ეროვნული ნევროზის თავისებურებანი

ეროვნული ნევროზის თავისებურებანი

საქართველოს აუცილებლად სჭირდება პანიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სხვანაირად ამ სფეროს ვერ გავაკონტროლებთ. შემდეგ კი, ალბათ, უმაღლეს სასწავლებლებში პანიკოლოგიის კათედრებიც უნდა გაიხსნას. ყოველ შემთხვევაში, პანიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

თუ პანიკის შესახებ სახელმძღვანელო გამოიცემა, წინასიტყვაობა აუცილებლად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა უნდა დაწეროს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ფრინველის გრიპით" საქართველოს მოსახლეობის მესამედი "გაწყვიტა". ჭიპაშვილის "საქმე", როგორც იტყვიან, ღირსეულად გრძელდება.

2008 წლის შემდეგ, ყოველ ზაფხულს ორ რაიმეს ველით - შვებულებას და ომს. მოახლოვდება თუ არა ზაფხული, ქართულ პოლიტიკაში თეთრ იახტასავით შემოცურდება თემა  - იქნება თუ არა ამ ზაფხულს საქართველო-რუსეთის ომის მეორე რაუნდი? საუბრობენ, აკეთებენ აპოკალიფსურ განცხადებებს და შემდეგ, ზაფხულის დასრულებისას, როგორც ერთ-ერთ რეკლამაშია, "მოგვეშვება" ხოლმე.

თუმცა, ბოდიში, ჯერ არ დასრულებულა. მოგეხსენებათ, საქართველოში ამერიკულ თეთრ პეპელასთან ერთად, ექსტრასენსებისა” და მჩხიბავების შემოსევაა. ერთ-ერთმა "ექსტრასენსმა", რომელმაც ტელეშოუში გაიმარჯვა, განაცხადა - ომი რუსეთთან ჯერ არ დასრულებულაო. ჰოდა, დაიწყო ერთი ჰაი-ჰუი მედიის ზოგიერთ საშუალებაში და ინტერნეტფორუმებზე.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც სჩვევია, ორ სკამზე ზის. აქ გვეუბნებიან, რომ არაფერია სანერვიულო, ომის საფრთხე არ არსებობს და უცბად - ბრახ! რომელიმე ქართველი დიდმოხელე, მაგალითად, "უოლ სთრით ჯორნალის" ფურცლებიდან გვეუბნება: "რუსეთი საქართველოს დაპყრობას კვლავ შეეცდება". რას იზამ, ზოგიერთისთვის დასავლური გამოცემის წინა გვერდებზე გამოჩენა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის ნერვებზე თამაში.

სიმშვიდე არც შემოდგომას მოაქვს. "ექსტრასენსებთან" ერთად, ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც რუსეთთან ომის "სეზონის შემდეგ ცხელ შემოდგომას გვპირდება". ამ ყველაფერში უნდა ჩაეკვეხოს ისეთი საშიში ფრაზები, როგორებიცაა: "მასობრივი არეულობა", "დამხობა", "გადატრიალება", "გადმოტრიალება" და სანამ უკვე მეათასედ დავრწმუნდებით, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ჩვენ ჩვენი გვემართება.

ზამთარში უკვე ზოოპანიკის დრო მოდის. ქათმისა და ღორის გრიპები უკვე მოვილიეთ. ამ ზამთარს, ალბათ, ცხენის გრიპი შემოგვიტევს. ყოველ შემთხვევაში, კანადაში უკვე დაფიქსირდა დაავადების ეს სახეობა.

პანიკის შეტევები სოფლის მეურნეობის სფეროსაც აქვს. მაგალითად, ზოგიერთმა ექსპერტმა (საქართველოში ქვა რომ ააგდო, ექსპერტს მოხვდება) გამოგვიტანა ვერდიქტი - პური 2 ლარამდე გაძვირდებაო და მოსახლეობამ სასწრაფოდ დაიწყო ფქვილის მომარაგება.

თუმცა, ყველაზე მაგარი სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის პასუხი იყო: - პური გაძვირდება, მაგრამ ეს კატასტროფა არ იქნებაო. თუ კვეზერელს "კატასტროფის" ნიშნულად ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრა აქვს აღებული, მაშინ სანერვიულო ნამდვილად არის.

პანიკას ვთესავთ რეგიონული მასშტაბებითაც, კერძოდ, როდესაც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სიუჟეტები შემოელევა, აუცილებლად გვაჩვენებენ, მაგალითად, იმერეთის რომელიმე სოფელს, სადაც "უჩინარი არსება" თავს ესხმის ადამიანებს და ქვებს ისვრის. ან კახეთის ერთ-ერთ ტბას, სადაც თურმე ლოხნესელი ურჩხულის ნათესავი ცხოვრობს და ხბოებს ჭამს.

მოკლედ, ერთი კარგი რელაქსაცია მთელ ერს სჭირდება. თორემ, ზოგადქართული ნევროზის აკიდება გარანტირებული გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ ავიკიდეთ.