„შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის არნახული მასშტაბის ოპერაცია ტარდება. ტერაქტიდან რამდენიმე დღეში ჟურნალის ახალი ნომერი 16 მლნ-ანი ტირაჟით გამოქვეყნდა, ახალი ნომრის გარეკანზე მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურაა გამოსახული, რომელიც თვალებიდან ცრემლებს აფრქვევს და ხელში ცნობილი სლოგანი „მე ვარ შარლი“ უჭირავს. სწორედ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის გამოქვეყნება გახდა საბაბი „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმისთვის.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ პრობლემა გაცილებით გლობალურია, ვიდრე პირდაპირი კავშირი ტერორიზმსა და კარიკატურას შორის. რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ პანკისის ხეობიდან ახლგაზრდების სირიაში გასვლის აღკვეთა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ოფიციალურად „შარლი ებდოს“ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზად მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის გამოქვეყნება სახელდება. როგორ ფიქრობთ, არის კავშირი ტერორიზმსა და კარიკატურას შორის, თუ პრობლემა გაციებით გლობალურია, ვიდრე მუჰამედის კარიკატურა?
- მახსენდება გასული საუკუნის 80–ანი წლები, როდესაც სრულიად გამჭვრივალე იყო ექსპერტთა და მეცნიერთა მსჯელობა თემაზე – თუ რა ტიპის შეძილება იყოს მესამე მსოფლიო ომი. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დიდი ალბათობით, მესამე მსოფლიო ომი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყებოდა. სახელდებოდა 2010–დან 2025 წლები. სხვადასხვა მკლევარებს საკუთარი კვლევებიც ჰქონდათ განთავსებული. უკანასკნელი წლები ისე გავიდა, რომ ამ თემის მეცნიერული აქტუალიზაცია აღარ გახდა საფუძველი შესაბამისი პოლიტიკური ძალების ქმედებებისთვის. გვახსოვს 11 სექტემბერი და აშშ–ის ეული პასუხი ამ ვითარებაზე. მაშინ მსოფლიო ვერ აცნობიერებდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, რომ მას უფრო სიღრმისეული საფუძველი გააჩნდა.
გავიდა წლები და უფრო ნაკლები მსხვერპლის მქონე ტერაქტი გახდა მსოფლიოს ლიდერთა კონსოლიდაციის საგანი...
– რასაკვირველია. ეს მსხვრეპლი გახდა დღევანდელი პროგრესული სახელმწიფოების გამაერთიანებელი, მაგრამ ახლა საფრთხე არსებობს თავად ამ ვითარების არასწორად წაკითხვისა და არასწორად რეაგირების სახით. თუ საღად არ იქნა გააზრებული განსხვავებები ტრადიციულ ისლამსა და ნეოვაჰაბიზმს შორის, მაშინ ცოდვის ჩამდენი შეიძლება იყოს ის ადამიანიც, რომელიც უცოდინარობის გამო, მხოლოდ გაამწვავებს პრობლემას და არა რაიმე წვლილს შეიტანს მის ნეიტრალიზაციაში.
საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია გააჩნია, რომლის შესახებ სამწუხაროდ ჯერ ხმამაღლა არავინ საუბრობს, გარდა ისევ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისა. გარკვეული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით არსებობს ირანშიც. ახლა მთავარია ქრისტიანულმა სამყარომ როგორმე შეძლოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნოს რელიგიური ექსტრემიზმი იმ ტრადიციული რელიგიური მიმდევრებისგან, რომლებიც სწორედ სიმშვიდეს და სიყვარულს ქადაგებს. ის რაც ხდება დღეს სირიაში, ერაყში და სხვა ასეთ რეგიონებში, რასაკვირევლია, საფრთხის შემცველია მთლიანად მსოფლიო მშვიდობისთვის. აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუნდაც, რაიმე პროგნოზების გაჟღერებისას. ვგულისხმობ გავლენიანი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსების განცხადებებს. მაქვს საფუძველი ვივარუდო, რომ გავა ხანი და ის ვერაგული ქმედებები, რასაც ადგილი აქვს ერაყში და სირაში, შეიძლება გადმონაცვლებულ იქნას კავკასიისკენ.
ამ პროცესის მიმართ რა მზადება აქვს ჩვენს ქვეყანას? ცნობილია, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული სირიის კონფლიქტში...
– საქართველოს მასშტაბით 50 მებრძოლი შეიძლება სერიოზული ციფრი იყოს, მაგრამ არა მთლიანად დედამიწის მასშტაბით. ის, რომ ახალგაზრდები ირჩევენ ასეთ გზას, საკმარისია ჩვენი თვითგვემისთვის. ჩვენი ბრალია, რომ ახალგაზრდებს სხვა უკეთესი ალტერნატივა არ გავუჩინეთ საკუთარ მიწა–წყალზე. რატომღაც ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. გასული წლის მაისში ბატონმა ჰენრი კისინჯერმა ასეთი რამ თქვა: აშშ უკრაინაში უნდა გადავიდეს სტრატეგიული თავდაცვის რეჟიმში და სამაგიერო დარტყმა მივაყენოთ რუსეთს კავკასიიდან, გულისხმობდა ჩრდილოეთ კავკასიას.
ამ განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი და მისივე ინიციტივით შეიქნმა რუსეთის სამინისტრო ჩრდილო კავკასიის საკითხებში...
– დიახ და მინისტრად დაინიშნა მოქმედი გენერალი. ასეთი ნაბიჯები შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს განმარტებული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს გარკვეული კატალიზატორი იმ ხელშეკრულებებისა, რომელიც უკანასკნელ ხანებში დაიდო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სომხუმთან და ცხინვალთან. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს ნაბიჯი წინმსწრებად იყო გადაგმული იმისათვის, რომ სტრატეგიული პოზიცები უფრო მარტივად შენარჩუნებადი გამხდარიყო რუსეთის ჯარისთვის, თუკი ამის საჭიროება იქნებოდა.
როგორ ფიქრობთ, ტერორიზმის საფრთხე ემუქრება საქართველოს? ფაქტია, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი აქვს საქართველოშიც, რომელიც ხშირად ხელოვნურად არის გამოწვეული...
– რასაკვირველია, ეს არ გახლავთ უმნიშვნელო გამოწვევა. ჩემი აზრით, ის, რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი ვერ გარკვეულა რა განსახვავებაა ტრადიციულ ისლამსა და ნეოვაჰაბიზმს შორის, ცხადია ვნების მომტანია ქვეყნითვის. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს რელიგიური განათლების კერები არა მხოლოდ კონკრეტულად ამ მიმართულებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, არამედ ზოგადად მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მუშტი–კრივით. იქ, სადაც არის მუშტი, გონს ძალიან მოკრაძალებული როლი გააჩნია.
უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი მოკრძალებული იყოს. ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს საპროტესტო აქციები, თუ რაიმე ტიპის განცხადებები, უნდა ემყარებოდეს რეალობას და ღრმა ცოდნას იმ გრძნობიერი თემისა, რასაც ჰქვია რელიგიური განსხვავებები, თორემ, საკუთარი უმეცრების გამო, შეიძლება უსინდისოდ ვიყოთ ჩათრეული რაიმე ასეთ რელიგიურ პროვოკაციაში.
არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მიმართ პრეტენზიები გააჩნდეთ ისეთ ექსტრემისტულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომლებსაც ასეთი უკიდეგანო ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ცივილიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ თავად საკუთარ თავში ვერ მოვიძიეთ ძალა და ვერ დავსაჯეთ ის დამნაშავენი, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად მზად იყვნენ გაენადგურებინათ უდანაშაულო მუსულმანები.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულებს გულისხმობთ?
– რასაკვირველია. არაერთი დოკუმენტური მუქარა გაჩნდა საქართველოს ყოფილ ხელისუფალთა მიმართ და ვწუხვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც შეიძლება მოაზრებული იქნას წინა ხელისუფლების თანამზრახველად ამ საკითხში. ჩვენ მოწმენით ვართ, რომ ვიღაცამ 2013 წლის აპრილის შემდეგ ბატონ ივანიშვილს აუკრძალა ამ თემის გამოძიება, სხვაგვარ ახსნას ვერ ვპოულობ. ვუყურე რა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აპრილის თვეში, მანამდე შს ყოფილი მინისტრის ღარიბაშვილის ოპტიმისტურ განცხადებებს, ვაცნობიერებ შედეგს, რომელიც მხოლოდ თუ გაამწვავებს ამ კუთხით გამოწვევებს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ამ შედეგებს რატომ ვერ აცნობიერებს ხელისუფლება და რატომ ვერ აჩერებს პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინებას?
– კონკრეტულად პანკისის ხეობის მოახლეობის მიმართ, რასაკვირველია, საკუთარი უმეცრებითა და უსინდისობით ერთმანეთს სჯობნიან ჩვენი ყველა ხელისუფალნი. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ იქ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, მათ სიმართლის თქმის უფლება არ აქვთ, რომელიც ძალიან კარგად ესმის თავად პანკისელებს. იქ კითხვები არ არის. იქ არის უბრალოდ მოლოდინი, რომ ერთი მეორეზე გადაბმული ორი მთავრობა როდესმე მაინც გააჟღერებს სიმართლეს იმასთან დაკავშირებით რასაც ჰქვია ე.წ. სპეცოპერაცია ლაფანყურში.
როგორ შეიძლება ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ავიდეს და ილაპარაკოს განათლებაზე, როცა სისხლის სამართლის საქმეც კი არაა აღძრული არა მხოლოდ პანკისელების, არამედ იქ მოკლული ქართველებთან დაკავშირებით. პანკისში არავის სჯერა, რომ ამ ე.წ. სპეცოპერაციაში მოკლული ქართველები მოკლული იქნენ მოწინააღმდეგის ტყვიის მიერ. ძალიან მძიმეა სათქმელად, მაგრამ რაც უფრო დიდხანს იქნება დანაშაულებრივი დუმული ხელისუფლებისგან, მით უფრო გაიზრდება ნაპრალი ქისტებსა და დანარჩენ საქართველოს შორის, მაშინ, როდესაც ქისტებზე მეტი პატრიოტი საქართველოში ძნელად მოიძებნება.