დაცვა, რომელიც ვოლინსკის აგარაკის გარე პერიმეტრს იცავდა, დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორ საათს მორიგეობდა. ასე იყო მე-6 პოსტზეც. იმ ღამეზე მსოფლიოს მრავალ მკვლევარს აქვს წიგნები დაწერილი. ეგოროვი ღამის 12 საათიდან 02 საათამდე მორიგეობაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს პოსტი აგარაკის ყველაზე დიდი სასადილოს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა, სადაც, მიღებული ვერსიის თანახმად, სტალინი გარდაიცვალა.
ამ სათვალთვალო პუნქტიდან მცველებს შეეძლოთ, მეტ-ნაკლებად გაერჩიათ, რა ხდებოდა ოთახში, რადგან იქ ფარდებს არასდროს აფარებდნენ, შუქი კი ყოველთვის ენთო. სწორედ ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება ეგოროვმა. ღამის პირველსა და ორ საათს შორის მასთან დაცვის გამსვლელი ჯგუფის უფროსის პირველი მოადგილე – სტაროსტინი მივიდა და ჰკითხა, იყო თუ არა დიდ სასადილოში მოძრაობა. როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, დაავალა, როგორც კი სტალინს დაინახავდა, ეცნობებინა. ამის შემდეგ ეგოროვს ფანჯრებისთვის თვალი არ მოუშორებია. ოცი წუთის შემდეგ სტაროსტინი კვლავ მივიდა მასთან. ეგოროვმა მოახსენა, რომ არაფერი შეუმჩნევია.
დაცვის უფროსის მოადგილე ნერვიულობდა, რადგან, როგორც წესი, ამ დროს მიჰქონდათ ბელადისთვის ლიმონიანი ჩაი, სტალინი კი არასდროს არღვევდა დღის განრიგს. „არც ვიცი, როგორ მოვიქცე, – დაბნეული ამბობდა სტაროსტინი, – რომ ვეახლო, ამით, შეიძლება, მყუდროება დავურღვიო“, – და ეგოროვს მიუთითა, თუ რამეს შეამჩნევდა, აუცილებლად შეეტყობინებინა. ამის მერე ის აღარ გამოჩენილა. დილით, 2 მარტს, ეგოროვი შეცვალეს. შემდეგ მან 3-დან 4 მარტამდე იმორიგევა და დასასვენებლად სახლში წავიდა.
მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რადიოში მოისმინა, რომ 1-დან 2 მარტამდე სტალინმა აპოპლექსიური დარტყმა მიიღო, მძიმე მდგომარეობაშია და მის გადასარჩენად ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ. ასე რომ, მცველმა, რომელიც 1-დან 2 რიცხვამდე სასადილოდან 10-15 მეტრ მანძილზე მორიგეობდა, სტალინის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ რადიოთი გაიგო. ბუნებრივია, მაშინ ამას ვერავის მოუყვებოდა.
ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 58 წლის წინათ, 1953 წლის 1 მარტს, ვოლინსკის აგარაკზე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა აპოპლექსიური დარტყმა მიიღო, რისგანაც გარდაიცვალა. თუმცა, ადამიანისგან, რომელიც სტალინის უახლოეს გარემოცვაში იყო, ირკვევა, რომ კრემლის მეპატრონე საკუთარ სიკვდილსაც დაესწრო. გენადი კოლომენცევი, რომელიც ბელადის სიკვდილის ბოლო დღემდე მის აგარაკზე მსახურობდა, ირწმუნება, რომ სტალინი ოთხი დღით ადრე გარდაიცვალა, ხოლო, იმ ოთხი დღის განმავლობაში, რომელიც უამრავ მემუარებსა და ისტორიულ დოკუმენტებშია აღწერილი, სინამდვილეში მისი ორეული კვდებოდა, რომელიც სპეციალურად „მოამზადეს“.
ახლახან ასეთი ვერსიის ახალი მტკიცებულებაც გაჩნდა, კერძოდ, პავლე ეგოროვის – სტალინის ერთგული მცველის მოგონებები. თუმცა, ისტორიკოსებს დღემდე მაინც არ აქვთ საერთო ვერსია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები იმ დღეებში ბელადის აგარაკზე, ვინ გარდაიცვალა იმ ღამეს – სტალინი თუ მისი ორეული. „კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩემი მონათხრობი გადაატრიალებს საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებას ამ ისტორიული ეპიზოდის შესახებ, – ამბობს პავლე ეგოროვი, – მაგრამ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ, რაც დაფარულია, უნდა გამოაშკარავდეს“.
პავლე ივანეს ძე ეგოროვი დაიბადა მოსკოვში 1926 წელს. უშიშროებაში მუშაობდა 1947 წლის ოქტომბრიდან 1951 წლის სექტემბრამდე, სტალინის დაცვაში. 1952 წლის შემოდგომიდან 1953 წლის ავად სახსენებელი მარტის მოვლენებამდე, თავისუფალი მიმოსვლის უფლების მქონე იმ 24 ოფიცერს შორის იყო, რომლებსაც ბელადი სიცოცხლეს ანდობდა. შემდგომში იცავდა საბჭოთა თუ უცხოელ ლიდერებს: მარშალ ტიტოს, გომულკასა და მორის ტორეზს. სამსახური დაამთავრა პოლიტბიუროს წევრის, უშიშროების მინისტრის – შელეპინის პირად მცველად...
დავუბრუნდეთ ისევ აგარაკის დიდ დარბაზს, სადაც სტალინი გარდაიცვალა: ვთქვათ, სტაროსტინს შეეძლო, ბერიასთვის, მალენკოვისა და ხრუშჩოვისთვის 2 მარტის ღამის 2 საათისთვის დაერეკა. როცა მან აგარაკის კომენდანტის მოადგილე ლიგაჩოვთან ერთად გადაწყვიტა სტალინთან შესვლა და მომხდარი ამბავი შემდეგ შეიტყო, მაშინ, როგორ შეიძლება, სტაროსტინს მანამდე არაფერი სცოდნოდა სტალინის ჯანმრთელობის შესახებ?!
ეგოროვის ვერსიამდე ითვლებოდა, რომ სტაროსტინმა ბერიას 1 მარტს 11 საათზე დაურეკა. ამასთან, ბერია, მალენკოვი, ხრუშჩოვი და ბულგანინი, სწორედ ეგოროვის არყოფნის დროს, ღამის 2-დან 4 საათამდე მოვიდნენ? ისინი უნდა გამოჩენილიყვნენ დიდ სასადილო დარბაზში, რომელიც ყოველთვის განათებული იყო, სადაც ვითომდა კრემლის ავადმყოფი მეპატრონე პატარა სასადილოდან გადმოიყვანეს ტახტზე.
იყო კი ის სტალინი? რატომ უპასუხა სტაროსტინს ბერიამ, როცა დაურეკა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა? თუ პოლიტბიუროს წევრები 2-დან 4 საათამდე მოვიდნენ და წასვლაც მოასწრეს, გამოდის, რომ აგარაკზე ჩუმად შეიპარნენ, ქურდებივით, ისე რომ გარე პერიმეტრის დაცვის ოფიცრებმაც კი ვერ შენიშნეს, რაც გამორიცხულია მათი ჩვეულებრივი, ნორმალური ვიზიტის შემთხვევაში; მით უმეტეს, თუ სტალინი ცუდად იყო, რატომ გაიგეს მომაკვდავ მდგომარეობაში მისი ყოფნის შესახებ მცველებმა რადიოდან და გაზეთებიდან?
მაიორი ორლოვი აცხადებს, რომ პოლიტბიუროს წევრებმა სტალინი მანამდე იპოვეს გარდაცვლილი. მივყვეთ მოვლენებს: 6-დან 8 საათამდე ეგოროვი ისვენებდა, ხოლო 8-დან 10 საათამდე, იმის გათვალისწინებით, რომ მარტის ამ პერიოდში გათენებულია და რამის დანახვა შეუძლებელია თუნდაც ახლო მანძილიდან, გამოდის, რომ სწორედ ამ დროს შეცვალეს ორეული სტალინით. პავლე ეგოროვი აშკარად ობიექტურია თავის მსჯელობებში. მას არც იმ ვერსიის სჯერა, რომ პოლიტბიუროს შეთქმული წევრები მშვიდად უყურებდნენ, თუ როგორ ღაფავდა სულს ბელადი და არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
ის ფიქრობს, რომ სტალინი მანამდე მოკლეს ფიზიკური ზემოქმედებით, რათა მისი სიკვდილი მომენტალურად დამდგარიყო, ხოლო ავადმყოფი, რომელიც მისი ორეული იყო, მართლაც უპატრონოდ ჰყავდათ მიგდებული. ამ ვერსიას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ბელადის ავადმყოფობის შესახებ დაცვის წევრებმა ოფიციალურად მხოლოდ 4 მარტს შეიტყვეს საინფორმაციო წყაროებიდან. ვინ დაასაფლავეს სტალინის ნაცვლად ან როდის შეცვალეს მიცვალებულები, არავინ იცის, მაგრამ, ფაქტია: ორი სტალინი მავზოლეუმში არავის უნახავს სწორედ იმის გამო, რომ აშკარად იკვეთება წინააღმდეგობრივი არგუმენტები სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით. სტალინისტები კატეგორიულად ითხოვენ ბელადის ნეშტის ექსჰუმაციას ამით, მათი აზრით, ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა.