობა აქ არ უნდა აღვიქვათ რაღაც ნათამაშევად - ანუ უარყოფითად, რადგან ჟანრი სხვაგვარად ვერც ჩამოყალიბდებოდა. ასევე შეიძლება ითქვას გიტარის სოლოების სტრუქტურაზე, რაც ნებისმიერი სიმღერის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა, როდესაც ზოგჯერ თითქოს შეიძლებოდა The Who-ს მსგავსად, მისი ამოღება.
ამ მხრივ უცნაური გამონაკლისია ჯიმი ჰენდრიქსის Wait Until Tomorrow, რომელშიც რატომღაც არ არის გიტარის სოლო, ხოლო Crosstown Traffic-ში კი გიტარა იმდენად ეფექტურადაა ჩართული ვოკალის პარტიასთან უნისონში, რომ ზუსტად ჯდება სიმღერის ხასიათში.
1970 წელს „თვითმიზნობრივი“ ჰარდ როკის მომავალში ლეგენდად ქცეული Black Sabbath ჩნდება სცენაზე.
Led Zeppelin-გან (რომელსაც არაერთი აკუსტიკური სიმღერა აქვს ჩაწერილი) განსხვავებით, პირდაპირ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ სიმღერები, რომლებიც პირველ რვა სტუდიურ ალბომში, ოზი ოსბორნის პერიოდში, ჯგუფს არ ჩაუწერია ჰარდ როკის სტილში.
ეს სიმღერებია: Slipping Willage (პირველი ნაწილი), Planet Caravan, Solitude, Changes, She’s Gone… ანუ სულ რაღაც ხუთი, თუმც მათგან პირველ ოთხს, ჯგუფის ხელწერისთვის დამახასიათებელი ერთგვარი „სიავე“ მაინც თან სდევს.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Black Sabbath წამითაც არ აძლევდა საკუთარ თავს „განტვირთვის“ საშუალებას. უფრო სწორად, ტონი აიომის ყოველწამიერი „დისტორშენის“ გარეშე, ეს ჯგუფი უბრალოდ ვერ იარსებებდა.
სწორედ ამიტომ იქცა Black Sabbath 70-იანი წლების უმძიმეს და ყველაზე უკომპრომისო ჯგუფად. რკინის რაინდებმა იდეურადაც შეუტიეს ჰიპებს და ახალგაზრდობას მეტი პრაგმატულობისკენ მოუწოდეს - გეყოფათ ილუზიებით და ყვავილებით ცხოვრებაო.
ალბომ Paranoid-ის War Pigs, შეიძლება, თუნდაც დრამერ ჯონ ბონემის უმძლავრესი ბგერიდან გამომდინარე, Led Zeppelin-ზე მეტ სიმძლავრეს ვერც ავლენდა, მაგრამ ჯგუფის ჟღერადობისთვის დამახასიათებელი შინაგანი სიმძიმე, Black Sabbath-ს მაინც ეპოქის უმძიმეს ჯგუფად აქცევდა.
გაივლის წლები, აპარატურა კიდევ უფრო დაიხვეწება და ჟღერადობა 70-იან წლებთან შედარებით გაცილებით მომძლავრდება, მაგრამ 2013 წელს ბუნებრივად ყველაზე მძლავრ მუსიკას კვლავ Black Sabbath წარმოადგენს ტონი აიომისა და გიზერ ბატლერის განუმეორებელი ტანდემის მეოხებით.
ისე, თუკი Black Sabbath 70-იანებში ერთგვარ „თვითმიზნობრიობას“ წარმოაჩენდა, დღესდღეობით სწორედ იგია ყველაზე ბუნებრივი ათწლეულობის განმავლობაში მომრავლებულ შვილობილებთან შედარებით Iron Maiden-ით დაწყებული, Metallica-ით დამთავრებული.
მაგრამ ბრიტანული ჰარდ როკის თემა წარმოუდგენელია კიდევ ერთ მონსტრ Deep Purple-ს გარეშე. ორივე ზემოთხსენებული ჯგუფისგან განსხვავებით, აქ უკვე პირველი ალბომებიდან მოყოლებული უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჰამონდ ორგანის გამოყენებას.
საინტერესოა, რომ იან გილანის ეპოქამდე, პირველ სამ ალბომში გამოკვეთილი ჰარდ როკული თემა Mandrake Root, Deep Purple-მა მხოლოდ სადებიუტო დისკზე ჩაწერა.
უცნაურია, მაგრამ ხუთეული საოცრად „არათინნეიჯერულ“ მუსიკას უკრავდა, ხოლო ახალგაზრდული უშრეტი ენერგია კი მათ პირველად ალბომ In Rock-ში წარმოაჩინეს, რომლის „ბაგაბუგიც“ როკის მრავალი მსმენელისთვის ჰარდ როკ ანბანად იქცა დღევანდელ დღემდე.
Deep Purple გიტარასთან ერთად, კიდევ ერთი სოლო ინსტრუმენტის გამოყენებიდან გამომდინარე, იმპროვიზაციული თვალსაზრისით აღემატებოდა როგორც Led Zeppelin-ს, ასევე Black Sabbath -ს.
„თავისთავადი“ ჰარდ როკის სანიმუშო მაგალითი კი გახლავთ Lazy, რომლის როკ’ნ’როლ - R&B ელფერი ჯერ კიდევ მის საბაზისო - john Mayall’s Bluesbreakers-ის Stepping Out-დან მომდინარეობდა.
მეტი ჰაეროვნების მიუხედავად, Deep Purple არ ჩამორჩენია Led Zeppelin-სა დაBlack Sabbath-ს უმნიშვნელოვანესი მძიმე სტანდარტების შექმნის თვალსაზრისით Into The Fire-ით დაწყებული, Highway Star-ით დამთავრებული.
გასული საუკუნის 70-ების დასაწყისში კონკრეტულ ჟანრად ჩამოყალიბების მიუხედავად, ჰარდ როკი არასოდეს ყოფილა განცალკევებული და მძიმე ჟღერადობის გარეშე არ დარჩენილა ბრიტანეთის ფაქტობრივად არცერთი იმდროინდელი ღრმააზროვანი ჯგუფი.
მუსიკალური კრიტიკა ერთგვარ ჩიხში შედის (დღევანდელ დღემდე), როდესაც შესაბამისად Aqualung-ისა და 21st Century Schizoid Man-ის ავტორ Jethro Tull-სა და King Crimson-ს „პროგრესივ როკ“ ბენდებად მოიაზრებს, რადგან ეს ორი კომპოზიცია ჰარდ როკის სანიმუშო მაგალითია, ხოლო პროგრესივ როკ იდეებს როგორმე Child In Time-იც არ ყოფილა მოკლებული.
სად არის გამოსავალი. როგორ შეიძლება გავმიჯნოთ ერთმანეთისგან Deep Purple და Emerson Lake & Palmer, რომლებიც 70-იანებში ხშირად ემსგავსებოდნენ საკონცერტო იმპროვიზაციული თვალსაზრისით, 2013 წელს კი ამ მსგავსებამ სრულიად მოულოდნელად Deep Purple-ს სტუდიურ ალბომ Now What-შიც შემოაღწია?
კრიტიკა ამ შემთხვევაში მარტივად გამოძვრა სიტუაციიდან და 70-იანების ჰარდ თუ პროგრესივ ბენდები Classic Rock კრიტერიუმში მოაქცია, თუმც ესეც რომ არ არის მდგომარეობიდან გამოსავალი, ამას უკვე ამერიკული ჰარდ როკის შესახებ ჩვენი სამომავლო თემა დაგვიდასტურებს...
(გაგრძელება იქნება)