ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს 2 მილიარდ დოლარად გაყიდის

ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს 2 მილიარდ დოლარად გაყიდის

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა ამჯერად გამოცემა „ბლუმბერგის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. ვრცელ სტატიაში ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებსა და ბიზნესკაპიტალზეა საუბარი.

მასალის ავტორი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საკითხზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელ სვანტე კორნელს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე მისი გამოუცდელობის გამო, შეიძლება შეზღუდული აღმოჩნდეს.

"დღემდე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილის ქმედებებს უფრო ემოციები მართავს, ვიდრე კარგი დაგეგმვა... ვფიქრობ, მთავრობის რეაქცია მისი პოლიტიკაში გამოჩენის გამო გადამეტებული იყო", – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

მისივე აზრით, ივანიშვილის მიერ პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობა პოზიტიურია.

გარდა ამისა, სტატიის ავტორი ქართველი მილიარდერის ბიზნესკაპიტალზეც წერს და ყურადღებას რუსული აქტივებზე ამახვილებს. „ბლუმბერგის“ - ის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსული აქტივების გაყიდვას 2 მილიარდ დოლარად გეგმავს.

„55 წლის ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალმა „ფორბსმა“ მარტში 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, მოსკოვში საკუთარი აქტივების ("რასიისკი კრედიტ ბანკ"-სა და აფთიაქების ქსელ "დოქტორ სტოლეტოვ"-ში, ასევე სამშენებლო და სასოფლო სამეურნეო ბიზნესებში საკუთარი წილის) 2 მილიარდ დოლარად გაყიდვას აპირებს.

ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაბმას და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. რუსეთთან კავშირი შესაძლოა, მას ტვირთად ექცეს, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს ხუთდღიანი ომი გაჩაღდა", - ნათქვამია სტატიაში.