კეზერაშვილი ისრაელში გადაბარგდა

კეზერაშვილი ისრაელში გადაბარგდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა მოაწოდა და აქვე დასძინა, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ფინანსური პოლიციის ექსხელმძღვანელს ფინანსურ ბერკეტებზე გარკვეული გავლენა შენარჩუნებული აქვს.

ინფორმაციას სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაურიც ადასტურებს. ჩვენ შევეცადეთ ინფორმაცია თავად კეზერაშვილთან გადაგვემოწმებინა, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

"როგორც ვიცი, ისრაელში გადავიდა საცხოვრებელად. ჩემი ინფორმაციით, ის სამუდამოდ წავიდა საცხოვრებლად და სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით," - აღნიშნა გიორგი მელითაურმა.

როგორც ცნობილია, კეზერაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის. მისი მშობლები დიდი ხანია, რაც ისრაელში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ნაწილმა კი ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. ერთადერთი, ვინც ჩვენს კითხვას უპასუხა, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაურია, თუმცა ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სად იმყოფება კეზერაშვილი და წავიდა თუ არა ის საქართველოდან. "არ ვიცი, შევეცდები, რომ გავარკვიო. რაღაცა დრომდე გავიგებ ამას“.

ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, კეზერაშვილის საქართველოდან წასვლის მიზეზი ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა გახდა, რომელიც საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს იძიებს. როგორც გამოძიებით ირკვევა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები 2008 წელს ისრაელიდან იარაღის შესყიდვას კორუფციული გარიგებებით ახორცილებდნენ.

სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე კეზერაშვილის საქართველოდან წასვლას.

"ფაქტია, რომ ის სასამართლო პროცესი, რომელიც იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით ტარდება აშშ-ში და სადაც საუბარია საქართველოს ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაზე, ბევრ ქართველ მაღალი რანგის მოქმედ თუ ყოფილ მოხელეს მშვიდი ძილის საფუძველს არ აძლევს.

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმოვანებს, ვის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ხელისუფლებიდან, არადა ასეთი გამოძიება რომ მიმდინარეობს ეს ცალსახაა და ეს შეიძლება ბატონი კეზერაშვილიც იყოს. შეიძლება ამას უკავშირდებოდეს ბატონი კეზერაშვილის წასვლა საქართველოდან. ისრაელის კანომდებლობით, ისრაელის მოქალაქის უცხოეთზე გადაცემა, მათ შორის - აშშ-თვის, შეუძლებელია," - აცხადებს კახა კაციტაძე.

კეზარაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ლევან ვეფხვაძეს: "ეს ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ის სკანდალი, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს, ფაქტია, რომ კეზერაშვილის პერიოდს უკავშირდება. ის არის ისრაელის მოქალაქე და ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით ისრაელი ძალიან აქტიურად მფარველობს საკუთარ მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში თუ მისი დევნის საკითხი დადგება, ისრაელის მოქალაქეობა მას დაიცავს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ვეფხვაძემ.