გასული 2014 წელი საკმაოდ დრამატული გამოდგა როკ სივრცისთვის. სამწუხაროდ სახელოვანი მუსიკოსები გამოგვაკლდა, მაგრამ ჟანრის მარადიულობა არაერთმა შემსრულებელმა კვლავაც დაადასტურა შესანიშნავი ალბომებით, რომელთაგან სიმბოლურ ლიდერად ჯეკ ბრიუსის ბოლო - სიცოცხლით აღსავსე ნამუშევარი შეიძლება მივიჩნიოთ.
საოცარია, მაგრამ Silver Rails უკვე ამ ქვეყნიდან სულ მალე გასვლის წინასწარ მცოდნე ადამიანმა ჩაწერა. 70 წლის მუსიკოსმა დისკზე 1969 წლის სადებიუტო ალბომ Songs For A Tailor-ის მსგავსი ახალგაზრდული ენერგიით აღსავსემ იმუშავა.
ჯეკ ბრიუსმა გვერდში მოიხმო შესანიშნავი გიტარისტები რობინ ტრაუერი, ბერნი მარსდენი, ული ჯონ როტი, ფილ მანზანერა; თითქოს მათთან ერთად უფრო მშვიდად იმუშავებდა უკანასკნელ ალბომზე...
Silver Rails-მა, როგორც ჯეკ ბრიუსის აქამდე არცერთმა სტუდიურმა სოლო ნაწარმოებმა, ნათლად ასახა 60-იანებიდან დღევანდლობამდე როკ მუსიკის Cream-ის ჭრილში განვითარების The Long And Winding Road.
ამაში დიდ კომპოზიტორს, მომღერალს ბას გიტარისტსა და პიანისტს ხელი რა თქმა უნდა ზემოთ ნახსენებმა მუსიკოსებმაც შეუწყვეს, რომელთაც ზედმიწევნითი სიზუსტით შეასრულეს გამტარის ფუნქცია, გამოიცნეს რა (დიდი ხნით ადრე) ბრიტანული ბლუზის განვითარების ტენდენციები ჯეკ ბრიუსის ვოკალის 50 წლისთავისთვის...
რატომ დიდი ხნით ადრე? იმიტომ, რომ ნებისმიერი ღრმააზროვანი როკ მუსიკოსი თუ მსმენელი, ყოველთვის ცდილობს წინასწარ განჭვრიტოს მომავალი ალბომების სპეციფიკა.
ამ მხრივ Silver Rails თითქოს ჯეკ ბრიუსის 11 წლის წინანდელ ალბომ More Jack Than God-ის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგან ამ ხნის განმავლობაში Cream-ის ბებერ ლიდერს უკვე აუცილებლად უნდა მოეფიქრებინა წინა ალბომისგან განსხვავებით, ცნობილ მუსიკოსთა ნუსხა, ვინც მას ალბომის ჩაწერაში დაეხმარებოდა.
ჯეკ ბრიუსი შესანიშნავი სელექციონერი რომაა, ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ აბა დააკვირდით, რომ ზემოთხსენებული ოთხეული ინსტრუმენტთან მიდგომით, ფაქტობრივად ავსებს როკ სივრცეს და აქედან გამომდინარე ალბომიც საკმაოდ მრავალფეროვანი უნდა გამოსულიყო.
ული ჯონ როტი ბლუზზე დამყარებული ჰარდ ენდ ჰევის დიდებული წარმომადგენელია, რომლის პერიოდის Scorpions-იც ღრმააზროვნებით გამორჩეულია.
სწორედ მასთან ერთად ჩაწერა გერმანულმა ჯგუფმა 1978 წელს ფანტასტიკური საკონცერტო ალბომი Tokyo Tapes, სადაც ული ჯონ როტისა და რუდოლფ შენკერის ტანდემი ერთ-ერთი საინტერესოა „მხერხავ“ გიტარისტთა შორის.
რობინ ტრაუერი ჯიმი ჰენდრიქსის სკოლის გავლით ბლუზ-როკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის სიღრმისეული ბგერა ადვილად ამოსაცნობია მსმენელისთვის.
ბერნი მარსდენი ჯერ კიდევ Whitesnake-ის სიმსუბუქეს საკმაო სიღრმეს მატებდა და დევიდ კოვერდეილი შემთხვევით არ აკვრევინებდა კონცერტებზე სოლოს Mistreated-ში მას და არა მეორე გიტარისტ მიკი მუდის.
ფილ მანზანერა კი ათწლეულების განმავლობაში ექსპერიმენტატორ მუსიკოსებთან თანამშრომლობითაა დაკავებული და 2006 წლიდან მისი სახელი უპირველეს ყოვლისა დევიდ გილმორის ჯგუფს უკავშირდება.
ალბომის პირველ სიმღერა Candlelight-ში სწორედ ფილ მანზანერა უკრავს და ჯეკ ბრიუსის ტრადიციულ ხედვას საკმაოდ ორიგინალური სოლოთი ავსებს, როგორსაც კლაპტონი ან რომელიმე რომელიმე სხვა ბლუზ გიტარისტი არ შეასრულებდა.
მეორე სიმღერა Reach For The Night მელანქოლიური ძარღვიანი ბლუზია ტენორ საქსოფონსა და კლავიშებზე ყურადღების გამახვილებით. ენერგიულ Fields Of Forever-ში კი აკუსტიკურ გიტარაზე ბრიუსის ვაჟი მალკოლმი უკრავს. სიმღერა ჯეკისათვის დამახასიათებელ მელოდიურ ხაზსაც ინარჩუნებს თავიდანვე მაინცდამაინც სულში ჩამწვდომობით რომ არ გამოირჩევა.
Hidden Cities-ში მოულოდნელად და ლამაზად ჩნდებიან ვოკალისტი ქალები. კვარტეტიდან ერთ-ერთი ჯეკის ქალიშვილია. ული ჯონ როტი კი უბრალოდ სიმღერის „როკულობას“ წარმოაჩენს.
Don’t Look Now ალბომის მეორე სიმღერის Reach For The Night-ის გეზს განავრცობს, უბრალოდ საქსოფონის გარეშე და მალკოლმ ბრიუსის უკვე ლიდ გიტარაზე გამოჩენით.
Sunshine Of Your Love-ის სულისკვეთებით გამსჭვალული Rusty Lady ალბომის „ჰიტურ“ მხარეს წარმოაჩენს. მასში მალკოლმი გიტარის აკომპანემენტს უკრავს, სოლოს კი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით, რობინ ტრაუერი ასრულებს.
Rusty Lady-ს ბალადური ყაიდის Industrial Child მოსდევს, რომელშიც ჯეკ ბრიუსი მარტოა როიალთან. სიმღერის ტექსტი სამყაროს „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მიერ მართვის აბსურდულობასა და უსამართლობას შეეხება.
აი მომდევნო Drone კი სამოციანი წლების Fuzz ბასს Guitar ექსპერიმენტია, თანაც ლიდ გიტარის გარეშე და ძველ დროში შეგნებული „ჩარჩენით“.
შემდეგი თემაა Keep It Down, რომლის ჯეკ ბრიუსის ჩამთრევ ბას გიტარაზე აყოლილი ბერნი მარსდენის ბლუზ-გიტარული დიდებული სოლო კიდევ ერთხელ მეტყველებს ჟანრის უკვდავებაზე.
No Surrender სათაურიდან გამომდინარე ხომ აშკარად ავტობიოგრაფიული გამოდის. ჯეკ ბრიუსის სიმხნევის გამომხატველი კომპოზიცია ალბომის დამაგვირგვინებელი აკორდის ფუნქციას ტვირთულობს და შესანიშნავი ტექსტით გვაუწყებს ჯეკ ბრიუსის ბებერ პარტნიორ - პოეტ პიტი ბრაუნის გასული საუკუნის 60-იანების მუხტს, რომელსაც დღევანდლობამ და ასაკმა, რა თქმა უნდა კიდევ მეტი სიბრძნე შესძინა.
პიტი ბრაუნი ბოლომდე ჯეკ ბრიუსის გვერდზე დარჩა და ნახევარი საუკუნის მანძილზე დიდი მუსიკოსის სიმღერების ტექსტების ავტორად იქცა. No Surrender-ის სიღრმისეულ ბლუზურ სოლოს კი კვლავ ბერნი მარსდენი უკრავს, რომლის 80-იანების დაკვრის ოსტატობას, ბლუზური ელფერი მეტ ხიბლს სძენს.
აღსანიშნავია, რომ ალბომის ბოლო ორი სიმღერა, რომლებშიც სოლოებს ბერნი მარსდენი ასრულებს, ბრიუსის ძველი რეპერტუარიდანაა.
Fields Of Forever კი სამწუხაროდ ჩუმდება იმპროვიზაციულ მომენტში, როდესაც თითქოს უნდა გაგრძელებულიყო ჯაზ როკის, როკ’ნ’როლისა და ბლუზის ნაზავი ხანგრძლივი სოლო, მაგრამ ეტყობა ჯეკ ბრიუსმა სოლო-სიურპრიზი კონცერტებისთვის შემოინახა, რომლებიც აუცილებლად შესრულდება ჯეკ ბრიუსის უახლოესი გარემოცვის მუსიკოსების მიერ მომავალი ათწლეულების განმავლობაში...