ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის "დღის წესრიგის" გამო პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო სხდომა ხმაურით დაიწყო.
კომიტეტის სხდომაზე ხმაური ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს ფრაქციის სხდომაზე იყო დაბარებული "ბანკ ქართუში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა იგივე დროს ქადაგიძე არა ფრაქციის, არამედ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მივიდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, ექნებოდა თუ არა გიორგი ქადაგიძეს დღესვე ფრაქციის სხდომაზე მისვლის შესაძლებლობა, თუ თავად ფრაქცია მისულიყო კომიტეტის სხდომაზე და იქ დაესვათ კითხვები.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა და დეპუტატს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მელიქიშვილმა ლორთქიფანიძის განცხადება ცინიზმად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე ნებისმიერ დეპუტატს შეეძლება კითხვის დასმა, ხოლო ვინ და რა ფორმით დაესწრება ამ კომიტეტს, მისი გადასაწყვეტია.
"ფრაქცია არა, თქვენც ეხლა არმია არ იყოთ", - მიმართა ზურაბ მელიქიშვილმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც საბოლოოდ განცხადების დასრულების შესაძლებლობა არ მიეცა და მიკროფონი გამოურთეს. ლორთქიფანიძეს ასევე ხმამაღალი შეძახილებით გამოეხმაურნენ უმრავლესობის წევრები.
მიკროფონის გამორთვის შემდეგ კი დიმიტრი ლორთქიფანიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა.