შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის ჩემპიონი გახდა

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის ჩემპიონი გახდა

შსს-ს ძიუდოს სპორტულმა კლუბმა 18-20 დეკემბერს, ჰოლანდიაში გამართულ ტურნირში, სადაც ევროპის ძიუდოისტთა საუკეთესო გუნდი უნდა გამოვლენილიყო ,გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის "Figther Tbilisi"-ის ძიუდოისტებმა ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად იასპარეზეს და საბოლოოდ გუნდური პირველი ადგილის მოპოვება შეძლეს.ევროპულ სარბიელზე ეს მათი პირველი გამოსვლა იყო.ამ გამარჯვებით ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის ოქროს ლიგაში გადაინაცვლებენ და მომავალ წელს კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს.ძიუდოს სპორტული კლუბი თბილისში დღეს 23:00 სთ-ზე ბრუნდება.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბისთვის ჰოლანდიაში მიღწეული შედეგი მეორე დიდი გამარჯვებაა. ცოტა ხნის წინ ქართულმა კლუბმა იაპონიაში გამართულ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.ქართველ ძიუდოისტებს ჰოლანდიაში გამგზავრებამდე შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა.ძიუდოისტები შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდნენ და ევროპულ სარბიელზე მიღწეული გამარჯვებაც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს.

შს მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“ 2014 წლის მაისში დაარსდა.კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია და ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.