საქართველოს ნაკრების მცველის კახა კალაძის მომავალი კარიერა ჯერაც გაურკვეველია. ტრავმებითა და მწვრთნელის უნდობლობით ჩაგდებულმა სეზონმა ფეხბურთელი საგონებელში ჩააგდო.
მართალია, ლეონარდომ უკვე დატოვა "მილანის" თავკაცის პოსტი, მაგრამ რამდენად გამოუცხადებს ნდობას ქართველ ფეხბურთელს ახალი დამრიგებელი, არავინ იცის. ამასობაში, კახას გადაბირების მსურველი კლუბები დროდადრო აქტიურობენ და ცდილობენ ის თავიანთ რიგებში იხილონ.
მიუხედავად იმისა, რომ კალაძე 32 წლისაა, მას კოლოსალური გამოცდილება აქვს დიდ ფეხბურთში და ყველასთვის კარგი შენაძენი იქნება. იტალიური პრესის ცნობით, კალაძესთან მოლაპარაკება "პარმამ" სცადა, მაგრამ ფეხბურთელთან ხელფასზე ვერ შეთანხმდა.
კალაძე "მილანში" 3,5 მილიონ ევროს იღებს და "პარმამ" კი 500 ათასი შესთავაზა, რაზეც კახასგან უარი მიიღო. "პარმას" გარდა კალაძის შეძენის მსურველ კლუბებს შორის სახელდებიან "ნაპოლი", "ფიორენტინა" და "ზენიტი".