რაც დრო გადის, თანდათანობით კლებულობს როკ მუსიკისთვის თავგადაკლული შემსრულებლების რაოდენობა. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ 2014 წელი საკმაოდ მძიმე გამოდგა ამ თვალსაზრისით.
ჯერ იყო და ჯონი ვინტერი გარდაიცვალა, შემდეგ ალბინოს ტეხასელ ბლუზმენს ჯეკ ბრიუსი მიყვა, წლის ბოლო დანაკარგი კი ჯო კოკერია, რომლის ბიოგრაფიაც არაერთ კულმინაციურ მომენტს ითვლის, რამაც შესაძლოა შეცვალა კიდეც როკ მუსიკის მეინსტრიმი.
ჯო კოკერი 1944 წლის 20 მაისს შეფილდში დაიბადა და მოწოდებით მომღერალი, ნახევარი საუკუნის მანძილზე ემსახურა პოპ მუსიკას ყოველგვარი „პაპსავიკობის“ გარეშე, რადგან მისი ხმის ულამაზესი ტემბრი იმდენად მისაღები შეიქმნა ყველასთვის, რომ როდ სტიუარტისა თუ კიდევ სხვა საეჭვო სილამაზის ხმის ტემბრის მქონე ვოკალისტთაგან განსხვავებით, კოკერთან დაკავშირებით გაღიზიანებას არავინ გამოხატავდა.
გასული საუკუნის 60-იანელი მრავალი ბრიტანელი მოზარდის მსგავსად, ჯო კოკერმა მუსიკალური წრთობა ანდერგრაუნდ სცენაზე გაიარა. სასცენო მეტსახელით უენს არნოლდი, ჯო კოკერი თავის თინნეიჯერულ ბენდთან ერთად ასრულებდა ჩაკ ბერისა და რეი ჩარლზის რეპერტუარს, მაგრამ მალე მისმა ინტერესმა როკ’ნ’როლიდან ბლუზზე გადაინაცვლა.
ამგვარად, დაახლოებით 20 წლის ასაკიდან კოკერის კუმირები უკვე ჯონ ლი ჰუკერი, მადი უოტერსი, ჰაულინ ვულფი და ვილი დიქსონი არიან. „ბითლზმა“ და „როლინგ სთოუნზმა“ კი მისი მსოფლმხედველობა უკვე მომავალი როკ მენობისკენ მოაქცია და მალე კოკერი თურმე „ბრიტანული შეჭრის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი უნდა გამხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჯო კოკერის მუსიკალური ცხოვრების გარდამტეხი მომენტი მის შეხვედრას Procol Harum-ის, The Moody Blues-ისა და ჯორჯ ფეიმის პროდიუსერ დენი კორდელთან უკავშირდება.
შედეგად ჯო კოკერის შეფილდურ ბენდში შემდგომში სახელოვანი მისი თანატოლი მულტიინსტრუმენტალისტი ქრის სტეინტონი და პიანისტი ტომი ეირი დარჩნენ და ბენდმაც სახელწოდებით „New Greace Band“ დალაშქრა ლონდონის სახელოვანი Marquee Club, სადაც თვით “ბითლზმა“ ჩააბარა ლონდონური გამოცდა.
მრავალი ბრიტანელი მუსიკოსის მსგავსად, კოკერმა ბედი ოკეანის გაღმაც სცადა, სადაც მის პირველ სინგლს Marjorine - ზომიერი წარმატება ხვდა წილად.
გაცილებით საინტერესო იყო „ბითლზის“ With A Little Help From My Friends-ის ქავერი, რომლის არანჟირებაზეც მუსიკოსმა განსაკუთრებული მგრძნობელობითა და მზრუნველობით დაიწყო მუშაობა.
დღევანდელი გადასახედიდან ამ სიმღერის ვუდსტოკის ფესტივალისეული ვერსია იმდენად გამჯდარია როკ მუსიკის მოყვარულის ყურში და იმდენად მიღებულია, რომ „ეს ასე უნდა იყოს“, რომ ზოგჯერ არ ვფიქრდებით რამხელა შრომა და სიყვარულია ჩადებული ამ სიმღერის კოკერისეულ ინტერპრეტაციაში.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს საფუძვლიანი ბლუზმენური ჭვრეტა, შემდეგ უკვე ეპოქისათვის ალალი მიძღვნა საკუთარი თავისა და ბოლოს კი თვით ლეგენდარული ოთხეულის ისეთი შეცნობა, რამაც მუსიკოსისათვის ალბათ ცოტა არ იყოს საწყენი შეფასება განაპირობა - თითქოს კოკერმა ამით დაიწყო და დაამთავრა და მსგავსი მნიშვნელობისა მეტი არც არაფერი შეუქმნია მთელი მუსიკალური ცხოვრების განმავლობაში...
მეორე მხრივ, თუკი ჟურნალ The Rolling Stone-ის გამოკითხვით ბობ დილანის Like A Rolling Stone მსოფლიოს 500 საუკეთესო როკ ნაწარმოებთა შორის პირველ ადგილზეა, რატომ არ უნდა დავასახელოთ With A Little Help From My Friends-ის ჯო კოკერისეული ვერსია სხვადასხვა შემსრულებლების მიერ 500 საუკეთესოდ არანჟირებულ „ბითლზის“ სიმღერათაგან პირველადგილოსნად!
ფაქტია, რომ ამერიკაში „ბრიტანული შეჭრის“ ერთ-ერთ უმთავრეს გმირად ჯო კოკერი სწორედ ამ სიმღერით იქცა და ვუდსტოკის ფესტივალზე მისი ნომერი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გაცილებით ეფექტური ზოგიერთ უფრო პოპულარულ შემსრულებელთან შედარებით.
ამ ერთმა სიმღერამ ჯო კოკერი იმდროინდელ როკ ვარსკვლავთა შორის დააყენა. აღსანიშნავია, რომ With A Little Help From My Friends-ის სტუდიურ ვერსიაში გიტარის პარტიას ჯიმი პეიჯი ასრულებდა.
სიმღერა 13 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ინგლისის ჩარტებს, ამერიკაში კი „ბითლზის“ ქავერმა მხოლოდ 68-ე ადგილს მიაღწია.
With A Little Help From My Friends-ით აღფრთოვანებულნი დარჩნენ პოლ მაკარტნი და ჯორჯ ჰარისონი. ამიტომაც მეორე სტუდიურ ალბომში Joe Cocker!, მათ ფიანდაზით მიართვეს მომღერალს თავიანთი სიმღერები She Came Through The Bathroom Window და Something.
ვერ ვიტყვით, რომ ეს Abbey Road-ის პოპულარიზაციის მიზნით მოხდა. უბრალოდ ვინ თუ არა ჰარისონმა და მაკარტნიმ შესანიშნავად უწყოდნენ თუ რა უნდა მიეწოდებინათ მომღერლისთვის, რომლის ულამაზესი - ვაჟკაცური ხმის ტემბრი, თურმე მთელი 50 წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნებულიყო და გაეხარებინა როკ მუსიკის მსმენელი არამარტო „ბითლზის“ ქავერებით.
კოკერი არასოდეს ყოფილა დიდი კომპოზიტორი. უბრალოდ ის მღეროდა ყოველთვის გემოვნებით და ჰყავდა საუკეთესო მუსიკოსები. როკ მუსიკის ისტორიაში მან ყველაზე ეფექტურად შეძლო ჟანრობრივად „ბლუზ პოპის“ ჩამოყალიბება. ამაში კი მომღერალს ხელს უწყობდა ვისკი და არამარტო...
სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზით იგი არაერთგზის ჩამოშორებია სცენას და საკვირველია - როგორ შეინარჩუნა მომღერალმა ბოლომდე ხმის ტემბრი, რომელსაც საერთოდ არ უფრთხილდებოდა.
უცნაურია, მაგრამ ჯო კოკერის „კომერციულობის“ გათვალისწინებით, იგი „პაპსავიკი“ არასოდეს გამხდარა. მაშინ, როდესაც თავგადაკლული როკერები Dio, Black Sabbath და Whitesnake გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ზიზილპიპილოვანი არანჟირებებით სარგებლობდნენ, ჯო კოკერმა საოცრად სადა One Night Of Sin ჩაწერა, რომელშიც თითოეული სიმღერა ჰიტია და არავითარ შემთხვევაში გამაღიზიანებელი.
ასეთად დარჩა კოკერი ბოლომდე. მომღერლის შინაგანი ინტელექტი და ღრმა ბლუზურობა აისახებოდა ხმაზე და ხელწერაზე, რომელიც შეუძლებელია, რომ ვინმე სხვა მომღერალში შეგეშალოს...