ირაკლი ღარიბაშვილმა გასული ერთი წელი შეაჯამა, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მთავრობის მეთაური საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისათვის, რისი გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო. პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოციალური პროექტები იქნება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია და სპეციალური სერვისები ექნებათ.
„ბევრი სამინისტროს ბიუჯეტი შეიძლება თავის დროზე დაიგეგმა გადაჭარბებით და ფაქტობრივი შესრულება გამოვიდა, ზოგმა შეიძლება ეკონომიები გააკეთა, თუმცა ამის გამო მინისტრები არ უნდა დავსაჯოთ“, - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა კითხვას - ხარჯვით ნაწილში მეორე წელია ბიუჯეტი ირღვევა, რატომ ვერ ხერხდება კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ეფექტიანი ათვისება და დადგება თუ არა მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი?
„მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ტენდერები ჩავარდა, რაღაც გადაიდო, რაღაც გაიწელა, ეს ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ ბიუჯეტის კორექტირებას არ ვახდენთ, არ გაგვიკეთებია არც გასულ წელს და არც წელს. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული ყველაფერი, იგივე ტენდერებზე, ასევე, არ არის კომპანიები განვითარებული საქართველოში.
ჩვენ არ ვახდენთ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე ტენდერების მიცემას, როგორც ხდებოდა წინა წლებში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის კომპანიები იღებდნენ ამ კონტრაქტებს. ჩვენ ეს მანკიერი პრაქტიკა დავასრულეთ და ახლა ვგეგმავთ კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ტენდერების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამუშაოდ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება. მისივე განმარტებით, მთავრობა დაზარალებულებს მაქსიმუმ თებერვალმდე წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და მათი კომპენსირება.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის განაცხადი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში და რომელიც უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნესებს, ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს უკავშირდებოდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეეებში, რომ იყვნენ მსხვერპლნი წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების. პროკურატურამ დაასრულა ყველა ამ განაცხადის შესწავლა. საქმე, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში პროკურატურამ გასწია, შრომატევადი იყო“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება პრინციპული ისეთ საკითხებში, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები.
„არის ძალიან რთული სიტუაცია. მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში, არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რაც გადმოიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. მე ვგულისხმობ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან შეთანხმების გაფორმებას და ცხინვალთან დაანონსებულ შეთანხმებას.
ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი და არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 2 წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე პრემიერმა პარლამენტთან მიმართებაში მისი ოცნება გაამხილა და აღნიშნა: „შეიძლება მე ვისურვო, რომ პარლამენტში უფრო მეტი ეკონომისტი იყოს“. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება აპირებს, რომ კოალიცია არჩევნებამდე შეინარჩუნონ და არ არის გამორიცხული, ის ამ ფორმით წარსდგეს საპარლამენტო არჩევნებზე.
„ერთ-ერთი სუბიექტი გავიდა კოალიციიდან და იცით მიზეზები ეს რატომაც მოხდა. იმის წინასწარ პროგნოზირება, თავდაცვის სამინისტროში რა დარღვევა მოხდებოდა და ეს რას განაპირობებდა, რთული იყო. ჩვენ არ ვართ წინასწარმეტყველები და მკითხავები, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები. კოალიციები იშლებიან, სუბიექტები გადიან, ახალი სუბიექტები შედიან, ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის ყველგან განახლებადი პროცესი, ეს პოლიტიკაა. კოალიციის მართვა არ არის ერთი პარტიის მართვა. კოალიციური მთავრობა საკმაოდ რთულია. ჩვენ არ გვქონდა ამის გამოცდილება, ჩვენ გვქონდა დიქტატორული რეჟიმი წლების განმავალობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისურვებდა, რომ ზოგიერთი ძალა კრიტიკულ განცხადებას მას შემდეგ აკეთებდეს, რაც საუბარი კოალიციის შიგნით გაიმართება, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს დროსთან ერთად დაიხვეწება.
„ვისურვებდი, რომ საკითხების განხილვა შიგნით ხდებოდეს და თუ ვერ შევთანხმდებით შიგნით, მერე ხდებოდეს ამის საზოგადოებასთან გამოტანა, მაგრამ მე მგონია, რომ ამასაც დრო სჭირდება, დაიხვეწება ყველაფერი. კოალიცია დაიშლება თუ არ დაიშლება, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვქმნით ყველანაირ პირობას, რომ კოალიციაში იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი გარემო. ჩვენ შიგნით გვაქვს სრული დემოკრატია, ყველა სუბიექტს აქვს უფლება გამოთქვას აზრი, გვაქვს დებატები და პოლემიკა. რა თქმა უნდა, რიგ საკითხზე ვთანხმდებით, რიგ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ეს არის ნორმალური და დემოკრატიის მაჩვენებელი. ეს არის ის, რასაც დავპირდით ხალხს, რომ იქნებოდა დემოკრატიული გარემო და ეს უზრუნველვყავით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერი თვლის, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იყო ხარვეზები. თუმცა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ ისევ ხდება უცხოეთში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან დეზინფორმაციის ტირაჟირება.
„ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ალბათ, მარგებელიცაა, რომ შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა საერთო ჯამში, საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყო იქედან გამომდინარე, რომ მოვახერხეთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. რა თქმა უნდა, ეს საგარეო უწყების დამსახურებაც არის და მე ამას არავის არ ვუკარგავ, მაგრამ პირველ რიგში, ესაა მთავრობის კოორდინირებული და არა კონკრეტული მინისტრის მუშაობის შედეგი.
ვიცი, რომ ბევრ ქვეყანაში არის ჩავარდნა, ამას სჭირდება შევსება, ამოწევა - ის რომ ჯერ კიდევ ახერხებენ დეზინფორმაციის გავრცელებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩემთვის ჯერ კიდევ არის გამოწვევა. ეს არის ის, რაც ვერ მოვასწარით, მაგრამ ამას გამოვასწორებთ. იგივე, უკრაინაშიც, შეიძლება, ვაღიაროთ, რომ მეტი აქტიურობა იყო საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ აქტიურობა არ იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია და ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს და საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის, მანამდე მათ ოპონენტებად არ ჩათვლის.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა სექტად და მათი თითოეული ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს არეულობის ფონის შექმნა საქართველოში. ამისთვის მათ აქვთ ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა ტელევიზია. რაც შეეხება იმას, რამდენად სწორად იქცევიან ხელისუფლების წარმომადგენლები როცა ოპონირებას უწევენ ასეთ უპასუხისმგებლო ძალას, ვთვლი, რომ ისინი საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ მათთან ოპონირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის ერთადერთი საზრუნავია, საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა - პასუხისმგებლიანი ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, არის ურთულესი ვითარება რეგიონში, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და სააკაშვილს ერთადერთი საზრუნავი აქვს - მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეირაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. აი, ეს არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ადგილი აქვს ჯარისკაცებისადმი მტრულ, მოღალატეობრივ საუბრებს, როდესაც ხდება ჯარისკაცებისადმი პირდაპირი მოწოდება დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და მონაწილეობა მიიღონ უკრაინის საომარ მოქმედებებში. პრემიერის განცხადებით, ქართული სახელწიფო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისგან გამიჯნულია და უკრაინისადმი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.
„არავითარ სამხედრო დახმარებაზე საუბარი არ არის და, რა თქმა უნდა, ვართ გამიჯნული. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს - მიდიოდა პირადი მოლაპარაკებები, რომ მათ დათმონ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, რადგან იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისაკენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამას ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მონაწილეობა, ჩართულობა, დახმარება, მხარდაჭერა უკრაინისადმი შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, ისევე როგორ ყველა ევროპული სახელმწიფო და მთელი მსოფლიო, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისგან არის გამიჯნული.