ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიასთან პოლიტიკოსის გაკარება არ შეიძლება.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რასაც წლებია ვამბობ – პოლიტიკოსის გაკარება ტელევიზიასთან არ შეიძლება და პოსტულატი, რომ "ყველასგან ავიღებთ ფულს, ოღონდ არაფერი მოგთხოვონ", არის სასაცილო. ფულს ტყუილად არავინ იძლევა, მით უმეტეს პოლიტიკოსები. მე ეს ყოველთვის ვიცოდი და თუ მამუკა ღლონტმა არ იცოდა და ახლა აღმოაჩინა, მით უარესი მისთვის", - განუცხადა ჯანგირაშვილმა "ინტერპრესნიუსს.
მისივე განმარტებით, კიწმარიშვილის "მაესტროში" შესვლის ფაქტი მიუღებელია, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველაფერში დამნაშავე, რაც ტელეკომპანიის ირგვლივ ხდება, სწორედ მამუკა ღლონტია.
"სამართლებრივ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ჟურნალისტებს არ აქვთ მუშაობის საშუალება და ეს არის ჩემთვის მთავარი. ტელეკომპანიებს "კავკასიას" და "მაესტროს", სახელისუფლებო არხებს ეს არ აწუხებთ, საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ხალხს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ყველა, ვინც ამ პროცესს უშლის ხელს, ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია, იქნება ეს მამუკა ღლონტი თუ ეროსი კიწმარიშვილი. რასაც კიწმარიშვილი აკეთებს, წარმოუდგენელი და დაუშვებელია, თუმცა ასევე დაუშვებელია ის, რომ კიწმარიშვილს თავიდანვე მიეცა ამის გაკეთების საშუალება. მე ამაში ვადანაშაულებ მამუკა ღლონტს", - აღნიშნა ჯანგირაშვილმა.
ტელეკომპანია "მაესტროს" მაუწყებლობა გათიშულია. დამფუძნებლები და თანამშრომლები ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. შენობაში ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირებთან ერთად რჩება. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აქვთ.