ჰარდ, ანუ მძიმე როკი, როკ მუსიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ჟანრია. იგი ათწლეულების განმავლობაში ვითარდება და როკ მუსიკის ზოგიერთი ამოწურული მიმართულებისგან განსხვავებით, არასოდეს კარგავს აქტუალობას, თუნდაც სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებში არანჟირების სხვადასხვა ფორმით დანერგვის საჭიროებიდან გამომდინარე.
ჰარდ როკის საფუძვლებს ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში ვხვდებით, როდესაც ერთის მხრივ როკ’ნ’როლის ტემპმა იკლო, მეორეს მხრივ კი ბლუზს სიმძიმე შეემატა და ამ ნიადაგზე წარმოიქმნა პოპ მუსიკის შემდგომი განვითარების მინიშნება.
სხვა - იქამდე არსებული ფუნდამენტური ჟანრებისგან განსხვავებით, რომელთა სამშობლოდაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევა, ჰარდ- როკის აკვნად ინგლისი იქცა. შემდგომში კი მიმდინარეობა თანადროულად გავრცელდა როგორც ოკეანის გაღმა, ასევე ევროპის ჩრდილოეთისა, თუ აღმოსავლეთის მიმართულებით.
როდესაც The Beatles-ის სკეპტიკოსები ალაპარაკდებიან ლეგენდარული ბენდის “უარყოფითი მხარეების“ გამოვლენის მიზნით, გავლენიანობის თვალსაზრისით ისინი გვერდს ნამდვილად ვერ აუვლიან Please Please Me -დან Twist And Shout-ს.
კარგით, დავარქვათ ამ სიმღერას „მძიმე ტვისტი“, მაგრამ მისი თანმდევი თვითმყოფადი სიმძიმე, რომელიც ჯონ ლენონის ვოკალის პარტიასთან ორგანულადაა შეზრდილი, ფაქტობრივად განაპირობებს ჰარდ როკ ვოკალის ეტალონურ სახეს.
საინტერესო კი ისაა, რომ ამ სიმღერაში ჯონ ლენონის ვოკალი არანაირ დახვეწას არ საჭიროებს და 1963 წლისთვის ჰარდ როკ ვოკალის სრულყოფილ, სანიმუშო სახეს წარმოგვიდგენს.
ლენონს მხოლოდ ეს სიმღერა ეყოფა საკუთარი თავის უკვდავსაყოფად. ასევე უდიდესი მადლობა ხმის ინჟინრებს, რომელთაც მოახერხეს იმდროინდელი აპარატურით ვოკალის ხასიათის ზუსტად დაჭერა და გადმოცემა 4 ბილიკიანი მაგნიტოფონის მეშვეობით.
მომავალმა გვიჩვენა, რომ „ჟღარუნა“ გიტარებით ასეთი მძიმე დრაივის მიღწევა, მუსიკალური აზროვნების გამორჩეულად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუკი ალბომ Please Please Me-ს სხვა სიმღერებს გავიხსენებთ, სათანადო არანჟირების შემთხვევაში, მათგან მხოლოდ რამდენიმე თუ გამოირჩევა ჰარდ როკული ტენდენციებით.
ბლუზისა და როკ’ნ’როლის ნაზავი The Beatles-ის თანამედროვე The Rolling Stones-მა დამძიმების გზით უკვე 2 წლის შემდეგ, 1965-ში ჩაწერილ Satisfaction-ში წარმოადგინა.
„როლინგები“ ამ თვალსაზრისითაც კი „ბითლზის“ მიმდევარნი აღმოჩნდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე.
უკვე 1965 წლისთვის აშკარაა, რომ ერთგვარი სიმძიმე მალე ბრიტანული როკ მუსიკის მნიშვნელოვან მომენტად იქცევა, თუმც იმ დროისთვის როკ’ნ’როლის ჟანრობრივად გლობალური დამძიმების წინასწარმეტყველება, მხოლოდ განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებულ ხმის ინჟინრებს თუ შეეძლოთ.
1966 წელს ინგლისში იქმნება ორი უმნიშვნელოვანესი ტრიო Cream და The Jimi Hendrix Experience. ჯეკ ბრიუსის, ჯინჯერ ბეკერისა და ერიკ კლაპტონის ჯგუფმა სულ რამდენიმე თვით დაასწრო ლონდონში ამერიკიდან 24 სექტემბერს ჩასულ ჰენდრიქსს და სწორედ ეს პერიოდი უკავშირდება ლეგენდარული ტრიოს სადებიუტო ალბომ Fresh Cream-ს, რომლის ჩაწერასაც სუპერჯგუფმა იმდროინდელი სტანდარტებით საკმაოდ დიდი ხანი - 4 თვე მოანდომა.
Fresh Cream პოპ მუსიკალურ სამყაროს 1966 წლის დეკემბერში მოევლინა და ნამუშევარმა მანამდე არსებულისგან სრულიად განსხვავებული ხმის ინჟინერია წარმოაჩინა.
ალბომს არა იმდენად ჟანრობრივი, არამედ ჟღერადობრივი სიმძიმე ახასიათებდა. „მძიმე ბლუზი“ ალბათ საუკეთესო შეფასება იქნებოდა ამ ალბომისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მუსიკალურმა კრიტიკამ Cream-ს მაინც ჰარდ როკ ბენდი შეარქვა.
Cream-გან განსხვავებით The Jimi Hendrix Experience - ის პირველივე ალბომში გამოჩნდა ორი სიმღერა - Foxy Lady და Manic Depression, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კლასიკური ჰარდ როკი იმ დროს, როდესაც ეს ტერმინი ჯერ კიდევ არ არსებობდა.
ამავე 1967 წელს, უკვე მომდევნო ალბომში ჰენდრიქსმა კიდევ ერთი ეტალონური ჰარდ როკ ჰიმნი Spanish Castle Magic წარმოადგინა, ჟღერადობა კიდევ უფრო დაამძიმა და უკვე მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა ჰარდ როკისთვის როკ მუსიკის ოფიციალურ მიმდინარეობად ქცევისა.
უცნაურია, მაგრამ წყაროებს თითქოს არ შემოუნახავთ ტერმინ ჰარდ როკის წარმოშობის ისტორია, განსხვავებით იმავე ჰევი მეტალისგან, რომელიც ამერიკული ჯგუფების - Iron Butterfly, Steppenwolf და Grand Funk Railroad რეპერტუარის შესაფასებლად გამოიყენა მუსიკალურმა პრესამ 60-ების დასასრულს.
ჯიმი ჰენდრიქსი იქცა მუსიკოსად, რომელმაც The Beatles-ის ადრეულ - ბუნებრივ ჰარდ როკულ გამოვლინებას, ზედ დაურთო სოლოებისა და რიტმის ჟღერადობის სიმძლავრით განპირობებული სისავსე, რამაც ჰარდ როკი უკვე სრულყოფილ ჟანრად წარმოაჩინა.
აქ ხომ უკვე აღარაა აკომპანემეტში ჟღარუნა რიტმ გიტარები, არამედ „როლინგების“ Fuzz გიტარით წარმოდგენილი Satisfaction-ის მოტივთან წინგადადგმული ნაბიჯი, კომპოზიციებში მძიმე და ხანგრძლივი გიტარ სოლოების დანერგვით გამოიხატა.
პარალელურად ვითარდებოდა მძიმე მუსიკის განვითარების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შტო. The Who და Kinks, რომლებიც სოლოებზე კონცენტრირებულნი არ ყოფილან და The Yardbirds, რომლის ჰარდ როკ სტრუქტურას საფუძველი სამმა უდიდესმა გიტარისტმა - ერიკ კლაპტონმა, ჯეფ ბეკმა და ჯიმი პეიჯმა, 1964 წლიდან მოყოლებული ჩაუყარა.
The Yardbirds საბოლოოდ The New Yardbirds-ად იქცა და მუსიკალური სამყაროც 1968 წლიდან უკვე სხვა ენაზე ალაპარაკდა. თანაც იმავდროულად ბრიტანულ როკ სცენას კიდევ ერთი ბუმბერაზი - Deep Purple მოევლინა...
(გაგრძელება იქნება)