შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას. ახალგაზრდობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ამჯერად შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძემ სტუდენტებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენებაც გაიმართა. რგოლების მიზანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სტუდენტებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესულ ცვლილებებზე. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.